მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთი ცდილობს შექმნას მითი, რომ მის გარეშე ქართული ბიზნესი ვერ იარსებებს"|ინტერვიუ ანდრო გოცირიძესთან

ანდრო გოცირიძე

უსაფრთხოების სპეციალისტის და „გოცირიძის მეღვინეობის“ დამფუძნებელ ანდრო გოცირიძის შეფასებით, “როსპოტრებნადზორის” მიერ ქართული პროდუქციის ნაწილის აკრძალვა უკავშირდება რუსეთის მხრიდან მორიგ პოლიტიკურ შანტაჟს და ქართულ საზოგადოებაზე “ფსიქოლოგიურ წნეხს”. “რუსეთი ცდილობს, მოსახლეობაში დაამკვიდროს მითი, თითქოს ქართული ბიზნესის განვითარება და არსებობა რუსული ბაზრის გარეშე წარმოუდგენელია“, - განაცხადა მან “წერტილთან” ინტერვიუში.

ანდრო გოცირიძე, რომლისთვისაც ღვინის ბიზნესი უცხო არაა, ამბობს, რომ რუსეთის არაპროგნოზირებად და პოლიტიზებულ ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

მისივე აზრით, 2006-2007 წლების ემბარგომ მკაფიოდ აჩვენა, რომ გამოსავალი არა - რუსულ მოთხოვნებზე დაყოლაში, არამედ პროდუქციის ხარისხის ამაღლებაში, ბაზრების დივერსიფიკაციასა და ქართული ღვინის ცნობადობაში მეტი ფინანსური რესურსის დახარჯვაშია.

“სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის ბაზრებიდან [ქართული ექსპორტიორი კომპანიების გამოსვლას] - თქვა ანდრო გოცირიძემ.

10 ოქტომბერს რუსული მედიიდან გახდა ცნობილი, „როსპოტრებნადზორმა“ „სანიტარული მიზნებით“, კერძოდ „ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის“ გამო, დროებით აკრძალა მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“, ასევე - „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ვაინმენის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია. ოფიციალური დოკუმენტი რუსულ მედიაშიც არ გავრცელებულა.

როგორც ცნობილია, ქართული ღვინის ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის - საქართველომ წელს, 8 თვეში, მეზობელ ქვეყანაში 102 მილიონი დოლარის ღვინო გაყიდა.

ვინ ყიდის ქართულ პროდუქციას რუსეთში - BMG-მ რუსეთში ექსპორტიორი TOP-10 კომპანიის სია გამოითხოვა. ექსპორტიორებს შორის ძირითადად ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტიორი კომპანიები გვხვდება - “ბორჯომი”, “ბადაგონი”, “კახური ტრადიციული მეღვინეობა”, “ასკანელი ძმები”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია” და ა.შ.

TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის

2027 წელს, მთავრობა ღვინის პოპულარიზაციისთვის ₾19.5 მილიონს დახარჯავს - ზრდა მხოლოდ ₾1.5 მილიონია

ინტერვიუ ანდრო გოცირიძესთან

- პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ, „როსპოტრებნადზორის“ ბოლო გადაწყვეტილების შეფასება - რუსეთისგან ალბათ მოულოდნელი არაფერია, მაგრამ ეს მორიგი პოლიტიკური გაფრთხილებაა თუ მასშტაბური ეკონომიკური წნეხის დასაწყისი, მით უმეტეს, მოსკოვიდან ხმები მოდის, რომ სანქციები 40-ზე მეტ კომპანიას შეეხება…

- ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ რუსეთის ბაზარი უკიდურესად პოლიტიზებულია - ამაში ახალი არაფერია. ეს საქართველოს, ქართველ მეწარმეებსა და ქართულ სახელმწიფოს არაერთხელ გადაუტანია საკუთარ ზურგზე და არაერთხელ უწვნევია. ის, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი, ქიმიურ-ფიზიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული დავა (რაც, ზოგადად, შეიძლება ნებისმიერ ბაზარზე არსებობდეს), იმითაც დასტურდება, რომ ზუსტად სინქრონულად, იმავდროულად განცხადებას აკეთებს უკიდურესად პრორუსული განწყობების მქონე ბიზნესმენი და პოლიტიკური ელფერის მქონე პიროვნება მამუკა ფიფია… ის ადრეც წინასწარმეტყველებდა ამ ყველაფერს და მისი ძირითადი ხაზიც ამ პერიოდში გახლავთ ის, რომ საქართველო უფრო მეტად უნდა ჩამოეკიდოს რუსულ ეკონომიკას, რუსულ ბიზნესს, რუსულ ფინანსურ ნაკადებს, რუსულ პოლიტიკას და, შეძლებისდაგვარად, მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია აი, ამ რუსულ სამყაროში. რუსეთი, რა თქმა უნდა, არაპროგნოზირებადია იმ თვალსაზრისით, რომ იქ სამართლის ძიებას ან რაიმე არხებით თუნდაც სიმართლის დამტკიცებას არანაირი აზრი არ აქვს. ისიც ილუზიაა, თითქოს „როსპოტრებნადზორი“ დამოუკიდებლად იღებდეს ამგვარ გადაწყვეტილებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველას გვახსოვს 2006-2007 წლებში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური აგრესია. მე შემთხვევით არ ვიყენებ უსაფრთხოების ტერმინებს - არა მარტო იმიტომ, რომ ეს სფერო ახლოს არის ჩემთვის, არამედ ეს ნამდვილად აგრესიაა. ეს გულისხმობს (მაშინ, ყოველ შემთხვევაში, გულისხმობდა) სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრასა და სახელმწიფოს მოხრჩობას პროტესტის ფონზე. იმიტომ, რომ მაშინ საქართველოს ბაზარი და ქართული მევენახეობა უაღრესად დამოკიდებული იყო რუსულ ბაზარზე. საქართველოს სახელმწიფო კი, ტრადიციულადაც და ფინანსური მაჩვენებლებითაც ანუ აღქმების დონეზეც და წმინდა ეკონომიკურადაც - ძალიან არის მევენახეობასა და მეღვინეობაზე დამოკიდებული. თქვენს ტელევიზიაში არაერთ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს ვუსმინე. ავი თუ კარგია (და მე ვთვლი, რომ კარგია), ქართული ღვინო და ქართული მევენახეობა-მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური პარამეტრები - ეს არის სახელმწიფოსთვის გარკვეული იდენტობის მატარებელი. ძალიან შემაშფოთებელია [BMG-ის ინფორმაციაც], რომ ამ ჩვენი იდენტობის ცნობადობის ამაღლებასა და მარკეტინგში 2012-2016 წლებში სულ 130 მილიონ ლარამდე გვაქვს დახარჯული, მაშინ როდესაც სუბსიდირებაზე, რაზედაც არაერთმა ბიზნესმენმა და ამ დარგის მესვეურმა ისაუბრა, გაცილებით მეტი გვაქვს დახარჯული. თანაც, სწორედ იმ მოქმედებაზე, რომელიც ახრჩობს ქართულ მეღვინეობას - ტრადიციულ, ნამდვილად მაღალხარისხოვან მეღვინეობას, რაც პრინციპში წარმოადგენს ქართული მეღვინეობის ნიშას დასავლეთ ევროპაში, შეერთებულ შტატებსა თუ სხვა ბაზრებზე.

- ჩვენ ვნახეთ ბოლო თვეებში განსაკუთრებით ძლიერი რუსული ეკონომიკური წნეხი სომხეთზე, სადაც ხარისხის საბაბით სომხური ღვინო, მინერალური წყლები და ყვავილები აკრძალეს, თუმცა სომხეთს ევროკავშირმა გაუწოდა დახმარების ხელი. ჩვენი მთავრობა კი ვხედავთ, როგორი ნეგატიური ნარატივით გამოირჩევა დასავლეთისა და ევროპის მიმართ და მეორე მხრივ, ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს რუსეთის მიმართ. ამ ვითარებაში, რით შეიძლება აიხსნას რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის ნაწილის აკრძალვა?

- პოლიტიკურად, საღი აზრის მიხედვით, რუსეთს ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი არ უნდა სჭირდებოდეს და საქართველოსთან მიმართებით სიტუაციის გამწვავებაც არ უნდა აწყობდეს, რადგან პრინციპში, მისი შედეგები მიღწეულია იმ თვალსაზრისით, რა კუთხითაც ჩვენ ამას ვხედავთ და რა ინფორმაციაც ამ წუთს გვაქვს; თუმცა, ერთი მხრივ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ხომ არ გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე ნაბიჯები ევროკავშირთან ან შეერთებულ შტატებთან შესაძლო ურთიერთობის დათბობის თვალსაზრისით. მე უბრალოდ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. შესაძლოა, იყო რაიმე სიგნალები, რასაც მოჰყვა რუსული რეაქცია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად სარწმუნოდ მიმაჩნია ის, რომ რუსეთს ახლა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური წნეხი ქართულ ხელისუფლებაზე არ სჭირდება, უაღრესად სჭირდება პოლიტიკური და ფსიქოლოგიური წნეხი საქართველოს მოსახლეობაზე. მას სურს საქართველოს მოსახლეობა და მოქალაქეები დაარწმუნოს იმაში, რომ რუსეთის გარეშე მათი ცხოვრება შეუძლებელია. ასეთი მითი არსებობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის წინა წლებში - თითქოს საქართველო ვერ იარსებებდა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის გარეშე. რუსული პოლიტიკური წნეხი და პოლიტიკური ქცევა მუდმივობით ხასიათდება და ახლაც ზუსტად იგივე ნარატივს ატრიალებს რუსეთი, უბრალოდ სხვა საშუალებებით. ახლა საშუალებები გაცილებით ფართოა, ვიდრე მაშინდელი „ვრემია“ და ის რადიო თუ ტელეგადაცემები, რომლებიც ახალგაზრდობის უმეტესობას არც ახსოვს და დიდად ვერც ცვლიდა მაშინდელ გარემოს. დღეს რუსეთი ცდილობს, საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს იმაში, რომ რუსეთის გარეშე ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია.

- ახლა შეიძლება კახელი მევენახე ან სამეგრელოდან მოცვის მწარმოებელი გვისმენდეს, რომელთა პროდუქციის საბოლოო საექსპორტო ბაზარი რუსეთია და ფიქრობდეს: „აბა, სად გავყიდო ჩემი მოსავალი?“ ან „სანამ იყიდება, რატომ არის ეს პრობლემა?“.. აუხსენით მოქალაქეებს, რატომ არის პრობლემა ის, რომ ქართული ღვინის ექსპორტის 67% დღეს რუსეთზე მოდის და როგორ არის ვაჭრობა რუსეთის ხელში საქართველოს სადამსჯელო ბერკეტი?

- რა თქმა უნდა. ინდივიდუალური მეწარმის, გლეხისა თუ ფერმერის დონეზე, რუსეთის ბაზარი უაღრესად მნიშვნელოვანია და ხელისუფლება ხშირად სწორედ ამ არგუმენტს იყენებს, რომ რუსეთთან ვაჭრობენ ისეთი უზარმაზარი ქვეყნებიც კი, როგორებიცაა ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი (შეერთებულ შტატებზე აღარ მაქვს საუბარი, განსაკუთრებით ბოლოს, დიზელის შეთანხმების ჭრილში), მაგრამ ამ დროს გვავიწყდება, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მასშტაბი და, მეორე მხრივ, ის დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, რომელიც შეიძლება დამღუპველი იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. გერმანიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, მათ სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს საფრთხე ვერ დაემუქრება რუსეთთან ვაჭრობისას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამის რეალური რისკი უბრალოდ არ აქვთ - დიდი ქვეყნებია, ალიანსის წევრები არიან და სხვა თავდაცვითი საშუალებებიც გააჩნიათ; მეორეც, მათ არ აქვთ საერთო საზღვარი ან ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მხრიდან, ამიტომ, არ იქნებოდა სწორი მაგალითი იმის თქმა, რომ „ისინიც კი ვაჭრობენ რუსეთთან“. მეორეც, არავინ ამბობს, რომ რუსეთთან ვაჭრობა საერთოდ არ უნდა მიმდინარეობდეს. საუბარია ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხის შემცირებაზე, ჩვენ კი ახლა ვაკვირდებით, რომ ყველაფერი კეთდება ამ დამოკიდებულების გაზრდის სასარგებლოდ. სხვა შემთხვევაში, სწორედ იმ 2006-2007 წლების მეღვინეობის მნიშვნელოვანი კრიზისის - “რუსული ემბარგოს” შემდგომ, საქართველომ რაღაცნაირად მოახერხა და ევროპულ და დასავლურ ბაზრებზე გავიდა, ხარისხის ზრდის ხარჯზე...

- ბევრ ქართველ მეღვინეს უთქვამს, რომ სწორედ “რუსული ემბარგოს” შემდეგ ვისწავლეთ ხარისხიანი ღვინის კეთებაო...

- ცალსახად ასე იყო! ხშირად მითქვამს, რომ პუტინმა ამ თვალსაზრისით ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართველ მეღვინეებს (არ მინდა, უბრალო ადამიანისთვის ეს ცინიკურად ჟღერდეს). გასაგებია, რომ ყოველი დამატებითი ლარი მათთვის აუცილებელი შემოსავალია შვილების განათლებისთვის, ბიზნესის გაფართოებისთვის თუ ვენახის შენარჩუნებისთვის. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის ბაზარი არის უაღრესად არაპროგნოზირებადი - ან, საქართველოსთვის რომ ვთქვათ, ძალიან პროგნოზირებადი იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი ამას ყოველთვის გამოიყენებს პოლიტიკური მიზნით. პოლიტიკური მიზანი კი, რაც რუსეთს საქართველოს მიმართ გააჩნია, შეუთავსებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობასთან. ის უბრალოდ ცდილობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას. მათ ასეთი ხედვა აქვთ — იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ფობია ჭირს, არამედ უბრალოდ ასეთი ხედვა აქვთ საქართველოს მიმართ. ეს პუტინის პირობებში არ ჩამოყალიბებულა: ზუსტად იგივე ხედვა ჰქონდა, მაგალითად, ერთი შეხედვით დემოკრატ ელცინსაც, რომელსაც მთელი მსოფლიო იმ პერიოდში დემოკრატიის ფორპოსტად აღიქვამდა, მაგრამ საქართველოზე მარტივად მსჯელობდა… ამიტომ, თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენ საქმე გვაქვს უბრალო ადამიანებთან, ხომ?! როგორებიც ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში. მათთვის მართლაც ყოველი 100 ლარი მნიშვნელოვანია და ახლა როგორ უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური მიზნებით პროდუქტი რუსეთში არ გავიტანოთ?! სანამ შესაძლებლობაა, დიახ, უნდა გავიტანოთ, მაგრამ სახელმწიფო სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ, პირველი - ეს დამოკიდებულება შეამციროს და, მეორე - სხვა ბაზრები გამიხსნას, დამეხმაროს პროდუქციის სხვა ბაზრებზე გატანაში. ქართული ღვინის ცნობადობა უნდა გაიზარდოს და თანხები უნდა დაიხარჯოს ხარისხის ამაღლებაში. ყველამ ვიცით მას შემდეგ, რაც, საუბედუროდ, რუსეთის იმპერიის ნაწილი გავხდით, რუსეთის ბაზარზე, ზოგადად რუსულ ბიუროკრატიასა და ჩინოვნიკებში, ყველაფერი იყიდება ქრთამის ფასად. შესაბამისად, იქ მართლაც შეიძლება ყველაფერი გაიტანო და იყიდო სერტიფიკატი, თითქოს მაცოცხლებელი წყალი იყოს (შეიძლება ღვინო საერთოდ არც იყოს). რუსეთში ისეთი ღვინოები, ისეთი „ბორჯომი“ და ისეთი მინერალური სასმელები იწარმოება, რომელთაც ყურძენთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. ცხადია, ასეთი რამ ვერ მოხდება ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე. ამიტომ არის ძნელი იქ შესვლა და დამკვიდრება, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს სახელმწიფო და ამისთვის ვიხდით გადასახადებს - იქნება ეს გლეხი, ფერმერი, ბიზნესმენი თუ მსხვილი მწარმოებელი (მათ შორის, ის პატივსაცემი ქარხნები), რომ სახელმწიფომ სწორედ ეს მოუხერხოს, რადგან ცალკეულად ამ ბაზრებზე შეღწევა, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია.

- მომავალ წელს ღვინის მარკეტინგის ბიუჯეტი მხოლოდ 1.5 მილიონით იზრდება და 19,5 მილიონი ლარი ხდება. “ჭარბი ყურძნის” შესასყიდად კი სახელმწიფო, ყოველწლიურად, ასობით მილიონს ხარჯავს…

- მანდ კიდევ საინტერესოა, რაში დაიხარჯა ეს თანხა.

- რას უნდა აკეთებდეს, დღეს, მთავრობა იმისთვის, რომ კერძო სექტორს რუსული ბაზრიდან თავის დაღწევაში დაეხმაროს - ფაქტია, ამ დიდ ბაზარს, რისკიანობის მიუხედავად, ბიზნესისთვის მიმზიდველობა აქვს…

- ყველაზე დიდი შეცდომა, რაც სახელმწიფოს მხრიდან იქნება, ეს არის რუსულ პოლიტიკურ მოთხოვნაზე დაყოლა, რუსების მიერ ამ ბაზრის ისევ გახსნის საფასურად... დღესდღეობით, აკრძალვა ეხება ბიზნესების მცირე რაოდენობას, მით უმეტეს, მათთვის ეს არ არის ძირითადი სეგმენტი.

- ისეთი კომპანიებია შერჩეული - რუსეთში ღვინის ტოპ-ექსპორტიორებს რომ შევადარეთ, ეს კომპანიები ათეულში საერთოდ არ არიან.

- აბსოლუტურად! მით უმეტეს, „კოკა-კოლას“ შემთხვევაში საერთოდ ნონსენსია… მაგრამ ეს არის სწორედ იმ განწყობების შექმნა ქართულ საზოგადოებაში, რომ: „თუ თქვენ არ მოსთხოვთ თქვენს მთავრობას, ან არ დაეთანხმებით მას რუსეთის მიმართ ლოიალობაში, მაშინ მოგიწევთ ვენახის აჩეხა, მოგიწევთ ევროპისთვის თხოვნა… ამას ხომ შემდგომ მოჰყვება ამგვარი პროპაგანდა: „აბა, შეერთებული შტატები ხომ არ გვიშვებს თავის ბაზარზე, მაშინ გაეკეთებინათ ამდენი ხანი” - აი, ასეთი რაღაცები. ეკონომიკა ხომ არ არის ერთი და ორი დღის საკითხი?! ამიტომ უნდა არსებობდეს ნაბიჯები და გეგმაც უნდა არსებობდეს: იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ასე მოიქცევა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მეწარმეს ეს დანაკარგი… როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა (თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ, 2015-2016 წლებში, თუ არ ვცდები), მაშინ რუსეთმა თურქეთის “მოხრჩობაც” კი სცადა ტურისტული კრიზისით, რადგან ტურისტების ნაკადი აკრძალა. წარმოიდგინეთ თურქეთის ეკონომიკა - თქვენ კარგად იცით, რა მასშტაბებზეა საუბარი საქართველოსთან შეფარდებით: 80-მილიონიანი ქვეყანაა ჩვენი 3.5-5 მილიონის საპირისპიროდ. თურქეთსაც კი, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა ზღვისპირა კურორტებზე რუსი ტურისტების ნაკადის შეწყვეტით. ე.ი. რუსეთში ტურიზმიც კი და დასასვენებლად ზღვაზე წასვლაც კი, პოლიტიზებულია! როგორ შეიძლება ასეთ დროს, დამოკიდებულებიდან ძლივს გამოსული, ისევ შიგნით შედიოდე და ზრდიდე წილს იქ, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ დარგში, როგორიც მეღვინეობაა?! ეს წარმოუდგენელია უბრალოდ. ასე არ უნდა ხდებოდეს. პირიქით, მთავრობა იქ შესვლას კი არ უნდა უწყობდეს ხელს, არამედ იქიდან გამოსვლას.

- ხელისუფლების არგუმენტია, რომ ბიზნესის არჩევანში ვერ ჩაერევა, სად გაყიდოს საკუთარი პროდუქცია - თავად კი, რუსეთში ქართული ღვინის მარკეტინგში ფულს არ ხარჯავს. რა პასუხისმგებლობა აქვს კერძო სექტორს - რატომ ვერ ისწავლა ნაწილმა 2006 წლის ემბარგოს გაკვეთილი

- მთავრობის კარნახზე არ არის საუბარი… ბიზნესის პასუხისმგებლობა საკითხის ცოდნაშია, რაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ბიზნესმენებს აქვთ. მიმდინარე დეკადაში, ბიზნესის წინაშე მდგარ რისკებში, წინა პლანზე გეოპოლიტიკური რისკები გადმოდის. თუკი ადრე ამას არავინ უყურებდა, ახლა ხედავთ, ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენებმა რამხელა ძვრები გამოიწვია საწვავზე და, შესაბამისად, ყველაფერზე; იქ, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულმა საკითხებმა ლამის Microsoft-ისა და Nvidia-ს რყევები გამოიწვია. უზარმაზარი რისკებია და როგორ შეიძლება საქართველო არ ითვალისწინებდეს ისეთ გეოპოლიტიკურ ფაქტორს, როგორიც რუსეთია - რუსეთის პოლიტიზებულ ეკონომიკას, რომელიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტია?! ეს წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, ბიზნესები ამას ითვალისწინებენ და ცდილობენ სხვაგან გასვლას. მაგალითად: “თბილღვინო”. ისინი საკუთარი ძალებით გადიან სხვა ბაზრებზე, მაგრამ ამას სჭირდება ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა და ხელშეწყობა. თუ სუბსიდირებაზეა საუბარი, ზუსტად ეგ უნდა დასუბსიდირდეს: რამდენ ბოთლსაც იქიდან გამოვიტან (უტრირებულად ვამბობ) და, პირობითად, ჩეხეთში გავუშვებ, აი, ის უნდა დამისუბსიდირდეს - მარკეტინგული კამპანიის სახით თუ სხვა ფორმით. თუ ეს დარგი ჩამოიშალა (და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩამოიშალოს), ეს არ არის მარტო რომელიმე მეწარმის პრობლემა - ეს არის უამრავი ნედლეულის მწარმოებლის, ბოთლის მწარმოებლის, ეტიკეტის, მარკეტინგული კომპანიისა და, ბოლოს და ბოლოს, უამრავი ფერმერის პრობლემა, ვინც ყურძნით ამარაგებს ამ სფეროს. ამიტომ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქ უზარმაზარია. რუსეთში შესვლა კი არ უნდა ფინანსდებოდეს და ხელშეწყობილი იყოს, არამედ რუსეთიდან გამოსვლა უნდა იყოს მხარდაჭერილი.

- თქვენი მარნის მაგალითზე მოგვიყევით, როგორ ვითარდება ექსპორტის გეგმები აშშ-სა და ევროპაში და რატომ არის მცდარი ნარატივი, თითქოს ევროკავშირში შესვლით ღვინის სექტორი ჩამოინგრევა?

- პირველი: ევროკავშირში შესვლით მეღვინეობის სექტორი, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არა თუ არ ჩამოინგრევა, პირიქით - ბევრ ბენეფიტს მიიღებს. არა მარტო იმით, რომ ღვინო გაიყიდება (ეს ისედაც თავისუფალი ვაჭრობის სხვადასხვა ხელშეკრულებით რეგულირდება), არამედ იმიტომ, რომ მივიღებთ უამრავ ფინანსურ შესაძლებლობას, პროექტს და ა.შ., რაც ამ წუთსს შეჩერებულია ჩვენი არასწორი პოლიტიკის გამო. რაც შეეხება ექსპორტს: კი, დასავლეთში ქართული ღვინის გატანა დაკავშირებულია უამრავ ბიუროკრატიულ სირთულესთან, იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ ხარისხიან ღვინოს იღებენ და არ მიიღებენ არცერთ შემთხვევაში ღვინოს, რომელიც არ შეესაბამება პარამეტრებს, არის არაკონდიციური ყურძნისგან დამზადებული ან ვნებს მოქალაქის ჯანმრთელობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქაური ბაზრები ხასიათდება უაღრესად მაღალი სტაბილურობითა და გადახდისუნარიანობით, რაც რადიკალურად განსხვავდება რუსული კორუმპირებული ბაზრისგან, სადაც ყველა საბუთის ყიდვა შეიძლება, ერთი შეხედვით, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც კი, პოლიტიკური ინტერესი დადგება, ყოველგვარი პასუხის გარეშე... თქვენ წარმოიდგინეთ, მთავრობას და ღვინის სააგენტოს რომ არ აქვთ პასუხი, თვითონ მეწარმეს რა პასუხი შეიძლება ჰქონდეს, რატომ არის მისი ათასობით ბოთლი ღვინო გაჩერებული ყინვაში, მზეში თუ არაკონდიციურ პირობებში?! ამიტომ, ეს არის ის რისკი, რომელიც ნამდვილად დააქცევს საქართველოს მეღვინეობას, თუ მისი ინტეგრაცია მოხდა რუსულ, არაპროგნოზირებად და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ბაზრებზე.

- და მაინც, რა არის თქვენი მთავარი ეჭვი, რა სიგნალია რამდენიმე კომპანიისთვის რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო?

- ვფიქრობ, რუსეთი პერიოდულად და ახლაც იყენებს ბერკეტებს, რათა საქართველოს მოსახლეობაში შექმნას აღქმა და ჩამოაყალიბოს ის ფენა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვს რუსეთთან დაახლოებას იმ მოტივით, რომ არ მოხდეს ბაზრების აკრძალვა. არსებული სია, რა თქმა უნდა, არასწორად არის შერჩეული - აქედან არცერთი კომპანია არ არის ამის მკადრებელი, მაგრამ ეს ყველაფერი დაიყვანება ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებსაც გაუჭირდებათ, მაგალითად, „თბილღვინოსთვის“ ან რომელიმე სხვისთვის ყურძნის ჩაბარება იმის გამო, რომ მათ ბაზარზე მოიკლო გაყიდვებმა. შესაბამისად, აი, ამ უკმაყოფილო მასის შექმნა სურს ახლა რუსეთს.

- რას დავუსვათ წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დავუსვათ რუსეთზე ორიენტირებულ პოლიტიკას! ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთში - როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და კულტურულად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები