მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ვიქტორ ორბანი ირაკლი ღარიბაშვილი

გასული კვირის (9-15 ოქტომბერი) მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

1) ვიქტორ ორბანის ვიზიტი

სამუშაო კვირა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტით დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ საკმაოდ იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველოს ჯერ არ მიუღია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და იმედი გამოთქვა, რომ იმ შეფასებით, რომელსაც ევროკომისია ამზადებს, საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 

ეკონომიკა ამ ვიზიტის ფოკუსს არ წარმოადგენდა, შესაბამისად მის შესახებ ბევრი არაფერი თქმულა. თავად საქართველოს და უნგრეთის სავაჭრო ურთიერთობები არც ისე მასშტაბურია. 2023 წელს რვა თვეში ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 47 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც 97% საქართველოს იმპორტს შეადგენდა, ექსპორტი კი მხოლოდ 600 ათასი დოლარი იყო. იმპორტის ნახევარი ფარმაცევტულ პროდუქტებზე მოდიოდა. საქართველოს ექსპორტში კი წამყვანი ადგილი ტანსაცმელს უკავია. რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ კავშირებს, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უნგრეთიდან 2.7 მილიონი დოლარის ღირებულების FDI შემოვდია, შედარებით 2022 წელს უნგრული ინვესტიციები 4 მილიონ დოლარს შეადგენდა

2) გაურკვევლობა ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმაში

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ, რომელიც ამ თანამდებობას მისი შექმნის შემდეგ იკავებდა. ბიემჯისთან მილორავამ განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბირჟის ამოქმედების ერთი წლით გადავადებას არ უკავშრიდება. 

საქმე იმაშია, რომ საქართველომ ევროკავშირის წინაშე ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო, რისთვისაც ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა. ბირჟაზე უნდა განისაზღვროს საბითუმო ელექტროენერგიის ღირებულება. თუმცა, ამ ბაზრის ამოქმედება უკვე ექვსჯერ გადავადდა. ამ რეფორმის განხორციელებას საქართველოს როგორც სავალუტო ფონდი, ასევე ევროკავშირი მოუწოდებენ, მაგრამ ფაქტია რომ პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. სწორედ ბირჟაზე არის დამოკიდებული ენერგეტიკაში ინვესტორთა მხარდაჭერის CFD მექანიზმის ამოქმედებაც. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ბაზრის გახსნას შესაძლოა საფასო რყევები გამოეწვია:

"ტექნიკურად მზად ვართ, მაგრამ სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ამ პერიოდში მიზანშეწონილი არ იყო ბირჟის გახსნა, რადგან როგორც გითხარით მაინც დეფიციტური ბაზარი ვართ. თავის მხრივ ღია ბაზრის კონცეფციაში გათვალისწინებული იყო იმპორტირებული ელექტროენერგია. როცა ვხედავთ, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი თურქეთში 20 ცენტია, ჩვენს ბაზარზე ის სავარაუდოდ, უფრო მაღალი ფასით შემოვიდოდა, რაც ავტომატურად რყევებს შექმნიდა. დაინგრეოდა ეს სისტემა და ამიტომ გადაიწია ვადამ. დონორებსა და პარტნიორებს წინასწარ ვუთხარით ამ გადაწყვეტილების შესახებ. კოლეგიალური ურთიერთობა დავიცავით და მათ არ გაუგიათ ტელევიზიიდან, ეს სწორი არ იქნებოდა. მიზეზი ავუხსენით და ისინიც საკითხს გაგებით მოეკიდნენ", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ პარტნიორებთან მუშაობა მიმდინარეობს იმ საკითხზე, არსებული რისკების გათვალისწინებით ბაზარი რა ფორმით გაიხსნას. მისივე თქმით, შესაძლოა გენერაციის ობიექტებს საშუალება ჰქონდეთ თავად აირჩიონ დარეგისტრირდნენ თუ არა ბირჟაზე გამყიდველად.

3) ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს განაგრძობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მარაკეშში ყოველწლიურ შეხვედრაზე მსოფლიოს განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ესწრება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, IMF-ის მმართველ დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართულ შეხვედრაზე თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ი ინტენსიურად მუშაობს, რათა შეჩერებული პროგრამა სწრაფად აღდგეს. თურნავამ ასევე გამართა შეხვედრა IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთანაც. 

"შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით შემდგომი სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

4) IMF: წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 6.2%-ით გაიზრდება

რაც შეეხება თავად IMF-ის ახალ პროგნოზს, მისი მიხედვით წელს საქართველოში 6.2%-ის ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც წინა პროგნოზს 2.2%-ით აღემატება. საქართველოზე მაღალი 7%-იანი ზრდის მოლოდინია სომხეთში, რის შედეგადაც წელს სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე 8,283 დოლარს მიაღწევს, საქართველოსთან შედარებით 118 დოლარით მეტი. ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთის მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ რვაჯერ აღემატებოდა. უფრო დეტალურად, ზრდის მოლოდინები ასე ნაწილდება:

  • საქართველო - მშს ერთ მოსახლეზე $8,165, ზრდის ტემპი 6.2%;
  • სომხეთი - მშპ ერთ მოსახლეზე  $8,283, ზრდის ტემპი 7%; 
  • აზერბაიჯანი - მშპ ერთ მოსახლეზე $7,530, ზრდის ტემპი 2.5%;
  • უკრაინა - მშპ ერთ მოსახლეზე $5,225, ზრდის ტემპი 2%;
  • თურქეთი - მშპ ერთ მოსახლეზე $13,384, ზრდის ტემპი 4%;
  • რუსეთის ფედერაცია - მშპ ერთ მოსახლეზე $13,006, ზრდის ტემპი 2.2%. 

5) UAE-სთან თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდა:

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობაში სატარიფო ბარიერების 95%-ით შემცირებას და სხვადასხვა ეკონომიკურ ასპექტში თანამშრომლობის დაახლოებას ითვალისწინებს. 

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 2023 წლის 8 თვეში კი სავაჭრო ბრუნვა 277 მილიონ დოლარს შეადგენდა, აქედან იმპორტი 244 მილიონი დოლარი, ექსპორტი კი 32 მილიონ დოლარს შეადგენდა. გასული წლის მსგავსად იმპორტში #1 ადგილი ($116 მილიონით) მობილურებს უჭირავს, მეორე ადგილზე ისევ თამბაქოს ნაწარმია (14.9 მლნ დოლარი), მესამეზე კი მსუბუქი ავტომობილებია 12 მილიონი დოლარის ოდენობით.

ექსპორტში წელსაც პირველი ადგილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა დაიკავა (7.9 მლნ დოლარი), მეორე პოზიცია $5 მილიონით სპილენძის მადნებს უჭირავს, ხოლო მესამეზე ნავთობპროდუქტებია 2.8 მილიონით.

UAE საქართველოში ერთ-ერთი აქტიური ინვესტორი ქვეყანაა. 2022 წელს FDI-მ 28 მილიონი დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი ის 31 მილიონი დოლარის ტოლი იყო. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში UAE-დან $20 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით ნაკლებია.

6) სექტემბერშო საქართველოს ექსპორტი 1%-ით გაიზარდა

საქსტატმა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 528 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონი დოლარით, ანუ 0.8%-ით მეტია.

რაც შეეხება წლის პირველ ცხრა თვეს, ჯამში საქართველოს ექსპორტი 4.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 12.7%-ით მეტია.

იმპორტის ზომამ კი 1.25 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით, ანუ 114 მილიონი დოლარით მეტია. მთლიანად 9 თვის იმპორტი კი 11.3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 18%-ით არის გაზრდილი.

7) "ბანკ ქართუს" მენეჯმენტში ცვლილებებია

„ბანკი ქართუს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ პოსტზე გრიგოლ კაცია ზურაბ გელენიძემ ოფიციალურად შეცვალა.

გელენიძე ამ დრომდე სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო და იკავებდა CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც. ასევე  წლების განმავლობაში  იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი.

8) “ქართუ ფონდმა” იპოდრომის ტერიტორიის 80 ათასი კვადრატული მეტრი გაყიდა

თბილისის ცენტრში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 80,145 მ²-ის უძრავი ქონება გაიყიდა - ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდმა" ტერიტორია შპს “ნეო სითი დეველოპმენტს” მიჰყიდა, რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა. უცნობია რამდენი ათეული მილიონი დოლარია აღნიშნული გარიგების ღირებულება. ასევე უცნობია რა პროექტის განვითარება იგეგმება თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე. თუმცა, გარიგების შემდეგ რეესტრში საპირისპირო მიმართულების განაცხადიც დაფიქსირდა, რომლითაც წინასწარ რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა და საკუთრების მეპატრონედ კვლავ ფონდის დაბრუნება იყო მოთხოვნილი. აღნიშნულთან დაკავშირებით BMG-იმ კომპანიის დირექტორს მიმართა კითხვით და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

აგვისტოში “ნეო სითი დეველოპმენტმა”  შეიძინა გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,500 მ²-ის უძრავი ქონება, რომელიც ლაგუნა ვერეს და ყოფილ აბრეშუმის ქარხანას მოიცავს. ცნობილია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე თავად ივანიშვილის კუთვნილი კომპანია “კოსტავას 69” 52-სართულიანი ცათამბჯენების პროექტის განვითარებას გეგმავდა. ზაფხულშივე საკრებულომ აღნიშნულ პროექტზე შესაბამისი თანხმობაც გასცა.

9) 2024 წელს “საქართველოს რკინიგზა” სამ კომპანიად გაიყოფა

2024 წელს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია სამ ნაწილად გაიყოფა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ცვლილება საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების ნაწილია და ის მიზნად სარკინიგზო სექტორის ლიბერალიზაციას და ამ მხრივ კონკურენციის ზრდას ისახავს. 

საქმე ის არის, რომ დღეს “საქართველოს რკინიგზა” ფლობს როგორც ლიანდაგებს, ასევე სადგურებს და მატარებლებს და მომხმარებლებს ერთიანი კომპანიის სახით სთავაზობს გადაზიდვებს. ცვლილების შემდეგ კი შეიქმნება სამი კომპანია. მათგან 1) იქნება ლიანდაგების და უძრავი ინფრასტრუქტურის მფლობელი; 2) იქნება სატვირთო გადაზიდვების ოპერატორი და სატვირთო მატარებლების მფლობელი; 3) სამგზავრო გადაყვანების ოპერატორი კომპანია. 

“რკინიგზის გაყოფა არის ვალდებულება. აქ უნდა შეიქმნას 3 სხვადასხვა კომპანია, ესენია სამგზავრო, სატვირთო და თავად ინფრასტრუქტურის, ანუ ლიანდაგების მფლობელი კომპანია. შიგნით კომპანიაში სამივე მიმართულება გაყოფილია, თუმცა მომდევნო წელს მოგვიწევს რომ იურიდიულადაც გაიყოს.

ის რომ სატვირთო გადაზიდვებიდან უნდა სუბსიდირდებოდეს სამგზავრო გადაყვანა ეს არის აკრძალული ევროკავშირის მხრიდან და არის ამაზე პირდაპირი მითითება,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

10) ქონების გადასახადი შემოსავალზე დამოკიდებული აღარ იქნება - სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს

ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს. ყოველწლიური გადასახადი შემოსავლის მიხედვით აღარ განისაზღვრება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, რეფორმის კანონპროექტს უწყება, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გაიტანს, ამ ეტაპისთვის კი მიმდინარეობს რეფორმის ზეგავლენის შეფასება, რასაც მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციები მოჰყვება.

„ქონების გადასახადს რაც შეეხება, ჯერჯერობით, კანონპროექტი ინიცირებული არ არის, თუმცა მზადდება და პროექტის სახით უკვე არსებობს, მიმდინარეობს მისი ზეგავლენის შეფასება, ე.წ. RIA. მთავარი პრინციპი ის არის, რომ გადასახადი არა შემოსავალზე, არამედ ქონების მთლიან ფართობზე იქნება დამოკიდებული. ეს კომპანიებისთვის გაცილების მნიშვნელოვანია და ზოგადად ეკონომიკურად უფრო სწორი მიდგომაა. ამას დეტალურად, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გავიცნობთ, მანამდე უნდა იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები სამინისტროს დონეზე, შემდეგ მთავრობაზე, იქნება საჭირო კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან და ქონების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი, ვფიქრობ, გაზაფხულზე შეგვეძლება“, - ამბობს გიორგი კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ახალი რეფორმის მიხედვით ქონების გადასახადი დამოკიდებული იქნება იმ ფართზე, რომელიც კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები