მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა არის საჭირო საქართველოში ბანკის შესაქმნელად? - ₾50 მლნ საზედამხედველო კაპიტალი...

იმედი სებ

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „ტელეიმედი“ საკუთარი ბანკის შექმნას გეგმავს. როგორც ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს სახელწოდებით "იმედის ბანკი“.

24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედი“ და POSTV – სანქციები დაუწესა, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებულები არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ. ბანკებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. "ტელეიმედი" კი აცხადებს, რომ რამდენიმე ბანკმა, მათთვის საბანკო მომსახურების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ტელეკომპანიას არ სურს რომელიმე მათგანი დარტყმის ქვეშ დააყენოს.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში კომერციული ბანკის შექმნა ეროვნული ბანკისგან ლიცენზიის მიღებას საჭიროებს, BMG-მ სებ-ს ჰკითხა, მიმართვის შემთხვევაში გასცემენ თუ არა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ "იმედის" ჰოლდინგზე საბანკო ლიცენზიას.

4.03.2026|განახლება: თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განაცხადს განვიხილავთ - სებ

რა არის საჭირო კომერციული ბანკის შესაქმნელად?

კომერციული ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირია, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას ახორციელებს.

, კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კაპიტალის მინიმალური ოდენობის, მართვის სტრუქტურისა და გამჭვირვალობის მოთხოვნები.

კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით და მოითხოვს ეროვნული ბანკისგან ლიცენზიის მიღებას, მინიმალურ საწესდებო კაპიტალს, ბიზნესგეგმას, მკაცრ შესაბამისობას ფინანსურ რეგულაციებთან. პროცესი მოიცავს დამფუძნებლების შემოწმებას, წესდების დამტკიცებას და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მომზადებას.

უფრო დეტალურად, ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) მისი განაღდებული კაპიტალის ოდენობა შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ადმინისტრატორი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

დ) ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო არის გამჭვირვალე, შეესაბამება სათანადო კორპორაციული მართვის სტანდარტებს, უზრუნველყოფს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უქმნის ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. თუ ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ექვემდებარება სხვა ქვეყნის იურისდიქციას, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შეფასებისას ეროვნული ბანკი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გავლენას ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებაზე;

ე) ბიზნესგეგმის ადეკვატურობის, განხორციელებადობის და საბანკო სექტორში მისი პოტენციური პოზიციის გათვალისწინებით მას ექნება მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობა;

ვ) მისი სათავო ოფისი (ადგილი, სადაც ბანკის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა მიიღება) საქართველოს ტერიტორიაზეა და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოში მიკრობანკის შექმნა ასევე ეროვნული ბანკისგან ლიცენზიის მიღებას საჭიროებს, რაც თავის მხრივ კომერციული ბანკის ლიცენზიის მიღების მსგავსად, კომპლექსური და მკაცრად კონტროლირებადი პროცესია.

იმისთვის, რომ ორგანიზაციას მიკრობანკის სტატუსი მიენიჭოს, მან უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული, წინასწარ განსაზღვრული, მოთხოვნები. ამ შემთხვევაში საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 10 მილიონი ლარია. ლიცენზიის გაცემის ვადები კომერციული ბანკების ანალოგიურია. მიკრობანკი კომერციული ბანკისგან ძირითადად განსხვავდება მომხმარებლის სეგმენტით, მასშტაბით და რეგულაციების სიმკაცრით. მიკრობანკები უფრო მეტად ფოკუსირებულნი არიან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე და ფიზიკურ პირებზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც ვერ სარგებლობს ტრადიციული საბანკო მომსახურებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები