მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?

ღვინო რუსეთში

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მიერ გაეროს სავაჭრო მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ბაზარზე მიწოდებული ღვინის მოცულობით პირველ ადგილზე მყოფი საქართველო, საექსპორტო ფასის მიხედვით ძირითადად დაბალ და საშუალო საფასო სეგმენტში ოპერირებს.

საქმე ისაა, რომ გაეროს სავაჭრო მონაცემთა ბაზის თანახმად, გასული 2025 წლის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის მოცულობით - 60.83 მლნ ლიტრი - საქართველო რუსეთის ბაზარზე პირველ ადგილზეა, ხოლო მიღებული შემოსავლებით - 170.67 მლნ აშშ დოლარი – მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ იტალიას ჩამორჩება. იტალიამ 2025 წელს რუსეთში 234.41 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 58.64 მლნ ლიტრი ღვინო გაიტანა.

აღსანიშნავია ფასთა სხვაობაც: 2025 წლის მონაცემებით, ქართული ღვინის 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი რუსეთში 2.81 აშშ დოლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება როგორც ევროპულ წამყვან მწარმოებლებს, ისე მეზობელ სომხეთსაც.

შედარებისთვის, იტალიური ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ლიტრზე 4 დოლარია, ფრანგული ღვინის - 4.33 დოლარი, გერმანულის კი - 3.09 დოლარი. რაც შეეხება სომხეთს, საექსპორტო ფასი ამ შემთხვევაში ლიტრზე 4.18 დოლარია.

ამავდროულად, ქართული ღვინო უსწრებს ისეთ მსხვილ მწარმოებლებს, რომლებიც რუსეთში დიდწილად იაფფასიანი ან ჩამოსასხმელი ღვინით არიან წარმოდგენილნი. მათ შორისაა: პორტუგალია, ესპანეთი, არგენტინა და სხვა.

ქვეყნები, რომლებიც რუსეთში ღვინოს ყველაზე ძვირად ყიდიან, 2025

  1. ტაილანდი - $65.21 (მცირე მოცულობა)
  2. ლატვია - $7.19 (ძირითადად პრემიუმ რეექსპორტი)
  3. უნგრეთი - $7.02
  4. ლიეტუვა - $5.90
  5. ნიდერლანდები - $5.26
  6. ჩეხეთი - $4.55
  7. საფრანგეთი - $4.33
  8. ბულგარეთი - $4.26
  9. სომხეთი - $4.18
  10. იტალია - $4.00

საშუალო და დაბალი საფასო სეგმენტი:

  1. ავსტრია - $3.70
  2. გერმანია - $3.09
  3. პოლონეთი - $2.96
  4. საქართველო - $2.81
  5. პორტუგალია - $2.69
  6. აზერბაიჯანი - $2.55
  7. ესპანეთი - $2.45
  8. სამხრეთ აფრიკა - $2.45
  9. არგენტინა - $2.29
  10. სერბეთი - $2.13
  11. ჩილე - $2.04
  12. მოლდოვა - $2.03

როგორ იცვლებოდა ქართული ღვინის ფასი რუსეთში

საქსტატის საგარეო ვაჭრობის ოფიციალური მონაცემების გადაანგარიშებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში რუსეთში გატანილი ქართული ღვინის 1 ლიტრის საშუალო ფასი 2.30-დან 2.95 დოლარის ფარგლებში მერყეობდა:

  • 2020 წელი: $2.91
  • 2021 წელი: $2.76
  • 2022 წელი: $2.32
  • 2023 წელი: $2.70
  • 2024 წელი: $2.74
  • 2025 წელი: $2.81
  • 2026 წელი (8 თვე): $2.93

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები