საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASP) ლიკვიდაციის წესი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას 27 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული რეგულაცია განსაზღვრავს, როგორ უნდა წარიმართოს პროვაიდერის ლიკვიდაცია რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში და როგორ უნდა მოხდეს მომხმარებლებისა და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება. ბრძანება 2028 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
წესი ვრცელდება იმ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე, რომელთაც ეროვნული ბანკი რეგისტრაციას გაუუქმებს. რეგისტრაციის გაუქმებისთანავე იწყება ლიკვიდაციის პროცესი, რომლის მიზანიც პროვაიდერის აქტივების რეალიზაცია და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. პროცესს ეროვნული ბანკი აკონტროლებს, ხოლო ლიკვიდაციას ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი ახორციელებს.
რეგულაციის მიხედვით, მომხმარებლების კუთვნილი სახსრები, ვირტუალური აქტივები და სხვა ქონება პროვაიდერის სალიკვიდაციო კაპიტალში არ შევა. ასევე, სალიკვიდაციო კაპიტალში არ გაითვალისწინება სტაბილური ვირტუალური აქტივების სარეზერვო აქტივები.
ლიკვიდაციის დაწყებისას პროვაიდერის სახსრებისთვის კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში სალიკვიდაციო ანგარიში გაიხსნება.
ვირტუალური აქტივებისთვის კი ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ერთ-ერთ პროვაიდერთან სპეციალური ვირტუალური აქტივის სალიკვიდაციო ანგარიში გაიხსნება. მასზე განთავსდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პროვაიდერის ვირტუალური აქტივები.
როგორ დაუბრუნდებათ მომხმარებლების ვირტუალური აქტივები ლიკვიდაციის პროცესში მყოფი VASP-დან
წესის მიხედვით, ლიკვიდატორი მომხმარებლების ვირტუალური აქტივების გადასატანად საქართველოში მოქმედ ყველა შესაბამის პროვაიდერს მიმართავს. უპირატესობა მიენიჭება იმ პროვაიდერს, რომელიც მომხმარებლის ვირტუალური აქტივების მთლიანი მოცულობის მიღებას შეძლებს და შენახვა/ადმინისტრირების მომსახურებას საკუთარ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს.
ამასთან, გადასატანი ვირტუალური აქტივების ღირებულება მიმღები პროვაიდერის აქტივების 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
თუ ვერცერთი პროვაიდერი ვერ მიიღებს მომხმარებლების ვირტუალურ აქტივებს, ან მხოლოდ მათი ნაწილის მიღებაზე იქნება თანახმა, შესაბამისი აქტივები მომხმარებლებს დაუბრუნდებათ. თუ დაბრუნება შეუძლებელი იქნება, მათ შორის, მფლობელის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, დარჩენილი აქტივები ფიატურ სახსრებში გადაიცვლება და საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი აქტივების ანგარიშზე გადაირიცხება.
მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია როგორც ფიატური სახსრებით, ისე ვირტუალური აქტივით, ლიკვიდატორსა და მომხმარებელს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორმა ასევე უნდა გადაამოწმოს, ხომ არ არის პირი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქცირებულთა სიაში.
ლიკვიდატორის უფლებამოსილებები
ლიკვიდაციის დაწყებისთანავე პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების უფლებამოსილებები წყდება და მათ უფლებამოსილებებს ლიკვიდატორი იძენს. მას შეუძლია წარმართოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაასრულოს სასამართლო და საარბიტრაჟო დავები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ახალი გარიგებები დადოს.
ლიკვიდატორს შეუძლია პროვაიდერის აქტივების, გარდა ვირტუალური აქტივებისა, საჯარო ელექტრონულ აუქციონზე გაყიდვა. აქტივები დამოუკიდებელმა აუდიტორმა უნდა შეაფასოს. პირველ აუქციონზე აქტივის ვერ გაყიდვის შემთხვევაში განმეორებით აუქციონზე საწყისი ფასი შესაძლებელია პირველი აუქციონის ფასის არანაკლებ 75%-ით განისაზღვროს, ხოლო შემდგომ აუქციონზე — პირველი აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ით.
ლიკვიდატორის კანდიდატს ეროვნული ბანკი ირჩევს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება და საფინანსო ან ვირტუალური აქტივების მომსახურების სექტორში მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. გარკვეული მძიმე და ეკონომიკური დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირი ლიკვიდატორად ვერ დაინიშნება.
სტაბილური ვირტუალური აქტივების შემთხვევაში
ცალკე წესებია განსაზღვრული სტაბილური ვირტუალური აქტივების ემიტენტის ლიკვიდაციისთვის. ასეთ შემთხვევაში სარეზერვო აქტივები დროებით დაიბლოკება და მათი გამოყენება მხოლოდ სტაბილური ვირტუალური აქტივების მფლობელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იქნება შესაძლებელი. ისინი სალიკვიდაციო მასაში არ შევა.
ლიკვიდაციის შემთხვევაში სტაბილური ვირტუალური აქტივების ახალი გამოშვება უნდა შეწყდეს, უნდა განისაზღვროს მიმოქცევაში არსებული აქტივების მოცულობა და შედარდეს სარეზერვო აქტივებთან. მფლობელთა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სარეზერვო აქტივებიდან ან მათი რეალიზაციით მიღებული ფიატური სახსრებიდან, ხოლო სხვა კრედიტორების მოთხოვნები — ემიტენტის საკუთარი აქტივებიდან.
ახალი წესის ამოქმედების თარიღად 2028 წლის 1 სექტემბერი არის განსაზღვრული.




























