მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პრიორიტეტს? - ვარჰეის განცხადება

649456644e0f1
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.23 18:15
693
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ბევრი ნაბიჯი რჩება გადასადგმელი სასამართლო რეფორმის, დეოლიგარქიზაციის, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, მედიათავისუფლების მიმართულებით.

ამის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ ევროპული საბჭოსთვის ევროკომისიის მიერ უკრაინის; საქართველოს და მოლდოვის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ გაკეთებული ზეპირი პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ 12-დან 3 პრიორიტეტი უკვე შესრულებულია. ესენია გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და სახალხო დამცველის დანიშვნის მიმართულებით.

7 პრიორიტეტის მიმართულებით საქართველოს ჰქონდა გარკვეული პროგრესი.

პოლიტიკური პოლარიზების მხრივ, ვხედავთ რომ პარლამენტართა უმრავლესობამ შეწყვიტა მათი ბოიკოტი და მრავალპარტიული მხარდაჭერით კანონები იქნა მიღებული. ამ პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველომ უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და შეამციროს მწვავე რიტორიკა. ასევე დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმების პირობებს.

მეორე პრიორიტეტის შესახებ - სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მთავრობამ მიიღო საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონშიც შევიდა ცვლილებები, რათა გათვალისწინებული ყოფილიყო ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები. თუმცა კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ამ მხრივ გააძლიეროს საპარლამენტო კონტროლი, უკეთესი რეაგირება დაინერგოს საარჩევნო ხმების მოსყიდვის ბრალდებებზე, როგორც ეს ოდირის შეფასებებშია აღნიშნული.

მესამე პრიორიტეტის - ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან და მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით საქართველომ უნდა წარადგინოს კანონპროექტი ვენეციის კომისიის განმეორებითი დასკვნისთვის. უნდა ჩატარდეს უფრო ფართო რეფორმა განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასევე მოხდეს დანიშვნა დარჩენილი არამოსამართლე წევრების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

მეოთხე პრიორიტეტის, ანუ ანტიკორუფციული ღონისძიებების მხრივ, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა. ამ ნაბიჯის სრულად შესასრულებლად საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებლად ოპერირებდეს და ვენეციის კომისია უნდა იყოს ინფორმირებული ამ საკითხთან მიმართებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას OECD-ის ანტიკორუფციული ქსელიდან გამოსვლის თაობაზე.

მეექვსე პრიორიტეტის ორგანიზებული კრიმინალის მიმართულებით საქართველომ გააძლიერა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა. ახლა საქართველომ უნდა გაამახვილოს ყურადღება ყველა დარჩენილ რეკომენდაციასთან, მათ შორის მანივოლის რეკომენდაციებთან მიმართებით.

მერვე პრიორიტეტის - ადამიანის უფლებათა დაცვისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის მიმართულებით საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით არის მომზადებული და რომ LGBTQI საზოგადოების წევრების უფლებები არის დაცული. საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტთან მიმართებით, საქართველომ მცირე პროგრესი განიცადა. ამ მხრივ ვენეციის კომისიამ 12 ივნისს გასცა რეკომენდაცია, რომ კანონპროექტი ამ სახით არ უნდა იყოს მიღებული. ამ მხრივ მე მივესალმები გუშინ და გუშინწინ გაკეთებულ გადაწყვეტილებებს მმართველი პარტიის მხრიდან, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ამჟამად საქართველო უნდა ფოკუსირდეს სისტემურ მიდგომაზე, რომელიც ვენეციის კომისიის შესაბამისი იქნება. მათ შორის კონკურენციის პოლიტიკაზე აქცენტისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით.

მედიაპლურალიზმისა და მედიის მფლობელთა მიმართ დაწყებული გამოძიებების მხრივ, საქართველოს არ ჰქონია პროგრესი, იმისთვის რათა შესრულებულიყო ეს პრიორიტეტი, საქართველომ მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა შეიტანოს ცვლილებები, რაც ევროპული საბჭოს რეკომენდაციებთან იქნება თანხვედრაში. ასევე უნდა გაიზარდოს ჟურნალისტების პროფესიული დაცვის სტანდარტები, ასევე დაცული უნდა იყოს ჟურნალისტებისა და მედიისა და მედიამფლოებელების თავისუფლებები,”- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები