მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში განიხილავს პარლამენტი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს? - პაატა კვიჟინაძის პასუხი

პაატა კვიჟინაძე

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ერთი თვის წინ წარედგინა, პარლამენტი იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას ოთხივე ვაკანტურ პოსტზე წარადგენს - ამის შესახებ bm.ge-ის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განუცხადა.

"ჩვენ ველოდებით. 4 კანდიდატურაა შერჩეული და როდის წარადგენს. ჩვენ, ამ საქმეში არ ვერევით. როგორც განაცხადეს, ოთხი, თუ ხუთი ადამიანი ჰყავთ შერჩეული. იქიდან საშუალება იქნება ავარჩიოთ ის, რომელიც დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიცაა კომპეტენტურობა და დამოუკიდებლობა. სათითაოდ ყოველ კვირაში ახალი კანდიდატურა რომ წარმოადგინოს, ასე არ გამოვა. ველოდებით, სრულად როდის წარმოადგენს. თუ არა, ოქტომბერიც მოვიდა უკვე, პარლამენტიც შეიცვლება და პრეზიდენტიც.

ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ გადის ჩვენთან კონსულტაციებს. ვიძახით ევროპა და ამერიკა და დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც კონსულტაციები არ ხდება. ელჩი რომ ელჩია, პრეზიდენტი იმაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს სენატთან და ეს [სალომე ზურაბიშვილი] ჩაიკეტება, ვიღაცებთან ერთად გადაწყვეტს და გვიგზავნის კანდიდატურას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ოთხიდან, რომლებიც ჩვენთან არ იყვნენ შეთანხმებული, ორი ავირჩიეთ. ახლა ვნახოთ ვის წარმოადგენს და თუ იქ, იქნება ვინმე ისეთი, ვინც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს კი ბატონო", - განაცხადა კვიჟინაძემ.

კითხვაზე, რამდენად ლეგიტიმურია საერთაშორისო ორგანიზაციების კითხვები, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიმართ არსებობს, კვიჟინაძე ამბობს რომ არსებობდა სამართლიანი, ან უსამართლო წუხილები, არსებული შეთანხმებების საქართველოს მხრიდან დარღვევის გამო, თუმცა ჩვენ, სუვერენული ქვეყანა ვართ და ჩვენი პოლიტიკა გვაქვს.

"კანონი, ასეთ რამეს არ ითვალისწინებს, თუ მთლიანი შემადგენლობა დაკომპლექტდა, აღმასრულებელი ყველა ვარიანტში ნაკლები იქნება არააღმასრულებელზე. რაც ეხება დამოუკიდებლობას ყველა, ვინც იქ [ეროვნულ ბანკში] არის არჩეული, ყველა ქალბატონი სალომეს მიერაა გამოგზავნილი და ეჭვი არავის გასჩენია. ჩვენ, არც არავინ დაგვიმატებია, ვერც დავამატებდით. IMF-ს სწყდებოდა გული სამართლიანად თუ არასამართლიანად იმაზე, რომ არის ასეთი შეთანხმება რომ ასეთი გადაწყვეტილებები [პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტის გაჩენა] მასთან შეთანხმდეს, მაგრამ ჩვენ, სუვერენული ქვეყანა ვართ და ეს ჩვენი პოლიტიკაა. პრინციპში, არავინ იყო წინააღმდეგი შეგვეთანხმებინა. უბრალოდ, დადგა მომენტი, რომ პრეზიდენტი მიდიოდა, ბატონი კობა და ახალი არ ჩანდა იმ დამოკიდებულების გამო, რასაც საქართველოს პრეზიდენტი აკეთებდა შეიძლება ისეთი რამე მომხდარიყო, რომ არ გვყოლოდა არც პრეზიდენტი და არც საბჭო, რაც შემდგომში დამტკიცდა კიდეც. რომ არ ყოფილიყო ეს კანონი არ იქნებოდა არც პრეზიდენტი და არც საბჭო.

როგორც ამბობენ, კომისიამ იმუშავა და შეარჩია კანდიდატები. სამწუხაროდ, არაევროპულად მოიქცა და ჩვენ, საერთოდ არ გვეკითხება ამ საკითხს. თუ წარმოადგენს ყველას როგორც ადრე, 4 წარმოდგენილიდან ორი ავირჩიეთ თუ შესაბამისი კანდიდატები იქნება ავირჩევთ. მაგრამ თუ ის ფიქრობს, რომ ყოველ კვირაში თითოს წარმოადგენს და ჩვენ, ამ განხილვაში ვიქნებით, ასე არ გამოვა", - თქვა კვიჟინაძემ bm.ge-სთან.

სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია. შერჩეული 8 კანდიდატიდან პრეზიდენტს 5 კანდიდატი წარედგინა, საიდანაც ზურაბიშვილმა მხოლოდ ეკატერინე ღაზაძე შეარჩია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ადმინისტრაციამ 3 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნა წერილი, რომლითაც ისინი სთხოვდნენ პარლამენტს, ჩართულიყვნენ დამკვირვებლის სტატუსით კომისიის მუშაობაში. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პარლამენტისგან პასუხი არ მიუღიათ, რის შემდეგაც, 10 აპრილს, კომისიის შემადგენლობა შეიკრიბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები