მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობას წელს დაასრულებენ - Reuters

მოდი ლაიენი

ევროკავშირმა და ინდოეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პაქტზე მუშაობა მიმდინარე წელს დასრულდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინდოეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.

ვიზიტის დროს ფონ დერ ლაიენს თან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ახლდნენ. ინდოეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე იმართება - ბრიუსელი და ნიუ-დელი იმ ძირითად მიმართულებებს განიხილავენ, სადაც ორ მხარეს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ახლო თანამშრომლობაა შესაძლებელი.

ფონ დერ ლაიენის შეფასებით, ევროკავშირი მოელის "ამბიციურ" სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც დაფარავს როგორც, მაგალითად, ფარმაცევტულ, ასევე თავდაცვის და სხვა ინდუსტრიებს.

ინდოეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2021 წლიდან, 8-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ევროკავშირი ინდოეთის პროდუქტის უმსხვილესი იმპორტიორია. ათწლეულის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობა 90%-ით გაიზარდა და 2023/24 ფისკალურ წელს $137.5 მილიარდი შეადგინა.

ევროკავშირის მიზანია, ინდოეთმა ავტომობილების იმპორტზე ტარიფები შემაციროს, ინდოეთი კი ცდილობს თავისი იაფი მედიკამენტები ევროკავშირის ბაზარზე უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს. ინდოეთს ასევე სურს EU-ს მხრიდან ტარიფების შემცირება ქსოვილისა და ტყავის ნაწარმის ექსპორტზე.

ორივე მხარე აღნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დაგვირგვინდება დოკუმენტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები