მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

6429534100584
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.23 13:58
3101
სტატიაში საუბარია:
გთავაზობთ გასული კვირის (27 მარტი - 2 აპრილი) მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს:

1) სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა

ეროვნულმა ბანკმა 29 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მათ, ვისაც სესხი ცვლად განაკვეთეზე აქვს მიბმული, კრედიტის ღირებულება უცვლელად შეუნარჩუნდება. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ინფლაციას უკვე შემცირების დინამიკა აქვს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ნაადრევია და ამისთვის საჭიროა ინფლაციის კლებამ უფრო მყარი ტრენდის სახე მიიღოს. ამასთან, ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ წლის მეორე ნახევარში ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს არამხოლოდ დაუახლოვდება, არამედ მასზე დაბალიც იქნება.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

2) თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.1% იყო. საქსტატის ცნობითვე, თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში. თებერვალში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6 537 შეადგინა, რაც წლიურად 57.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ კი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წლიური ზრდა 11.7%-ს შეადგენს.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

3) ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეხუთედ გადავადდა

მთავრობამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადაავადა. წესით, ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ აპრილს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ის კიდევ რამდენიმე თვით გადადო. ეს რეფორმის დაწყების მეხუთე გადავადებაა. საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო. ის ჯერ 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 1 მარტამდე გადაიდო, თუმცა არც 1 მარტს ამოქმედებულა. რეფორმის დაწყება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა ის კიდევ ერთხელ გადავადდა და 2023 წლის 1 აპრილამდე გადაიდო, მაგრამ ის კიდევ ერთხელ, ამჯერად 1 ივლისამდე გადავადდა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

4) რა ბედი ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს. ამასთან, მინისტრი ირწმუნება, რომ კლინიკის პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ღირსეული ანაზღაურების გარეშე.

ჯანდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლების პროექტის სავარაუდო ღირებულებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო 63 000 კვ.მ. ფართობის არის, საიდანაც კოვიდ-პანდემიის დაწყებისას ფორსმაჟორში 6 000 კვ.მ-ზე რემონტი განხორციელდა, რისთვისაც დაახლოებით 11 მლნ ლარი დაიხარჯა. მინისტრი ამბობს, რომ ეს ხარჯი იმ პერიოდისთვის არამიზნობრივი არ იყოს, თუმცა ახლა საავადმყოფოს მხოლოდ გარემონტება ხარჯთეფექტური არ იქნება და უმჯობესია შენობის ადგილზე ახალი თანამედროვე კლინიკა აშენდეს.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

5) საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირდება

ეროვნული ბანკის მიერ წინა კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო და მშპ-ის მხოლოდ 4.1 პროცენტს შეადგენდა. შედარებისთვის, დეფიციტი ორჯერ უფრო მაღალი იყო 2021 წელს და ის 10.4% იყო.

საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

6) “საქართველოს კაპიტალმა” “რამადას” ბრენდის სასტუმროები $28 მილიონად გაყიდა

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა “საქართველოს კაპიტალმა”, სტუმარმასპინძლობის სფეროში მისი აქტივების ნაწილის რეალიზების შესახებ გააკეთა განცხადება. “საქართველოს კაპიტალმა” თბილისში რამადა ენკორის ბრენდის ორი სასტუმრო და ერთი ვაკანტური მიწის ნაკვეთი $28 მილიონ დოლარად გაყიდა. საუბარია თბილისში ყაზბეგის გამზირზე მდებარე სასტუმროზე "რამადა ენკორი", რომელიც 152 ნომერს აერთიანებს, ობიექტი 2018 წელს გაიხსნა. ხოლო მეორე სასტუმრო მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და 125 ნომერს აერთიანებს. სასტუმრო 2022 წელს გაიხსნა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე

7) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 22 მილიარდ ლარს ჩამოსცდა

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.26 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა, დოლართან და ევროსთან ლარის გამყარების გამო ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა 21.7 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 3.9 მილიარდით არის შემცირებული.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

8) მთავრობის მიერ გამოცხადებული ელექტროენერგიის შესყიდვის CFD აუქციონები დასრულდა

განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სიმძლავრის 300 მაგავატის აუქციონები დასრულდა. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა, განაცხადა, რომ CFD აუქციონზე 78 განაცხადი შევიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული პირების მიერ საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა დახურული კონვერტის სახით მოხდა.

ენერგეტიკის დაფინანსების CFD მოდელის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

9) საქართველოს მომგებიანი ბანკების რეიტინგი - იანვარ-თებერვლის შედეგები

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს იანვარ-თებერვლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტების თანახმად, 15-მა ბანკმა ჯამში 384 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია. წმინდა მოგების მხრივ წელს პირველ ადგილზე “საქართველოს ბანკია”, რომელმაც 182 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა. მეორე პოზიციას 130 მილიონით “თიბისი” იკავებს, მესამეზე კი “კრედო” ბანკია 18 მილიონის მოგებით. ამასთან სამი კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზე იმყოფება.

სრული რეიტინგი იხილეთ ბმულზე.

10) ინგლისის სასამართლომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს $170 მლნ-იანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა

2023 წლის 21 მარტს, ინგლისისა და უელსის სასამართლოს სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომლითაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს, მის ბიზნესპარტნიორებს ბენჯამენ მარსონს და იგორ ალექსეევს დააკისრა მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო. დაკისრებული კომპენსაციების მთლიანი მოცულობა $170 მილიონ დოლარს აღემატება, რაშიც შედის როგორც უშუალოდ კომპენსაცია, ასევე დარიცხული პროცენტი და იურიდიული ხარჯების ანაზღაურება.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები