მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის - 19 - 25 ივნისის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

6497fd696ed34
შოთა ტყეშელაშვილი
25.06.23 13:02
1224
სტატიაში საუბარია:
გასული კვირის - 19 - 25 ივნისის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები:

1) ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებელი იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩიეს. სებ-ის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საბჭოს 7 წევრიდან 5-მა მას მხარი დაუჭირა. ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს დაიკავებს იქამდე, სანამ ეროვნული ბანკის საბჭო ახალ პრეზიდენტს არ აირჩევს. ნათია თურნავა სებ-ის საბჭოს წევრი 2022 წლის ივნისში გახდა და ის პოსტს 7 წლის განმავლობაში დაიკავებს. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2022 წლის თებერვლამდე იკავებდა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე თურნავამ არჩილ მესტვირიშვილი შეცვალა.


2) რა იქნება ნათია თურნავას პრიორიტეტები სებ-ში და რას ეტყვის ის IMF-ს?

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ი იზრუნებს დედოლარიზაციის პოლიტიკა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან სებ-ში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„აქ ერთ-ერთ მიმართულებად მესახება, დეპოზიტების მიმართულებით ვიზრუნოთ დოლარიზაციის წვლილის შემცირებაზე“, - განაცხადა მან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა, ასევე თქვა, რომ დედოლარიზაციის მიმართულებით კარგი მიღწევები არის, თუმცა გამოწვევები კიდევ არსებობს.

ნათია თურნავა ასევე აცხადებს, რომ სებ-ის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდის წუხილი ესმის, თუმცა მარეგულირებელი სავალუტო ფონდისთვის არსებული ცვლილებების მნიშვნელობის ახსნას შეეცდება და ფონდთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

კითხვაზე - დგას თუ რა ქვეყნისთვის სავალუტო ფონდის პროგრამების შეჩერების რისკი, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკითხს ასე არ დააყენებდა.

„ჩემი პოზიცია კანონთან დაკავშირებით ყოველთვის ეს იყო, რასაც ახლა ვამბობ. საჯაროდ ეს აქამდე არასდროს გამომიხატავს. დიახ, იყო კითხვები და გვესმის სავალუტო ფონდის წუხილი. გარკვეულწილად ეს იყო ეროვნული ბანკის ყოფილი მენეჯმენტის პოზიციაც, რომ წინასწარი კომუნიკაცია და მეტი კონსულტაცია უნდა ყოფილიყო. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ კანონმა გაცილებით დიდი პრობლემა მოხსნა და მე კონკრეტულად გითხარით, დეკემბერში როდესაც არჩილ მესტვირიშვილს გუნდში ყოფნის ვადა უმთავრდება, რა ხდება ამ დროს, ძველი კანონი ამის შესახებ არაფერს ამბობდა. ახლა როგორც ბევრ სხვადასხვა უწყებაში და სტრუქტურაში ხდება, კანონით იქნება გაწერილი ეს მემკვიდრეობითობა.

სავალუტო ფონდთან ვაპირებთ თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა გაუგებრობა აღმოიფხვრას და ჩვენ მათთან ეფექტიანი თანამშრომლობა გავაგრძელოთ,”- აცხადებს ნათია თურნავა.


3) როგორ ასრულებს საქართველო EU-ს 12 პრიორიტეტს - ევროკომისარის განცხადება

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ბევრი ნაბიჯი რჩება გადასადგმელი სასამართლო რეფორმის, დეოლიგარქიზაციის, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, მედიათავისუფლების მიმართულებით.

ამის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ ევროპული საბჭოსთვის ევროკომისიის მიერ უკრაინის; საქართველოს და მოლდოვის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ გაკეთებული ზეპირი პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ 12-დან 3 პრიორიტეტი უკვე შესრულებულია. ესენია გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და სახალხო დამცველის დანიშვნის მიმართულებით,”- განაცხადა ვარჰეიმ. ამასთან, მისი თქმით, 7 პრიორიტეტის შესრულებაში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა მაინც საქართველოს არაერთი კრიტიკული საკითხი რჩება გადასაჭრელი.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


4) “ჯორჯიან მანგანეზსა” და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება მიღწეულია

"ჯორჯიან მანგანესა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. შესაბამის განცხადებას კომპანია ავრცელებს.

"სახელმწიფოს, მედიაციისა და პროფკავშირების ჩართულობით, ჯორჯიან მანგანეზსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. სამედიაციო შეთანხმება ძალაში 24 ივნისიდან შევიდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ აიღო ვალდებულება ჭიათურაში სამთო მოპოვებითი საქმიანობა განაახლოს.

ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, რაც შეეხება ხელფასის მატებას, თანამშრომლებს ხელფასი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით განესაზღვრებათ, კერძოდ კი კომპანიასა და თანამშრომლებს შორის მანამდე გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე.

სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა შეიქმნას კომისია, მხარეთა წარმომადგენლობით და ჩართულობით, რომელიც 3 თვის განმავლობაში მოახდენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას. ამასთან, ჩატარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური აუდიტი.

მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა, მედიატორმა და პროფკავშირებმა მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. უფრო ვრცლად იხილეთ სტატიაში.


5) ყაზახეთს საქართველოს მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა სურს

ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს, რა დროსაც საქართველოსთან სინქრონულ თანამშრომლობას საკვანძოდ მიიჩნევენ, - ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ალიხან სმაილოვის თქმით, საქართველო და ყაზახეთი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მხარეთა პოზიციები თანხვედრაშია. ყაზახეთის პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.


6) საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

მიმდინარე წელს საქართველომ 416 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ესქსპორტზე. ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-ით მეტია. რაც შეეხება მიღებულ შემოსავალს, ის 29.9 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წლიურად 26%-ით არის გაზრდილი. ყველაზე დიდი მოცულობის ენერგია მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მეზობელ თურქეთში გავიდა, სადაც ექსპორტის მოცულობამ თითქმის 27 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სომხეთში კი საქართველომ დაახლოებით 3 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიყიდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.


7) მერიის მიერ გამოცხადებულ ₾259-მილიონიან ტენდერში “თეგეტა მოტორსმა” გაიმარჯვა, დედაქალაქი Man-ის 160 ახალ ავტუბუსს იყიდის

თბილისის მერია Man-ის მარკის, 18-მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ახალ ავტობუსს შეიძენს. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულად “თეგეტა მოტორსი” გამოაცხადა, შესაბამისად კომპანიასთან 259 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება. “თეგეტა მოტორსის” მიერ წარდგენილი საფასო ცხრილის თანხმად, ერთი ავტობუსის ღირებულება 1,527,660 ლარია, ხოლო 200,000 კილომეტრზე ერთი ავტობუსის დამატებითი ტექნიკური მომსახურების ღირებულება 91,099 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ავტობუსის შესყიდვის და 200,000 კილომეტრზე მისი ფლობის საფასური 1,618,759 ლარს შეადგენს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.


8) საქართველოდან ავტოექსპორტი რეკორდულ თანხამდე - $800 მილიონ დოლარამდე გაიზარდა

2023 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 795 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. თანხობრივად ექსპორტი წინა წელთან შედარებით 316%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი 18 ათასი დოლარია. რაც შეეხება ქვეყნებს, პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც საქართველოდან 189 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა. მეორე ადგილზე 187 მილიონით ყაზახეთი, მესამეზე კი ყირგიზეთია 182 მილიონის ექსპორტით. უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.


9) ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ კვლევებს კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს

თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება - ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ახალი საერთაშორისო აეროპორტი სავარაუდოდ, ვაზიანის აეროდრომის ბაზაზე აშენდება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.


10) 5 თვეში მთავრობამ 7 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 5 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ცენტრალურ ბიუჯეტში სულ 6.95 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც ბიუჯეტის 6 თვის გეგმის 90%-ია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულება ასე ნაწილდება:

გადასახადების მობილიზება 2023 წლის 5 თვეში:

დამატებული ღირებულების გადასახადი - 2.65 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 87%;
საშემოსავლო გადასახადი - 2.33 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 93%;
მოგების გადასახადი - 918 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 84%;
აქციზის გადასახადი - 769 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 96%.
იმპორტის გადასახადი - 58 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 105%.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლის სხვა წყაროებს, პრივატიზაციიდან ანუ არაფინანსური აქტივების კლებიდან ბიუჯეტში 30 მილიონი ლარი შევიდა, რაც 6 თვის გეგმის 35%-ია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები