ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდის დაფინანსება დაამტკიცა. კომისიის გადაწყვეტილებით, გამოყოფილი ფინანსური პაკეტი ახალი თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარების შესყიდვას მოხმარდება.
ეს თანხა ემატება მანამდე დანერგილ €16 მილიარდის ღირებულების შესყიდვების გეგმას, საიდანაც €8.35 მილიარდი უკვე ჩარიცხულია. ევროკომისიის ხელმძღვანელობამ, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ იერიშების გაძლიერების ფონზე, ევროპა უკრაინის გვერდით დგას და მისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება უკრაინის მხარდაჭერის €90-მილიარდიანი სესხის ნაწილია, რომელიც 2026-2027 წლებში ქვეყნის ბიუჯეტისა და თავდაცვის სექტორის დახმარებას ისახავს მიზნად. ევროკომისიის განმარტებით, შეიარაღების შესყიდვების უდიდესი ნაწილი უშუალოდ ევროკავშირის თავდაცვითი კომპანიებიდან განხორციელდება.
დაფინანსების მისაღებად უკრაინულ მხარეს თავდაცვის კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების წარდგენა მოეთხოვება. ევროკომისია ხელშეკრულებებს ფულის გადარიცხვამდე შეამოწმებს, რათა დაადგინოს, რომ გამოყოფილი სახსრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შეთანხმებულ მიზნებს ხმარდება.
ცნობისთვის, 2022 წლიდან დღემდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას სულ €220.2 მილიარდის ოდენობის დახმარება გაუწიეს.




























