მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს 12 პუნქტის შესრულება - სად არის საქართველო რეფორმების მხრივ?

649bf878b8abd
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.23 13:25
687
საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება - ევროკომისიამ 2023 წლის ოქტომბერში უნდა გამოაქვეყნოს სრული ანგარიში, რაც საქართველოს; მოლდოვისა და უკრაინისთვის განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებას შეეხება.

საქართველოს EU-მ 12 პრიორიტეტის შესრულება განუსაზღვრა. 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ 12-დან 3 პრიორიტეტი უკვე შესრულებილია, 7 პრიორიტეტის მხრივ გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, ხოლო 2 პრიორიტეტში კი პროგრესი საერთოდ არ ყოფილა.

დღეს საქართველოში მოქმედმა 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სტატუსმეტრის ანგარიში თითოეული პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. თითოეული პრიორიტეტის მხრივ ამჟამად არსებული ვითარება ასეთია:

1. დეპოლარიზაცია - შესასრულებელია

ევროკავშირი მოითხოვს:

“19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით.”

2. საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები - ნაწილობრივ შესრულდა

ევროკავშირი მოითხოვს:

“უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირმა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა.”

3. დამოუკიდებელი სასამართლო - ნაწილობრივ შესრულდა

ევროკავშირი მოითხოვს:

“მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი, და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით.”

4. ანტიკორუფციული ზომები - ნაწილობრივ შესრულდა

ევროკავშირი მოითხოვს:

“გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახალდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.”

5. დეოლიგარქიზაცია - შესასრულებელია

ევროკავშირი მოითხოვს:

“დეოლიგარქიზაციის პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით.”

6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - მეტწილად შესრულდა

ევროკავშირი მოითხოვს:

“ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით;

სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული.”

7. მედიათავისუფლება - შესასრულებელია

ევროკავშირი მოითხოვს:

“უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.”

8. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების გაძლიერება - ნაწილობრივ შესრულდა

ევროკავშირი მოითხოვს:

“სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით.”

9. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა - მეტწილად შესრულდა

ევროკავშირი მოითხოვს:

“გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ.”

10. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა - შესასრულებელია

ევროკავშირი მოითხოვს:

“უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.”

11. ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება - შესრულდა

ევროკავშირი მოითხოვს:

“მიღებული იქნას კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.”

12. დამოუკიდებელი სახალხო დამცველი - ნაწილობრივ შესრულდა

ევროკავშირი მოითხოვს:

“უზრუნველყოფილი იქნას, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პირს და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.”

“დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია,”- ნათქვამია სტატუსმეტრის ანგარიშში.


დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები