მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორი მზად არის პროდუქტების ახლებურად გადასაფასებლად - "საბანკო ასოციაცია" სებ-ის ახალ რეგულაციაზე

ფული

საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის დავით რუსიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საცალო დაკრედიტების კუთხით დაწესებული ახალი რეგულაციები საკრედიტო პორტფელისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტემპზე გარკვეულ გავლენას იქონიებს, თუმცა, საბანკო სექტორი მზად არის პროდუქტების ახლებურად გადასაფასებლად.

როგორც დავით რუსია BMG-სთან აცხადებს, საცალო დაკრედიტებას საქართველოს საბანკო სექტორში ისტორიულად წამყვანი პოზიცია უკავია, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც, დამახასიათებელი ტენდენციაა.

„საკრედიტო პორტფელში საცალო დაკრედიტებას ისტორიულად, პრაქტიკულად, ლიდერის პოზიცია უკავია. თუ აგვისტოს მაჩვენებელს ავიღებთ, დაახლოებით 38.3%-ია. უახლოეს მომავალში არ ველოდით, რომ რაიმე ცვლილება შეეხებოდა საცალო დაკრედიტებას. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა, სავარაუდოდ, გაითვალისწინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები კრედიტზე დაფუძნებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების გატარების შესახებ და რამდენიმე კარდინალური გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს დავით რუსია.

ამასთან, ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეგულაციების ძალაში შესვლის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, რამაც სექტორს ადაპტაციისთვის დამატებითი დრო მისცა.

„ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ ეს ვადა ნოემბრის მაგივრად გადაწია თებერვლამდე, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ. უკვე თებერვლიდან საბანკო სექტორს ექნება საშუალება, ახლებურად გადახედოს პროდუქტებს, ხელახლა გადააფასოს რისკიანობა და შეძლებისდაგვარად, ამ რეგულაციის გავლენა მინიმალური გახადოს თავისი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნავს რუსია.

მისივე განმარტებით, ახალი რეგულაციები პირდაპირ იმოქმედებს ფიზიკური პირების მიერ ასათვისებელ ლიმიტებზე. თუმცა, საბანკო სექტორი ვარაუდობს, რომ ტემპის დროებითი შენელების შემდეგ ბაზარი სტაბილურობას დაუბრუნდება.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვები მსესხებლების გადადინებას ალტერნატიულ, მათ შორის ჩრდილოვან სექტორში, დავით რუსია განმარტავს, რომ ბანკები მაქსიმალურად შეეცდებიან კლიენტურის შენარჩუნებას.

„შესაძლებელია, ნაწილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ან სესხის გამცემ სუბიექტებში გადავიდეს. თუმცა, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი კლიენტურა, რომელიც წლობით გვენდობა და ჩვენთან ერთად იზრდება, დარჩეს ლეგალური ჩარჩოს ფარგლებში. საბანკო სექტორში საკმაოდ მწვავე კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ახალ პროდუქტებსა და სიახლეებს სწრაფად შესთავაზებს მომხმარებელს“, - აცხადებს დავით რუსია.

მისივე თქმით, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობისა და ჭარბვალიანობის შეფასების კრიტერიუმებისთვის უმჯობესი იქნება, უწყებები საშუალო ხელფასთან ერთად, თუ რეგულარულად გამოიყენებენ მედიანური ხელფასის მონაცემებსაც.

„ჩვენი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ მარტო საშუალო ხელფასის მონაცემი კი არ გამოაქვეყნონ, არამედ გამოაქვეყნონ საშუალო მედიანური ხელფასიც. მედიანური ხელფასი უფრო მცირეა ხოლმე, ვიდრე საშუალო ხელფასი და იგი უფრო კარგად პასუხობს და ასახავს მოსახლეობის რეალურ მსყიდველობითუნარიანობას. ამ ორი მონაცემის ურთიერთშედარება უფრო პროდუქტიული და შინაარსობრივი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე ეროვნული ბანკისთვის. შესაძლოა, ეს უფრო მეტად ასახავდეს რეალურ მდგომარეობას და ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ამასაც შევხედოთ. თანაც, ეს ხომ არ არის ბოლო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კიდევ იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალში. საშუალო მედიანური ხელფასი, კი რომელიც ალბათ, სტატისტიკის სამსახურს მოეპოვება, და ჩვენთვისაც ხელმისაწვდომს გახდის, ეს მოგვცემს საშუალებას უფრო შინაარსობრივი და სრული ინფორმაცია გვქონდეს “, - ამბობს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი.

დავით რუსიას შეფასებით, დაკრედიტების შეზღუდვამ შესაძლოა ირიბი გავლენა იქონიოს ეკონომიკის სხვა სექტორების დაფინანსებაზეც, თუმცა ეროვნული ბანკის ნაბიჯები, სავარაუდოდ, გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და მოსალოდნელ რეცესიებზე წინმსწრები რეაგირების პოლიტიკას უკავშირდება.

„საბანკო სექტორი ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა პასუხისმგებლიან დაკრედიტებას. ეროვნულ ბანკთან დიალოგი ღიაა, შევხედოთ, როგორ დაიხურება წელი, როგორ ირეაგირებს პორტფელი და წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ამ საკითხს“, - განმარტავს დავით რუსია.

საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს. ცვლილება შეეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, ანუ PTI-ს, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამჟამად მოქმედი შემოსავლის 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილების მიზანი ჭარბვალიანობის რისკების შემცირება და ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებაა.

ცვლილება იმ მსესხებლებს შეეხება, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა. მათთვის დასაშვები სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური მოცულობა 50%-დან 25%-მდე მცირდება. შესაბამისად, ერთი და იმავე შემოსავლის მქონე პირისთვის ბანკიდან ხელმისაწვდომი სესხის მოცულობა, ფაქტობრივად განახევრდება. ანუ ეროვნული ბანკი 1500 ლარიდან 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს ბანკებიდან ასაღები კრედიტის მაქსიმალურ ლიმიტს უნახევრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები