მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის ბაზრებიდან ქართული კომპანიების გამოსვლას|ანდრო გოცირიძე

ანდრო გოცირიძე

“სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის ბაზრებიდან [ქართული ექსპორტიორი კომპანიების გამოსვლას] - ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა და “გოცირიძის მეღვინეობის” დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა რუსეთის მიერ, ხარისხის საბაბით, ქართული კომპანიების ნაწილის პროდუქციის აკრძალვა იყო.

“როგორ შეიძლება საქართველო არ ითვალისწინებდეს ისეთ გეოპოლიტიკურ ფაქტორს, როგორიც რუსეთია - რუსეთის პოლიტიზებულ ეკონომიკას, რომელიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტია?! ეს წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, ბიზნესები ამას ითვალისწინებენ და ცდილობენ სხვაგან გასვლას. მაგალითად: “თბილღვინო”. ისინი საკუთარი ძალებით გადიან სხვა ბაზრებზე, მაგრამ ამას სჭირდება ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა და ხელშეწყობა. თუ სუბსიდირებაზეა საუბარი, ზუსტად ეგ უნდა დასუბსიდირდეს: რამდენ ბოთლსაც იქიდან გამოვიტან (უტრირებულად ვამბობ) და, პირობითად, ჩეხეთში გავუშვებ, აი, ის უნდა დამისუბსიდირდეს - მარკეტინგული კამპანიის სახით თუ სხვა ფორმით. თუ ეს დარგი ჩამოიშალა (და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ჩამოიშალოს); ეს არ არის მარტო რომელიმე მეწარმის პრობლემა - ეს არის უამრავი ნედლეულის მწარმოებლის, ბოთლის მწარმოებლის, ეტიკეტის, მარკეტინგული კომპანიისა და, ბოლოს და ბოლოს, უამრავი ფერმერის პრობლემა, ვინც ყურძნით ამარაგებს ამ სფეროს. ამიტომ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქ უზარმაზარია. რუსეთში შესვლა კი არ უნდა ფინანსდებოდეს და ხელშეწყობილი იყოს, არამედ რუსეთიდან გამოსვლა უნდა იყოს მხარდაჭერილი”, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

“წერტილთან” ინტერვიუში უსაფრთხოების სპეციალისტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს პოლიტიკური შანტაჟისთვის ხშირად იყენებს და არა მხოლოდ - საქართველოს მიმართ.

მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს შექმნას მითი, რომ მის გარეშე ქართული ბიზნესი ვერ იარსებებს.

“ეს არის სწორედ იმ განწყობების შექმნა ქართულ საზოგადოებაში, რომ: „თუ თქვენ არ მოთხოვთ თქვენს მთავრობას, ან არ დაეთანხმებით მას რუსეთის მიმართ ლოიალობაში, მაშინ მოგიწევთ ვენახის აჩეხა, მოგიწევთ ევროპისთვის თხოვნა… ამას ხომ შემდგომ მოჰყვება ამგვარი პროპაგანდა: „აბა, შეერთებული შტატები ხომ არ გვიშვებს თავის ბაზარზე, მაშინ გაეკეთებინათ ამდენი ხანი” - აი, ასეთი რაღაცები. ეკონომიკა ხომ არ არის ერთი და ორი დღის საკითხი?! ამიტომ უნდა არსებობდეს ნაბიჯები და გეგმაც უნდა არსებობდეს: იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ასე მოიქცევა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მეწარმეს ეს დანაკარგი… როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა (თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ, 2015-2016 წლებში, თუ არ ვცდები), მაშინ რუსეთმა თურქეთის “მოხრჩობაც” კი სცადა ტურისტული კრიზისით, რადგან ტურისტების ნაკადი აკრძალა. წარმოიდგინეთ თურქეთის ეკონომიკა - თქვენ კარგად იცით, რა მასშტაბებზეა საუბარი საქართველოსთან შეფარდებით: 80-მილიონიანი ქვეყანაა ჩვენი 3.5-5 მილიონის საპირისპიროდ. თურქეთსაც კი, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა ზღვისპირა კურორტებზე რუსი ტურისტების ნაკადის შეწყვეტით. ე.ი. რუსეთში ტურიზმიც კი და დასასვენებლად ზღვაზე წასვლაც კი, პოლიტიზებულია! როგორ შეიძლება ასეთ დროს, დამოკიდებულებიდან ძლივს გამოსული, ისევ შიგნით შედიოდე და ზრდიდე წილს იქ, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ დარგში, როგორიც მეღვინეობაა?! ეს წარმოუდგენელია უბრალოდ. ასე არ უნდა ხდებოდეს. პირიქით, მთავრობა იქ შესვლას კი არ უნდა უწყობდეს ხელს, არამედ იქიდან გამოსვლას”, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

“გოცირიძის მეღვინეობის” დამფუძნებელი იმ მეღვინეების კატეგორიაშია, რომელიც მთავრობას ურჩევს მეტი ფინანსური რესურსი დახარჯოს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდაში.

მისი შეფასებით, 127 მილიონი ლარი, რომელიც ქართული ღვინის მარკეტინგში 2012-2026 წლებში დაიხარჯა, საკმარისი არაა.

“ძალიან შემაშფოთებელია [BMG-ის ინფორმაციაც], რომ ამ ჩვენი იდენტობის ცნობადობის ამაღლებასა და მარკეტინგში 2012-2016 წლებში სულ 130 მილიონ ლარამდე გვაქვს დახარჯული, მაშინ როდესაც სუბსიდირებაზე, რაზედაც არაერთმა ბიზნესმენმა ისაუბრა, გაცილებით მეტი გვაქვს დახარჯული. თანაც, სწორედ იმ მოქმედებაზე, რომელიც ახრჩობს ქართულ მეღვინეობას - ტრადიციულ, ნამდვილად მაღალხარისხოვან მეღვინეობას, რაც პრინციპში წარმოადგენს ქართული მეღვინეობის ნიშას დასავლეთ ევროპაში, შეერთებულ შტატებსა თუ სხვა ბაზრებზე”, - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები