2023 წლის 11 თვეში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე რეკორდული 5.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია.
ექსპორტის მატება პირველ რიგში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება, რადგანაც წელს საქართველოდან 1.9 მილიარდი დოლარის ღირებულების 98 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს წინა წელთან შედარებით 155%-ით, ანუ 1.2 მილიარდი დოლარით მეტია.
ავტომობილების რეექსპორტის ზრდის მიუხედავად, შემცირებულია საქართველოს სხვა ძირითადი საექსპორტო საქონლის ექსპორტი, მათ შორის განახევრებულია სპილენძის მადნების ექსპორტი, ხოლო ფეროშენადნობების ექსპორტი 67%-ით არის შემცირებული.
საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი 2023 წლის 11 თვეში:
- მსუბუქი ავტომობილები - 1.94 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 155%;
- სპილენძის მადნები - 472 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 49%;
- ღვინოები - 240 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 3.3%;
- სპირტიანი სასმელები - 177 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 42%;
- ფეროშენადნობები - 148 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 67%;
- აზოტოვანი სასუქები - 147 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 41%;
- მინერალური და მტკნარი წყლები - 122 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16%;
- მედიკამენტები - 109 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11%;
- გაზიანი/შაქრიანი სასმელები - 103 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 35%;
- ელექტროენერგია - 103 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%.
სხვა დანარჩენი საქონელი - 2 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 6%.
საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს აზერბაიჯანი იყო, სადაც 788 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. მეორე ადგილზეა სომხეთი 711 მილიონით (ზრდა 43%), მესამეზე კი ყაზახეთი 649 მილიონით (ზრდა 224%). წელს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველად მოხვდა ყირგიზეთი, სადაც 11 თვეში 628 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ეს წინა წელთან შედარებით 767%-ით მეტია.
ცენტრალურ აზიაში ექსპორტის მატება ავტომობილებით ვაჭრობის სექტორის მკვეთრი ზრდით არის განპირობებული. საექსპორტო რეიტინგში მეხუთე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს 605 მილიონი დოლარით, რუსეთში ექსპორტი წელს 3%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის EU-ს მხოლოდ ერთადერთი წევრი ბულგარეთია, სადაც წელს 249 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა. ეს წინა წელთან შედარებით 37%-ით ნაკლებია.