საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატთან, რომლებიც სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ წარადგინა, - ინფორმაცია 21 მაისს თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ მათ შესარჩევ კომისიაში მონაწილეობის მიღებისთვის ოფიციალურად მიმართეს საქართველოს პარლამენტს, თუმცა პარლამენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო.
BM.GE დაინტერესდა, თუ რა ფორმით მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს და რა ფორმით მიიღო უარი.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 3 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნა წერილი, რომლითაც ისინი სთხოვდნენ პარლამენტს, ჩართულიყვნენ დამკვირვებლის სტატუსით კომისიის მუშაობაში. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პარლამენტისგან პასუხი არ მიუღიათ, რის შემდეგაც, 10 აპრილს, კომისიის შემადგენლობა შეიკრიბა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინფორმაციით, მათ ადმინისტრაციისგან არანაირი წერილი არ მიუღიათ.
bm.ge ასევე დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახურს, შევიდა თუ არა წერილი თავმჯდომარის სახელზე და რატომ არავინ ჩაერთო კომისიის მუშაობაში, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.