მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ეკონომიკაში 2023 წელს

ირაკლი ღარიბაშვილი

გთავაზობთ 2023 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში

1) საქართველომ EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა

ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის სხდომაზე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიის 8 ნოემბრის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმას ერთგვარ სამოქმედო მექანიზმად ხდის, რომლის სრულად დაკმაყოფილების ან შესამჩნევი პროგრესის ჩვენების შემდეგაც საქართველო უკვე შემდეგ საფეხურზე, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადაინაცვლებს.

2) ინფლაცია წელს 9%-დან 0.1%-მდე შემცირდა, რეფინანსირების განაკვეთმა 9.5%-მდე დაიწია

2023 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა. წელი 9%-იანი ინფლაციით დაიწყო, თუმცა თანდათანობით პიკური ინფლაციური წნეხი შემცირდა და მან 2023 წლის ნოემბრისთვის 0.1% შეადგინა, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ინფლაციაა. ამის გათვალისწინებით მაისიდან ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დაიწყო და ის წლის განმავლობაში 4-ჯერ შეამცირა. ბოლოს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება 20 დეკემბერს მიიღო და ის 0.5 პროცენტული პუნქტით 9.5%-მდე შეამცირა. სებ-ის საბაზო პროგნოზით განაკვეთის შემცირება 2024 წელსაც გაგრძელდება.

3) ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავას არჩევა, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება, სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესი და ეროვნული ბანკის 3 ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლა

2023 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია - შედეგად ეროვნულ ბანკში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ეს პოსტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალი კანონის თანახმად სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილებას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. სებ-ში კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულდება, ახალი კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩია. 2023 წლის 4 აგვისტოს ნათია თურნავამ საქართველოს საფინანსო სისტემისთვის საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთამ დაკავშირებით ბრძანება გამოსცა. 2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა, ხოლო 2023 წლის 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეცვალა და განსაზღვრა რომ სანქციები ძალაში მხოლოდ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს. ამ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.

4) IMF-ის პროგრამის შეჩერება

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების გამო, საერთაშორისო სვაალუტო ფონდმა შეაჩერა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვა. მაშინ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფონდი შეშფოთებულია სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებებითაც. არსებული მდგომარეობით უცნობია, როდის აღდგება ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომლის მოცულობაც 289 მილიონი დოლარია.

5) სანქციების აღსრულების წესებით რუსეთში ავტოექსპორტი აიკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების შესაბამისად, 2023 წლის 1 აგვისტოდან საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ამერიკული ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა, 2023 წლის 26 სექტემბრიდან კი ევროკავშირის სანქციების 11 პაკეტის შესაბამისად საქართველოდან რუსეთში ევროპული ავტომობილების ექსპორტიც აიკრძალა.

შედეგად პირდაპირი ავტოექსპორტი რუსეთის ფედერაციაში თითქმის განულდა. თუმცა, 2023 წლის განმავლობაში ასობით მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა მესამე ქვეყნებში, რომლებიც აქტიურად განაგრძობენ რუსეთთან ვაჭრობას. მაგალითად 600 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ავტოექსპორტი განხორციელდა როგორც ყირგიზეთში, ასევე ყაზახეთში, მთლიანად ავტოექსპორტის სექტორის ბურნვა კი უპრეცედენტოდ დიდი - 1.94 მილიარდი დოლარი იყო და მან 100,000 ავტომობილს გადააჭარბა.

6) 2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით 2023 წლის 11 თვეში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 6.9%-ს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე მაღალი ზრდა პირველ კვარტალში იყო და ის 8%-ს შეადგენდა, მეორე კვარტალში 7.8%-ს, მესამეში 5.7%-ს, ხოლო მეოთხე კვარტლის ორ თვეში ოქტომბერში ზრდა 6.2%, ნოემბერში კი 5.9% იყო.

არსებული პროგნოზებით, წელს საქართველოს მშპ 79.3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც რეკორდულად დიდი მოცულობაა, აშშ დოლარებში მშპ-ის ზომა ასევე რეკორდული 30.1 მილიარდი დოლარი იქნება.

7) მიგრანტების ეკონომიკური ეფექტის შენელება

2023 წლის მეორე ნახევრიდან შესამჩნევი გახდა ქვეყანაში მიგრაციული ეკონომიკური ეფექტის შემცირება. ფულადი გზავნილების ნაკადები, რაც რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა 70%-ით შემცირდა. 2023 წლის 11 თვეში რუსეთიდან 1.45 მილიარდი დოლარი გადამოირიცხა, რაც გასულ წელს 2 მილიარდს აღემატებოდა. ნოემბერში კი რუსეთიდან 75 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებუთ 76%-ით არის შემცირებული.

8) ახალი ციფრული ბანკები საქართველოს ბაზარზე

2023 წლის განმავლობაში საქართველოს ორი ახალი ბანკი შეემატა - ესენია ციფრული “ჰეშ ბანკი” და “პეივ ჯორჯია”. აღნიშნული ბანკები ოპერირებას ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ შეუდგებიან.

“ჰეშ ბანკის” დამფუძნებლები არიან ბიზნესმენები ლაშა და სულხან პაპაშვილები, ხოლო ბანკის თანადამფუძნებელია კრიპტო ბირჟა WhiteBit-ის CEO ვოლოდომირ ნოსოვი. “პეივ ჯორჯიას” დამფუძნებელი კი ბრიტანელი ენტერპრენერი ომარ სალიმ დანანია.

29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ “კრისტალმა” სებ-ს საბანკო ლიცენზიის მინიჭების განაცხადით მიმართა, შესაბამისად, 2024 წლიდან ბაზარზე პირველი მიკრობანკის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ. ამასთანავე, საბანკო ასოციაციის ინფორმაციით ლიცენზიის მინიჭებას ელის კიდევ ერთი ციფრული ბანკიც. შესაბამისად, 2024 წელს საბანკო სექტორის მოთამაშეთა რაოდენობა შესაძლოა არსებული 16-დან 18 ან 19-მდე გაიზარდოს.

9) გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

2023 წლის 6 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დევნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. პროკურატურის განცხადებით საქმე ეხება 2015-2017 წლებში განხორციელებულ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ფონდის ინვესტორს - ბიძინა ივანიშვილს მიადგა ზიანი 8,253 ბიტკოინის ოდენობით. საქმეში პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველი რობერტ ამსტერდამი, რომელიც მიუთითებს, რომ 40-წლიანი სამართლებრივი კარიერის განმავლობაში ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდება არ უნახავს.

საქმეზე სასამართლომ ბაჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

სასამართლო პროცესი ჯერ 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, შემდეგ 24 ოქტომბერს, შემდეგ კი, 14 დეკემბერს.

10) ფარმაცევტული კომპანიები 53 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. სააგენტოს უფროსის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდება, სადაც თითოეულ დაჯარიმებულ კომპანიას იდენტური ფასები ჰქონდა დაფიქსირებული.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას შეეხება:

  • ავერსი: 14,402,425 ლარი;
  • გეფა - ჯიპისი ფარმადეპო: 20,349,336 ლარი;
  • პსპ: 17,094,872 ლარი;
  • მერმისი: 951,301 ლარი.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ კომპანიებმა 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) სახელმწიფო ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული წამლების მიწოდებისთვის წარადგინეს თეთრების სიზუსტით ანალოგიური ფასი, რაც კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებაზე მეტყველებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები