საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სარეზოლუციო ფონდის პირველი ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის ბოლოსთვის ფონდში 39.1 მილიონი ლარის აქტივებია აკუმულირებული.
ფონდი კომერციული ბანკების შესაძლო კრიზისების მართვისთვის არის შექმნილი და მისი მიზანია, პრობლემური ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსება ისე მოხდეს, რომ შემცირდეს სისტემური რისკები და გადასახადის გადამხდელთა ფინანსური რესურსების გამოყენების საჭიროება. ბანკებს მიერ სარეზოლუციო ფონდში თანხების შეტანის ვალდებულება 2023 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაევალათ.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 3 თებერვლის ბრძანებით, საბანკო სექტორისთვის 2025 წლის საერთო შენატანი 37.8 მილიონი ლარით განისაზღვრა. წლის განმავლობაში ფონდმა ბანკებისგან 34.7 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 3.1 მილიონი ლარი, რომელიც წლის ბოლოსთვის ჯერ კიდევ გადასახდელი იყო, ფინანსურ ანგარიშგებაში კომერციული ბანკების მიმართ მოთხოვნის სახით აისახა.
შედეგად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფონდის აქტივებმა 39.13 მილიონი ლარი შეადგინა. ანგარიშგების მიხედვით, მიღებული თანხების უდიდესი ნაწილი უკვე ინვესტირებულია. კერძოდ, 29.1 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობის ობლიგაციებშია განთავსებული, ხოლო დაახლოებით 7 მილიონი ლარი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო ანგარიშზე ირიცხება. დანარჩენი 3.1 მილიონი ლარი კომერციული ბანკებისგან მისაღები შენატანებია.
სარეზოლუციო ფონდი 2020 წელს შეიქმნა, თუმცა თავდაპირველად განსხვავებული მოდელით არსებობდა, რაც გულისხმობდა, რომ კრიზისის შემთხვევაში საჭირო თანხა დროებითი სახელმწიფო დაფინანსებიდან უნდა მოზიდულიყო. 2023 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებების შემდეგ კი სისტემა შეიცვალა და ბანკებს დაევალათ თანხების წინასწარ დაგროვება, რათა საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსი უკვე ხელმისაწვდომი იყოს.
კანონის მიხედვით, ფონდის სამიზნე მოცულობა დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობის 3%-ია. ამ ნიშნულის მიღწევა 2033 წლამდე, რვაწლიან პერიოდში უნდა მოხდეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლისთვის სამიზნე მოცულობა 302.4 მილიონი ლარით განისაზღვრა. შედარებისთვის, ეს თანხა საქართველოს მთლიანი საბანკო სისტემის აქტივების 0.3%-ს შეადგენს.
ბანკების წლიური შენატანები მათ აქტივების წილსა და ინდივიდუალურ რისკ-პროფილზეა დამოკიდებული და ყოველთვიურად, 12 თანაბარ ნაწილად ირიცხება.
ფონდს ადმინისტრირებას საქართველოს ეროვნული ბანკი უწევს, ხოლო მისი საინვესტიციო მართვა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს აქვს გადაცემული. კანონმდებლობის მიხედვით, ფონდში დაგროვილი თანხები მხოლოდ დაბალი რისკის მქონე აქტივებში შეიძლება განთავსდეს, მათ შორის საქართველოს მთავრობის ფასიან ქაღალდებში, რათა კრიზისის შემთხვევაში რესურსი სწრაფად და უსაფრთხოდ იყოს ხელმისაწვდომი.
ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი ამჟამად სტაბილურია, სესხების დაბალი ვადაგადაცილებით, კარგად კაპიტალიზებული და მაღალი ლიკვიდობის ბუფერებით გამოირჩევა. შესაბამისად, სარეზოლუციო ფონდის შექმნა პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ რომელიმე ბანკის გაჯანსაღების ან რეზოლუციის პროცესის დაფინანსება გახდება საჭირო. შესაბამისად, აღნიშნულის დადგომის შემთხვევაში, საფინანსო სისტემას ექნება დამატებითი ფინანსური ბუფერი და სახელმწიფოს ან სებ-ს არ მოუწევს ამ მიმართულებით ხარჯების გაწევა.




























