გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:
2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, 2024 წლის პირველ ნახევარში კი ზრდა 9% იყო
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ივნისში ზრდა 7.5% იყო. საქსტატის თანახმად, გასულ თვეში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 13.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით მეტია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
აშშ საქართველოს მთავრობას $95-მილიონიან დახმარებას უჩერებს
31 ივლისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95-მილიონიან დახმარებას შეაჩერებს, რაც საქართველოსთან ურთიერთობათა გადახედვის გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის $95-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. დანიგანი აღნიშნავს, რომ გაჩერდება მხოლოდ ის დახმარება რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებდა, ხოლო ის პროგრამები, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის, მცირე მეწარმეობის განვითარებისა თუ განათლების მიმართულებებს მოიცავს შეუფერხებლად გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება აშშ-ის დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ.
საერთაშორისო არბიტრაჟმა ანაკლიის განვითარების კონოსრციუმის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
საერთაშორისო არბიტრაჟმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ინვესტორი, ანუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობამ პროექტის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნაბიჯები გადადგა, რასაც საბოლოოდ პროექტის განვითარების შეფერხება მოჰყვა, ამის საპასუხოდ კი საქართველოს მთავრობამ მათთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააუქმა. საერთაშორისო არბიტრაჟმა მოსარჩელის არგუმენტი არ გაიზიარა და გამარჯვება საქართველოს მთავრობას მიაკუთვნა. არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 650,000 დოლარის გადახდა დააკისრა, რომელიც იუსტიციის მინისტრის განცხადებით მთავრობის სასარგებლოდ ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განაცხადა, რომ მთავრობამ განგებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ეს თანხა სინამდვილეში სახელმწიფოსთვის არბიტრაჟის მომსახურების ანაზღაურებას გულისხმობს. კიდევ ერთი საკითხი რაზეც კონსორცციუმი მიუთითებს, არის მთავრობის განცხადება თითქოს დავა 1.5 მილიარდ დოლარს შეეხებოდა, ADC განმარტავს, რომ მთავრობა ამ მხრივაც სიცრუეს ავრცელებს, რადგანაც დავის საგანი, რაზეც კომპენსაციის მოთხოვნა იყო 476 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ანაკლიაში ფსკერის დაღრმავებისა და საინჟინრო სამუშაოების კონტრაქტორად ბელგიური Jan De Nul-ი გამოვლინდა
ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების, ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი გამოავლინა. აღნიშნულ ტენდერში ეკონომიკის სამინისტროს მოწვეული ჰყავდა ოთხი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც მსოფლიოს ფსკერდაღრმავებითი ფლოტის 80%-ს ფლობენ. საბოლოოდ ტენდერში საკუთარი წინადადება სამმა კომპანიამ წარადგინა, ხოლო გამარჯვებულად ბელგიური Jan De Nul-ი გამოვლინდა. ბელგიური საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია 1938 წლიდან ოპერირებს, კომპანია საერთო ჯამში 7 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 2.94 მილიარდი ევრო შეადგინა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 296 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. კომპანია რამდენიმე კონტინენტზე ოპერირებს, ესენია ევროპა, სპარსეთის ყურე, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, და აზია. კომპანია როგორც საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობით, ასევე ზღვებში ოფშორული (offshore) ქარის ელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის მოწყობით არის დაკავებული.
ჩინურ კონსორციუმ CCCC-ისთან ანაკლიის პორტზე მოლაპარაკებები გრძელდება
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კონსორციუმი CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულად შესაძლოა არც დასახელდეს. ამის შესახებ მინისტრმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ორი თვის გასვლის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ. ლევან დავითაშვილის თქმით, თუკი CCCC-ის საინვესტიციო წინადადება იქნება შესაბამისობაში სატენდერო მოთხოვნებთან, მაშინ ის გამარჯვებულად გამოვლინდება.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების მიღების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით იმის მიუხედავად რომ ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი ნიშნულის ქვემოთ ნარჩუნდება, სებ-მა განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მომეტებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე სებ-ის ფრთხილი მიდგომით არის განპირობებული. საბაზო პროგნოზით ეროვნული ბანკი კვლავ მოელის, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალისთვის რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისთვის ხელსაყრელი გარემო იქნება, თუმცა მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში სებ-ი განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას, ან მის ზრდასაც არ გამორიცხავს.
ივლისში საქართველოში 1.8%-იანი ინფლაცია იყო
2024 წლის ივლისში საქართველოში 1.8%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ივნისის ინფლაციასთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა არა სურსათის, არამედ ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდამ იქონია. კერძოდ, კი ტრანსპორტის ჯგუფში საწვავის 30%-იანი გაძვირების გამო, ფასები საშუალოდ 9.4%-ით არის გაზრდილი. სურსათის ჯგუფში წინა წელთან შედარებით ფასები 1.4%-ით არის გაზრდილი.
"მაგთი" ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც დომინანტ მოთამაშედ შეიძლება გამოცხადდეს
მობილური მომსახურების შემდეგ "მაგთის" სავარაუდოდ, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც მიენიჭება დომინირებული საბაზრო მოთამაშის სტატუსი - აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების მიღებას 8 აგვისტოს გეგმავს. კომუნიკაციების კომისიამ მობილურ ბაზარზე მაგთი დომინირებულ მოთამაშედ 25 ივლისს გამოავლინა, რის შემდეგაც კომპანიას რამდენიმე ახალი რეგულაცია დაუწესდება, მათ შორის მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) დაშვების ვალდებულება, ასევე შიდა როუმინგისა და ინფრასტრუქტურის გაზიარების ვალდებულება დაუწესდება. კომუნიკაციების კომისიის ეს გადაწყვეტილება ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება და ის კომისიის შეფასებით, ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
იმ შემთხვევაში თუკი "მაგთი" ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც გამოცხადდება დომინირებულ მოთამაშედ, მაშინ მას საკუთარ ინფრასტრუქტურაზე დაშვების ვალდებულებები გაუჩნდება. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ეს ნაბიჯი საჭიროა, რათა ქვეყნის მცხოვრებლებს ფიქსირებულ ინტერნეტზე უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეთ.