საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი - „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ - Nasdaq Calypso-ს საერთო პლატფორმას დანერგავს.
ეროვნული ბანკის ცნობით, პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ეგიდით, „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის“ (GMAP) ფარგლებში. Nasdaq Calypso წარმოადგენს საერთო ინფრასტრუქტურულ სისტემას, რომელიც საბანკო სექტორს სავაჭრო ოპერაციების სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას მისცემს.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ხუთი ბანკის მიერ ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადასვლა საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტში მონაწილე ბანკები ქვეყნის კომერციული საბანკო სექტორის აქტივების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ.
„ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი ხასიათდებოდა ორნიშნა ზრდით, ხოლო საერთო აქტივები 38 მილიარდ აშშ დოლარს უახლოვდება. სექტორის მასშტაბების ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა უფრო კომპლექსურ სახაზინო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების ბაზრების მხარდაჭერა, კორპორაციული დონის რისკების მართვა და საერთაშორისო მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მარეგულირებლის შეფასებით, მსგავსი ინფრასტრუქტურის ცალკეულ ბანკებში დამოუკიდებლად დანერგვა მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და რესურსებს მოითხოვს, ხოლო საერთო პლატფორმის გამოყენება სექტორის მასშტაბით გამოცდილებისა და რესურსების გაზიარების შესაძლებლობას ქმნის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, სახაზინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.
„საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის მაგნუს ჰაგლინდის განცხადებით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურის მოდელს ფინანსური სისტემისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა.
მისი თქმით, საერთო პლატფორმა ინსტიტუციებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ საერთაშორისო გამოცდილება ისე, რომ სრულად არ აიღონ საკუთარ თავზე სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯები, რისკები და ოპერაციული სირთულეები.
საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის, ლაშა ჯუღელის განცხადებით, GMAP-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტი საქართველოს საბანკო სექტორში მრავალწლიანი კოორდინაციის შედეგია.
„Nasdaq-ის გლობალური გამოცდილების დახმარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციური მხარდაჭერით არსებული საზიარო ინფრასტრუქტურისა და პროექტის მართვის დაფინანსების წყალობით, ჩვენი წევრი ბანკები ახდენენ არა მხოლოდ საკუთარი საოპერაციო და ფინანსური ოპერაციების მოდერნიზაციას, არამედ ერთობლივად ზრდიან სახაზინო მართვის სტანდარტს მთელ სექტორში“, — განაცხადა ლაშა ჯუღელმა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Nasdaq Calypso-ს დანერგვა ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებას, ფინანსური ბაზრების გაღრმავებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.




























