საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომელიც 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვის მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებით მოთხოვნებს აწესებს, დღეიდან 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ცვლილება მომხმარებლის ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებში შედის. ეროვნული ბანკის განმარტებით, ახალი მოთხოვნები მიზნად ისახავს მოწყვლადი სეგმენტის, მათ შორის 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების, თაღლითური სქემებისგან დაცვის გაძლიერებას.
რეგულაციის პირველი ეტაპი მხოლოდ საბარათე ოპერაციებზე გავრცელდება.
ახალი წესის მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ვალდებული იქნებიან, 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების მიერ ინიციირებული გარკვეული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციები დროებით შეაჩერონ ან, თუ ეს შეუძლებელია, მათ შესრულებაზე უარი თქვან.
რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც:
- გადახდის თანხა 500 ლარს აღემატება და ოპერაცია დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის მქონე საქმიანობასთან;
- ოპერაცია უკავშირდება ონლაინ სავაჭრო, მათ შორის „ფორექსის“, საინვესტიციო, სათამაშო ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობას;
- გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვის ან ქცევის თავისებურება.
რისკიანი ოპერაციის დაფიქსირების შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება მომხმარებელს დაუკავშირდეს და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, რათა მას ოპერაციასთან დაკავშირებული რისკების უკეთ გაანალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ამასთან, მომხმარებელს რისკიანი ან საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათის განმავლობაში ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ოპერაციის შესრულებას კვლავ გადაწყვეტს, ამის შესახებ მან მომსახურების პროვაიდერს უნდა დაუდასტუროს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, განახლებული რეგულაციები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების ანგარიშებიდან განხორციელებულ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვის უფრო მაღალი სტანდარტის გამოყენებას ავალდებულებს.
„მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვა, ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სებ-ის შეფასებით, ახალი მოთხოვნები ხელს შეუწყობს მომხმარებლების ინფორმირებულობის გაუმჯობესებას და შეამცირებს თაღლითების მანიპულაციის შედეგად ისეთი ოპერაციების განხორციელების რისკს, რომლებიც მომხმარებლისთვის შესაძლოა ფინანსურად საზიანო აღმოჩნდეს.




























