საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 1,500,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო და ის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
2026 წლის პირველი ივლისიდან ამ დრომდე არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტით დაკრედიტების მინიმალური ზღვარი 1 მილიონი ლარი იყო, იქამდე 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის 1 ივლისამდე 750,000 ლარის ზღვარი მოქმედებდა, იქამდე კი 2025 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე 500,000 ლარის ზღვარი იყო ძალაში. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 500,000 ლარით ზრდას მოიცავს.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისთვის, რათა ქვეყანაში არ დაგროვდეს ჭარბი სავალუტო რისკები.
"ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. ეროვნული ბანკის მიერ თანმიმდევრულად გატარებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკები კვლავ ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 000 000-დან 1 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2027 წლის 1 თებერვლიდან შევა,'- წერს ეროვნული ბანკი.























