ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, ყეინიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.
"ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.
პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას",- წერს ყეინიშვილი.
შეგახსენებთ, პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. 10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა.
























