მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადების მიზეზებზე განცხადებას გაავრცელებს - კვიჟინაძე

64b94666dc048
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.23 18:42
549
IMF პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადების მიზეზებზე განცხადებას გაავრცელებს - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ BM.GE-ს განუცხადა.

სსფ-ის პროგრამის შესახებ განცხადების გაკეთების შესახებ BM.GE-ს სავალუტო ფონდშიც დაუდასტურეს.

პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ IMF-ის მისიას არსებული მდგომარეობა განუმარტა და იმედოვნებს, რომ პროგრამა შემოდგომაზე დაზუსტდება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობა აქვს, რომლებთანაც მთავრობას და პარლამენტი მუდმივად მუშაობს. გარდა ამისა წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის სპეციალური მისია, რომელიც ამონიტორინგებს რა ხდება მაკრო/მიკროეკონომიკაში, ეკონომიკური მაჩვენებლები და ა.შ.

შემიძლია გითხრათ, რომ წინა ჩამოსვლისას ისინი მიმდინარე პროცესით კმაყოფილები იყვნენ, რადგან ძალიან ცოტა ქვეყანამ თუ შეძლო ისეთი რამ, რაც საქართველოში ხდებოდა, ანუ პანდემიის შემდეგ ასეთი ეკონომიკური ზრდა... მისიამ ადგილობრივ წარმომადგენლობასთან ერთად წარმოადგინა პროგრამის პროექტი, რომელიც შემდეგ საბჭოზე უნდა დამტკიცებულიყო. არ ვიცი პროგრამა რატომ გადაიდო, როგორც თვითონ ამბობენ, ამაზე განცხადებას თვითონ ხვალ გააკეთებენ, შეიძლება კანონთან დაკავშირებული მომენტიც იყო, მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ და ისინი თანამშრომლობისთვის არიან განწყობილნი. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი კი არ შეწყდა, არამედ შემოდგომაზე დამტკიცდება“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია, ამის შესახებ bm.ge-ის ფონდში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"მიმოხილვა გადაიდო და მიმდინარეობს მოლაპარაკება", - ნათქვამია ფონდის მიერ გამოგზავნილ წერილობით განმარტებაში. თუმცა, მიზეზების შესახებ დეტალებზე საუბრისგან IMF ამ ეტაპზე თავს იკავებს.

IMF-ის მისიამ პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის 11 მაისს დაასრულა, რასთან დაკავშირებითაც სებ-ში ფონდის, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის დროებითი მმართველის (არჩილ მესტვირიშვილის) მიერ სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა. თუმცა, უშუალოდ მიმოხილვის დასრულებისთვის აუცილებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტი IMF-ის ბორდმა დაამტკიცოს, რაც აღნიშნული მდგომარეობით გადადებულია.

13 ივნისს კი პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რასაც სებ-ის საბჭოს მიერ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავას არჩევა მოჰყვა.

აღსანიშნია, რომ მიმოხილვის დასრულების შემდეგ ქვეყნისთვის 40 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები