მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

647c96dca0c42
BM.GE
04.06.23 17:39
2263
სტატიაში საუბარია:
გასული კვირის (29 მაისი - 4 ივნისი) მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები:

• სებ-მა დოლარის გაყიდვა დაიწყო:

9 თვეზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი სავალუტო აუქციონი განახორციელა. ბოლო პერიოდში ლარის დაახლოებით 13-თეთრიანი გაუფასურების ფონზე, 2 ივნისს სებ-მა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 17.1 მილიონი აითვისა. შეგახსენებთ, რომ სებ-ი Bmacth პლატფომის მეშვეობით რეზერვების შესყიდვის პოლიტიკას აწარმოებს და მხოლოდ წელს შესყიდვებმა 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

• წლიური ინფლაცია 1.5%-მდე შემცირდა:

მაისში წლიური ინფლაციის დონე 1.5%-მდე შემცირდა. ეს 2019 წლის დეკემბრის შემდეგ, ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გახდება თუ არა ეს რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი შემცირების საფუძველი 21 ივნისს გაირკვევა, როდესაც სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მორიგ შეხვედრას გამართავს.

• საქართველომ ინტერ რაოსთან წაგებული 112 მილიონი დოლარი გაასაჩივრა:

საქართველომ ინტერ რაოსთან საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული 112 მილიონი დოლარი გაასაჩივრა - ამის შესახებ ბიემჯის იუსტიციის სამინისტრომ ამ დავასთან დაკავშირებით წერილობით პასუხში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ თელასის მფლობელ რუსულ ენერგოგიგანტთან ორი სატარიფო დავა წააგო. ჯერჯერობით უცნობია როდის დასრულდება ამ სარჩელის განხილვა.

• უკრაინამ თამაზ გაიაშვილი და "ჯორჯიან ეარვეისი" დაასანქცირა:

უკრაინამ ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი”, ასევე მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი და მისი ძმა დავით გაიაშვილი დაასანქცირა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 20 მაისიდან "ჯორჯიან ეარვეისმა" თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისების შესრულება დაიწყო, ამასთან მითითებულია, რომ გაიაშვილების საკუთრებაში არსებული კომპანიები საქართველოში ჰენდლინგურ მომსახურებას უწევენ რუსულ ავიაკომპანიებს "აზიმუტსა" და "რედ ვინგსს". 

• საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და 2008 წლის ომზე. ზურაბიშვილის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ე.წ რუსულ კანონთან მომხდარი ადასტურებს, რომ ქართველების სწრაფვას დემოკრატიისკენ ვერაფერი შეაჩერებს.

“12 რეკომენდაციიდან ზოგერთია იმპლემენტირებული, თუმცა მეტია შესაძლებელი და მეტი უნდა გაკეთდეს. მომდევნო თვეებში ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. კერძოდ ის, რომ ჩვენ მეორე შანსი არ გავუშვათ. ამას ქართველი ხალხი არ გვაპატიებს. ბოლო ორ წელში გამოჩნდა, რომ ქართველები არ დანებდებიან, არც უკრაინის სოლიდარობაში და არც საქართველოს ევროპული მომავალში.

კანდიდატის სტატუსი უზრუნველყოფს დაცვასა და უსაფრთხოებას საქართველოსთვის, ასევე დაცვას რუსეთისგან. გაკვეთილები, რაც ვისწავლეთ 2008, 2014 და 2022 წლიდან არის, რომ ყოყმანს თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ძალიან მძიმეა. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მოწადინებულია, რომ საქართველო იყოს ევროპა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ

• სებ-მა ბანკებს რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაუზარდა - რას ნიშნავს ეს?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს უცხოელების მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაეზარდათ. სებ-ის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში შემოსული კაპიტალი შესაძლოა დროებით ხასიათს ატარებდეს და არამდგრადი იყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ისინი განსხვავებული სახით იყოს ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებში ასახული. ამიტომაც სებ-მა ამ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაზარდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

• ეროვნული ბანკი ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზის გაზრდას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას პროგნოზირებენ.

"მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ჩვენ 5% გვაქვს, თუმცა ჩვენი უკვე არსებული მონაცამების საფუძველზე ეს პროგნოზი გადაიხედება გაზრდის კუთხით, ჩვენ მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ პერიოდში უკვე გადავხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. მთლიან შიდა პროდუქტში ვითვალისწინებთ ყველაფერს, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის ჩამოყალიბებაზე", - აცხადებს ლეჟავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები