"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, რიგგარეშე სხდომაზე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურას არ განიხილავს.
"გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ "ოცნება" არ განიხილავს საბჭოს წევრობის კანდიდატებს, რადგან არ სურს საბჭოში დამოუკიდებელი წევრები იყვნენ, რომელიც შემდგომში, დამოუკიდებლად აირჩევენ პრეზიდენტს.
"ჩემი შეხედულება ასეთია, ნებისმიერ ინსტიტუტს რომ გადახედოთ, "ოცნება" მუშაობს ერთადერთი პრინციპით, უნდა იყოს სრულად მის მიერ გაკონტროლებული და ბოლომდე მართვადი. აქაც იგივე ხდება, რადგან ის ადამიანები არ ჰყავთ წარდგენილი, რომლებიც მათთვის კომფორტული და მისაღები იქნებიან, ამიტომაც ამბობენ უარს დანიშვნაზე.
როცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყების საბჭო დაბალანსებულია, ეს იწვევს მოქალაქეების ნდობას. ხოლო, როცა რიგით ადამიანებს გვაქვს განცდა, რომ ეს ორგანო დამოუკიდებელი კი არ არის და კი არ მოქმედებს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მისთვის პარტია და პარტიული ინტერესია მთავარი ამის მერე ჩნდება უნდობლობა. დღეს, ყველაზე დიდი პრობლემა უნდობლობაა. ვერ ვენდობით სასამართლოს, ვერ ვენდობით ეროვნულ ბანკს, სამართალდამცავ უწყებებს და ა.შ. ამას საბოლოო ჯამში, დიდ გამოწვევამდე და უსაფრთხოების რისკებამდე მივყავართ.
"ოცნება", იმიტომ არ განიხილავს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატს, რომ არ უნდა დამოუკიდებელი წევრები, ეშინიათ, რომ შემდეგ დამოუკიდებლად აირჩევენ შემდგომში პრეზიდენტს", - განაცხადა დეპუტატმა.