მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

6485a30dc4c28
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.23 14:30
2198
სტატიაში საუბარია:
გასული კვირის 5-11 ივნისის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

1) ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

მმართველმა პარტიამ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევდა. ამასთან, განცხადებიდან გაირკვა, რომ ქართულმა ოცნებამ სებ-ში პრეზიდენტის პოსტზე წარდგენისთვის სალომე ზურაბიშვილს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა შესთავაზა. კანონი სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესს განსაზღვავს და დროებით სებ-ის ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობას ზრდის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც. 11 მაისს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა bm.ge-ის კითხვას პასუხისას განაცხადა, რომ IMF პრეზიდენტის ვეტოს მიესალმებოდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

2) "IMF-ი გაოგნებულია"- ჯეიმს ჯონი ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო

სსფ–ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯეიმს ჯონი ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა ‘ანალიტიკა’–ს გამოეხმაურა და ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. წერილობით განმარტებაში, რომელიც ‘ანალიტიკა’–მ დღეს მიიღო, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ–ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

3) ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროში დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა. როგორც "ჯორჯიან მანგანეზში" BMG-ის უთხრეს ამ ეტაპზე სამუშაოები გაჩერებულია, რადგან ასზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. დასაქმებულები ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და პეციალურ რეჟიმამდე არსებული სამუშაო პირობების დაბრუნებას ითხოვენ. “კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია. ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს. ამ ურთულეს პირობებშიც კი, კომპანია დასაქმებულთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია”,-წერია “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

4) პირველ კვარტალში საქართველოში $496.6 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 496.6 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება. ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, საიდანაც 239.6 მილიონი ჩაიდო. ამ ქვეყნიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 630%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იაპონია 63 მილიონის საინვესტიციო ნაკადით, ამ ქვეყნიდან შემოსული FDI პირველ კვარტალში 700%-ით არის გაზრდილი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

5) “რუსთავის აზოტის” შესყიდვით Indorama უმსხვილეს ინვესტორთა რეიტინგში მოხვდა

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანია სინგაპურული ჰოლდინგი Indorama გახდა, რომელმაც მისი შვილობილის “ექსელუს ჰოლდინგის” მეშვეობით, “რუსთავის აზოტის” ქარხანა შეიძინა. გარიგების ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა BMG-ის ინფორმაციით, ინდორამა ქარხნის განვითარებისთვის 200 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

6) გმირთა მოედანზე “ქართუ ფონდმა” ცათამბჯენების პროექტი დააკორექტირა, სიმაღლე 65-დან 52 სართულამდე შემცირდა

კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე “ქართუ ფონდის” ცათამბჯენების პროექტის განხილვები 4 მაისს განახლდა.  მუნიციპალურ სამსახურს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ხელახლა  კი მიმდინარე წლის 6 ივნისს წარედგინა. განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ-ერთი რა მიმართულებითაც კომპანიას პროექტში ცვლილებები აქვს შეტანილი, ცათამბჯენების სართულიანობაა. თუ თავდაპირველი პროექტით ადგილზე მაქსიმუმ 65 სართულიანი ცათამბრჯენების მშენებლობა იყო გეგმაში, დღეს მაქსიმალური სართულიანობა 13 სართულით, 52-მდე არის შემცირებული. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

7) ასოცირების საპარლამენტო სხდომაზე საქართველომ კრიტიკა დაიმსახურა

ვროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების სხდომა გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა ასევე ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოს პროგრესის და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა განცხადა, რომ საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან მიმართებით საკმაოდ დაბალია და მხოლოდ 28%-ს შეადგენს. ამ მიმართულებით დევინმა ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა დაასახელა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

8) კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდე პრაისი იქნება

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალი რეგიონალური დირექტორი როლანდე პრაისი იქნება, რომელიც უფლება-მოვალეობების შესრულებას 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება. პრაისი ამ თანამდებობაზე სებასტიან მოლინეუსს შეცვლის, რომელიც მსოფლიო ბანკის ოფისს 2019 წლიდან ხელმძღვაბელობდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

9) "ამიტომ დავდივარ საქართველოში" - ო’ბრაიანი რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტის რისკებზე


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, ჯეიმს ო’ბრაიანმა Politico-ს მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთისთვის დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული სანქციები განსაკუთრებულად მძიმე იყო, წლის მეორე ნახევარში გაჩნდა შემთხვევები, როდესაც მიკროჩიპები, მიკროსქემები და სხვა ელექტროტექნიკა, რუსეთის ფედერაციაში მესამე ქვეყნების გავლით ხვდება. ამ მხრივ ო'ბრაიანმა პრობლემურად რამდენიმე ქვეყანა მოიხსენია, მათ შორის საქართველოც. პანელის მოდერატორის კითხვაზე პასუხისას კი, ო’ბრაიანმა დასძინა, რომ სწორედ ეს არის ის რისკები, რომელთა გამოც ის ვიზიტებს საქართველოში, ყაზახეთსა და სომხეთშიც მართავს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.


10) ცესკო 55-მილიონიანი ტენდერით, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს ყიდულობს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ნაწილობრივ ელექტრონული გზით ჩატარდება. ამისთვის, ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლის, ასევე ამომრჩეველთა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციის აპარატურის შესყიდვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა 54.6 მილიონი ლარის ღირებულების კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ხმის დათვლისა და ამომრჩევლების ვერიფიკაციის მოწყობილობების შესყიდვა არის დაგეგმილი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები