საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული $35-მილიონიანი საკრედიტო შეთანხმება რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარედგინა. შეთანხმება ივლისში გაფორმდა და ის სებ-ის ქვეშ კომერციული ბანკების სარეზოლუციო ფონდისთვის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.
პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია კრედიტის სრული პირობები, რომლის თანახმადაც ის აშშ დოლარში არის ნომინირებული, ხოლო მისი საპროცენტო განაკვეთი არის ცვლადი და ის აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ბანკთაშორის განაკვეთზე - SOFR-ზე არის მიბმული. შესაბამისად, ვალის მომსახურებისას, რაც წელიწადში ორი გადახდით განხორციელდება, სახელმწიფო გადაიხდის იმ განაკვეთს, რაც SOFR-ს ექნება, ამჟამად SOFR-ის განაკვეთი 3,98%-ია.
სებ-ის განმარტებით, საკრედიტო ხაზი წარმოადგენს სარეზოლუციო ფონდის დამატებით ფინანსურ დაცვის მექანიზმს იმ პერიოდამდე, ვიდრე ფონდი სამიზნე მოცულობას მიაღწევს. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული რესურსი რეზოლუციის პროცესის დროულ და ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საკრედიტო ხაზის მიზანი მიმდინარე ეტაპზე საბანკო სექტორის დაფინანსება არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომერციული ბანკის რეზოლუციის ან გაჯანსაღების პროცესის დაფინანსების საჭიროება წარმოიქმნება.
სარეზოლუციო ფონდი კომერციული ბანკების შესაძლო კრიზისების მართვისთვის არის შექმნილი. მისი მიზანია პრობლემური ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსება ისე, რომ შემცირდეს სისტემური რისკები და თავიდან იქნეს აცილებული გადასახადის გადამხდელთა ფინანსური რესურსების გამოყენების აუცილებლობა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფონდში კომერციული ბანკების მიერ დაახლოებით 55 მილიონი ლარია მობილიზებული. მოქმედი გეგმის მიხედვით, ფონდის სამიზნე მოცულობამ 2032-2033 წლებში დაზღვეული დეპოზიტების დაახლოებით 3%-ს უნდა მიაღწიოს.


























