დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა; საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ IMF-მა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა, ახალი შეფასებით წელს ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება 5%-ით ნაცვლად აქამდე ნავარაუდევი 4%-ისა.
ამასთან, ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ საქართველომ სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი შეასრულა. ჯეიმს ჯონის შეფასებით, მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ დაწყებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე განახლებადი ენერგეტიკის დაფინანსების CFD მოდელი, რომელიც ბიუჯეტის ფისკალური რისკების შემცირებისკენ არის ორიენტირებული.
“პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ს მისია, საქართველოში სსფ-სმხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის ივნისში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი. ქვეყნის ხელისუფლება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სესხად აღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა ძლიერია: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეზღუდული გავლენის და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო. ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშრებულმა იმიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, ტრანზიტული ვაჭრობის მატებამ, რაც თავისმხრივ უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია, ეკონომიკის ზრდა და ფისკალურ შემოსავლების მატება განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გააუმჯობესა, ლარი გაამყარა. ხელისუფლებამ ხელსაყრელი პირობებით ისარგებლა და ფისკალური და უცხოური ვალუტის ბუფერები შეივსო. ფინანსური სისტემა ჯანსაღია და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება.
ბოლოხანს მნიშვნელოვნად იკლო ინფლაციის ტემპმა და ეროვნული ბანკის 3 პროცენტიანი სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაც სასაქონლო ფასების კლების, ლარის გამყარების, მკაცრი მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ასევე გლობალურად მკაცრი ფინანსური პირობების შედეგია. საბაზო ინფლაცია ასევე შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, დასაქმების ბაზარზე მუშახელი სიმწირის, ხელფასების ზრდის და დაბალი უმუშევრობის გამო.
მეორე მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი შესრულებულია, ერთი გამონაკლისის გარდა. შესრულებულია პირობები ინფლაციის, ბიუჯეტის დეფიციტის და საერთაშორისო რეზერვების თაობაზე. ბიუჯეტის მიერ გაცემულ სესხებმა საწყის ეტაპზე დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა, თუმცა, ეს პარამეტრი შემდგომ გასწორდა. ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები საგადასახდო პოლიტიკისა და ადმინისტრების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, ფისკალური რისკების, ეროვნული ბანკის კომუნიკაციის და ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით.
2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ინფლაცია კი სებ-ის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც ზემოაღწერილ ფაქტორებთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.
გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობის და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაზე და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო რეზერვების გონივრული მართვის მიმართ, რაც რეზერვების ადეკვატურ დონემდე გაძლიერებას მოიაზრებს. ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნისა და შრომის ბაზარზე სამუშო ძალის სიმწირიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ფრთხილ და ეტაპობრივ კლებას მოითხოვს, რათა მკაცრი პოლიტიკა შენარჩუნდეს მანამ, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. საბაზო ინფლაციის მატების შემთხვევაში შეიძლება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გახდეს საჭირო. საბანკო სისტემის მდგრადობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მონიტორინგი და რეგულირება, კიდევ უფრო გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და საიმედოობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ფისკალური პოლიტიკა ბუფერების ზრდასა და რისკების მართვაზე სათანადოდ იყო მიმართული. ფისკალური წესის პირობის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება 2023 ბიუჯეტის შემგომი კორექტირებისთვის მზადაა. საჭიროა პროგრესის გაგრძელება შემოსავლების მობილიზაციის და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის კუთხით, რაც პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსების საშუალებას გაზრდის, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და განათლებაზე. ასევე უნდა გაგრძელდეს პროგრესი ხარჯვის ხარისხის და ეფექტურობის ზრდის მიმართულებით. სახელმწიფო საწარმოთა მმართველობის შარშან მიღებული სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიის წარმატებული განხორციელება გაზრდის პროდუქტიულობას და შეზღუდავს ფისკალურ რისკებს.
ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმების გეგმის განხორციელება შეამცირებს მაღალ უმუშევრობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას გრძელვადიან პერიოდში. უნარების შეუსაბამობის და გენდერული საკითხების დაძლევა უკეთესი განათლებით, გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლებითა და დასაქმების აქტიური პოლიტიკით, კონკურენტუნარიანობის ზრდით, კორპორაციათა მართვის სტანდარტის გაუმჯობესებით და ანტი კორუფციული სამართლებრივი ჩარჩოს მეშვეობით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტიზებით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და რეგიონის დაკავშირებულობას.
სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის,"- განაცხადა ჯეიმს ჯონმა.