მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო სესხის ზღვარი იპოთეკური მსესხებლების და SME ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება - უტიაშვილი

დავით უტიაშვილი

ეროვნული ბანკის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებით, 2027 წლის პირველი თებერვლიდან ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელთაც შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში აქვთ, სავალუტო სესხის აღების მინიმალური ზღვარი სადღეისოდ არსებული 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით უტიაშვილის განცხადებით, ცვლილება ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში მსესხებელთა სავალუტო რისკებისგან დაცვის ამაღლებისკენ არის მიმართული.

„ლარიზაციის ტენდენციებს სტაბილურად მზარდი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ვხედავთ, რომ უცხოური ვალუტის გარკვეულ სეგმენტებში სესხები კვლავ გაიცემა რისკებისგან დაუცველ მსესხებლებზე. შესაბამისად, ეროვნული ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გავზარდოთ ზღვარი რისკებისგან დაუცველი მსესხებლებისთვის. ამით დამატებით დავიცავთ როგორც ამ სეგმენტში არსებულ იპოთეკურ მსესხებლებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს“, - აღნიშნა მან.

უტიაშვილის ინფორმაციით, საბანკო სექტორის მდგომარეობა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე შეფასდა და კომიტეტის გადაწყვეტილებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელი დარჩა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექტორი მდგრადია, აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, აქტივების მაღალი ხარისხი და ჯანსაღი მომგებიანობა, საკრედიტო ზრდა კი ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერია.

„საბანკო სექტორი არის მდგრადი, აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერი, აქტივების მაღალი ხარისხი და ჯანსაღი მომგებიანობა. საკრედიტო ზრდაც მეტ-ნაკლებად თანაზომიერია ეკონომიკური აქტივობის. შესაბამისად, კონტრციკლური ბუფერის ან სხვა ინსტრუმენტებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ამ ეტაპზე არ ყოფილა“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

2026 წლის პირველი ივლისიდან ამ დრომდე არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტით დაკრედიტების მინიმალური ზღვარი 1 მილიონი ლარი იყო, იქამდე - 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის 1 ივლისამდე 750,000 ლარის ზღვარი მოქმედებდა, კიდევ უფრო ადრე, 2025 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე 500,000 ლარის ზღვარი იყო ძალაში, 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაიზარდა. დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ზღვრის კიდევ 500,000 ლარით ზრდას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები