მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში (3-9 ივნისი)

სებ

გთავაზობთ გასული კვირის (3-9 ივნისის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი ნაკადი დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 6 ივნისს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების, პარლამენტის წევრების, ასევე სხვა ფიზიკური პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით ეს შეზღუდვების პირველი ნაკადია და ის საწყის ეტაპზე რამდენიმე ათეულ ადამიანზე ვრცელდება. ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ მზადაა გადადგას შემდგომი ნაბიჯები იმ მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ საქმიანობას აგრძელებენ.

მაისში საქართველოს სავალუტო რეზერვები $212 მილიონით შემცირდა

მაისში საქართველოს სავალუტო რეზერვები 212 მილიონი დოლარით შემცირდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, რეზერვების დონე 4.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. რეზერვების კლება პირველ რიგში სებ-ის მიერ მაისში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდებოდა, რადგანაც ეროვნულმა ბანკმა მაისში სავალუტო ინტერვენციებით $109 მილიონი დოლარი გაყიდა, მათ შორის პირველი ინტერვენცია 60 მილიონი დოლარის ოდენობით რუსული კანონის მიღებიდან მესამე დღეს 16 მაისს განხორციელდა, მეორე ინტერვენცია კი 28 მაისს 49 მილიონი დოლარამდე ოდენობით. რეზერვების შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი საქართველოს საგარეო ვალების მომსახურებაც იყო, რადგან სახელმწიფო საგარეო ვალებს სწორედ მისი მეშვეობით იხდის.

გასულ თვეში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეზე ნაკლებია.

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ის ნაცვლად, 6%-ით გაიზრდება - მთავრობის პროგნოზი

საქართველოს მთავრობა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის - აქამდე ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა, რის შედეგადაც წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტს 86 მილიარდი ლარისთვის უნდა მიეღწია. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი 87.7 მილიარდი ლარი იქნება.

აღნიშნული ცვლილება პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი თქმით, მაღალი ალბათობით ზრდა 6%-საც გადააჭარბებს. მისი განმარტებით, ეკონომიკური პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია არაერთი ფაქტორით, მათ შორის წლის პირველ 4 თვეში არსებული 9%-იანი ზრდით.

სტეფანწმინდა ლარსის ₾212-მილიონიან გზას სავარაუდოდ ჩინური კომპანია ააშენებს

სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ - China Railway Tunnel Group Co-მ წარადგინა, რომელიც სახელმწიფოს პროექტის აშენებას 212,548,390 ლარად სთავაზობს. ეს კი გზის სატენდერო სავარაუდო ღირებულებაზე 12.5 მილიონი ლარით ნაკლებია. საქართველოს მთავრობა რუსეთის საზღვრამდე მიმავალი ავტომაგისტრალის სრულ მოდერნიზაციას გეგმავს - ამისთვის მარტში გზების დეპარტამენტმა 225 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ორზოლიანი გზის პროექტი ურთულეს გეოგრაფიულ არეალში გაივლის და მგზავრობის დროს მკვეთრად შეამცირებს. მისი სიგრძე 4.5 კილომეტრი იქნება.

პროექტზე წინა ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში 246 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოქვეყნდა, თუმცა ის მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყდა, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტმა განახლებული ტენდერი გამოაქვეყნა.

ენერგეტიკული ბირჟის გახსნისთვის მთავრობამ ბაზრის წესები დაადგინა

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი, რომლითაც 2024 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟაზე დაიწყება ვაჭრობა. ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ექვსჯერ გადავადდა და ის საბოლოოდ 1 ივლისიდან შეზღუდული ფორმით გაიხსნება - ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ მარეგულირებელ ჰესებს (დიდი ზომის ჰესებს) ის არ შეეხება. გენერაციის ობიექტებთან ერთად ბირჟაზე იქნებიან წარმოდგენილი მსხვილი მომხმარებლები, თუმცა მათი ამ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით მოხდება. ამავე სისტემაში არ მოხვდება იმპორტირებული ელექტროენერგიაც. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, 2025 წლიდან კი ბაზარი სრულყოფილი სახით გაიხსნება.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიების მოტივაცია ჩაერთონ ენერგეტიკულ ბირჟაზე იქნება ელექტროენერგიის უფრო ხელსაყრელ ფასად შესყიდვასთან დაკავშირებული, რადგანაც სემეკის მიერ 2024 წელს ტარიფების 3-თეთრიანი შემცირების მიუხედავად შესაძლებელია იყოს საბაზრო ვითარება, რომელიც კომპანიებს (მსხვილ მომხმარებლებს) შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია კიდევ უფრო იაფად შეიძინონ.

მაისში საქართველოში ინფლაცია 2%-მდე გაიზარდა

მაისში საქართველოში 2%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ფასების მატება ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფს და საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება, რადგანაც წინა წელთან შედარებით ბენზინის ღირებულება 31%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სურსათის ფასებს, წინა წელთან მიმართებით სურსათის ღირებულება 0.7%-ით არის მომატებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები