მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ირაკლი კობახიძე

გთავაზობთ გასული კვირის (29 იანვარი - 4 თებერვალი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ ირაკლი კობახიძე წარადგინა

პარტია ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. პარლამენტს უკვე გაეგზავნა სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის", რომელიც მთავრობის განმარტებით ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის იდენტურია.

არსებული ინფორმაციით მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს, ამასთან ბურჭულაძე ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გადაინაცვლებს.

2024 წლის იანვარში საქართველოში 0%-იანი ინფლაცია იყო

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა. არსებული დაბალი ინფლაციის განმაპირობებელია ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში - სურსათში ფასების 2.4%-იანი შემცირებაა. ასევე 3.3%-ით დაიკლო ფასებმა ჯანდაცვის სექტორში. ძირითადი სამომხმარებლო ჯგუფების ფასების ცვლილება ასეთია.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9%-მდე შეამცირა, 185 ათას მსესხებელს კრედიტის განაკვეთი შეუმცირდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად განაკვეთი 9%-მდე შემცირდა. შედეგად მათ ვისაც სესხები ცვლად განაკვეთზე აქვს მიბმული, კრედიტის მომსახურება 0.5 პროცენტული პუნქტით გაუიაფდებათ.

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა

საქსტატმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ზრდა 8.3% იყო.

საქსტატის თანახმად, დეკემბერში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 4.6%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში ბრუნვის მატება დაფიქსირდა ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში, თუმცა კლება იყო ენერგეტიკასა და უძრავი ქონების ოპერაციებში.

2023 წელს საქართველოში 7.1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა - ქვეყნების სტატისტიკა

2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. აქედან, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 27.8 %-ით მეტია.

რაც შეეხება ქვეყნებს, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.

2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან $4.1 მილიარდი მიიღო

4.1 მლრდ დოლარი - ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. ბოლო 1 წელიწადში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 608.7 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ქვეყნების მიხედვით შემოსავლები ტურიზმიდან ასე ნაწილდება:

  1. რუსეთი - $938 მილიონი დოლარი;
  2. თურქეთი - $631 მილიონი დოლარი;
  3. ევროკავშირი - $550 მილიონი დოლარი;
  4. ისრაელი - $308 მილიონი დოლარი;
  5. უკრაინა - $184 მილიონი დოლარი;
  6. სომხეთი - $161 მილიონი დოლარი;
  7. აზერბაიჯანი - $143 მილიონი დოლარი;
  8. ირანი - $128 მილიონი დოლარი;
  9. ბელარუსი - $103 მილიონი დოლარი;
  10. საუდის არაბეთი - $101 მილიონი დოლარი.

2023 წელს ქართულმა ბანკებმა 2.7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2023 წლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ჯამური მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს 17 ბანკის მთლიანმა მოგებამ 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის მოგების ეს მაჩვენებლები 2022 წელთან შედარებით 623 მილიონი ლარით, ანუ 30%-ით მეტია. მთლიანობაში ბანკების მიერ მიღებული შემოსავალი 8.5 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა - 6 მილიარდი ლარი სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები იყო. საკომისიოებიდან შემოსავალი 672 მილიონი ლარი, ფასიანი ქაღალდებიდან კი 751 მილიონი ლარი იყო. ამასთან, ბანკებმა ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან 667 მილიონის მოგება მიიღეს.

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. ორგანიზაციის თანახმად საქართველოს შედეგის გაუარესება ელიტური კორუფციის მასშტაბების ზრდით არის განპირობებული. საქართველოს ახალი შეფასება 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა კორუფციის ნაკლებობით რეგიონში კვლავ პირველ ადგილზე რჩება. საქართველოს შედეგი საუკეთესო 2018 წელს იყო და 58-ს შეადგენდა, მას შემდეგ პანდემიის და სახელმწიფო აპარატის გაუმჭვირვალობის მატებასთან ერთად ჯერ 56 ქულამდე შემცირდა, შემდეგ კი 53-მდე იკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები