საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა ევროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატთან, რომლებიც სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ წარადგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები 16 მაისს გაიმართა.
"საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკის სრულფასოვანი ფუნქციონირების, მისი დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შენარჩუნებისათვის. ამასთანავე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ევროკავშირის 9 დათქმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოსული 28 განაცხადიდან კანდიდატთა შერჩევის უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, შეიქმნა კანდიდატთა შესარჩევი კომისია,"- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
10 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, საქმიანობის პერიოდში, კომისიამ საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების დამუშავების, მათთან გასაუბრების მიზნით რამდენიმე სხდომა გამართა.
2024 წლის 26 აპრილს, შესარჩევმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინა 5 კანდიდატი, რომლებმაც შერჩევის პროცესში მოიპოვეს კომისიის ყველა წევრის მხარდაჭერა, შესაბამისად, შეირჩნენ კომისიის სრული კონსენსუსით. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, 2 აპლიკანტთან მიმართებით აცილება გააკეთა.
შესარჩევი კომისიის წევრები იყვნენ - არჩილ მესტვირიშვილი, გიორგი ისაკაძე, თამარ სულუხია, ნიკოლოზ ყაველაშვილი, გიორგი ხიშტოვანი.
ამასთან,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ შესარჩევ კომისიაში მონაწილეობის მიღებისთვის ოფიციალურად მიმართეს საქართველოს პარლამენტს, თუმცა პარლამენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო.