მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბიზნესისთვის შემაფერხებელია - სახდეპი

პროცენტი

საქართველოში საბანკო სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მრავალი ბიზნესისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემატური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის.

„კომერციული ბანკებიდან კრედიტი ხელმისაწვდომია როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე ადგილობრივი კლიენტებისთვის, თუმცა საპროცენტო განაკვეთები მაღალია, რაც შემაფერხებელი ფაქტორია მრავალი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“,- აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება საბანკო სისტემას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, ანგარიშის თანახმად, ის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მოგებიანია.

„ფინანსური სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდურ ბუფერებს პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად. უმოქმედო სესხების წილი მცირდება. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად პროგრესირდა და დიდწილად შეესაბამება ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

სახდეპის ანგარიშში მოხვდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში გასულ წელს, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, შესული სადავო ცვლილებებიც. ასევე აღნიშნულია, რომ საკითხზე კრიტიკული შეფასება ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელმაც შეაჩერა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა (Stand-By Arrangement).

ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება და ამ მიმართულებით სებ-მა ახალი განყოფილებაც შექმნა.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთესი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მაღალი რანგის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გამოწვევები არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები