მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაჩნდა ეროვნულ ბანკში 7 ტონა მონეტარული ოქროს ყიდვის იდეა? - ინტერვიუ

გალდავა ყეინიშვილი მიქაბაძე

საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიცირება და გლობალური ინფლაციის რისკები ის ორი მთავარი ფაქტორია, რითაც საქართველოს ეროვნულ ბანკში $500 მილიონის დოლარის 7 ტონა მონეტარული ოქროს ყიდვის გადაწყვეტილებას ხსნიან. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა ისაუბრა და იქვე დასძინა, რომ საერთაშორისო რეზერვების პორტფელში ოქროს დამატება მიღებული პრაქტიკაა. როგორ გაჩნდა ეროვნულ ბანკში 7 ტონა მონეტარული ოქროს ყიდვის იდეა? IMF ოქროს ზოდების შეძენას (არ) იწონებს? რატომ გადაწყდა ოქროს არა - ლონდონში, არამედ თბილისში შენახვა? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დავით უტიაშვილმა "წერტილში" უპასუხა.

- საერთაშორისო სავალუტო რეზერვი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი აქტივია. სების გაცხადებული პოლიტიკაა რეზერვების დაგროვება. შარშან $1.5 მილიარდი შევიძინეთ და წელსაც ვაპირებთ, აქტიურად განვახორციელოთ შესყიდვები, როცა ბაზარი ამის საშუალებას მოგვცემს. ამდენად, რეზერვების ასეთმა ზრდამ შექმნა წინაპირობები, რომ უფრო მეტად გვეფიქრა, როგორ შეიძლება დაგროვილი რეზერვები განვათავსოთ უფრო უსაფრთხოდ; ჩვენმა კოლეგებმა შეხედეს საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც აჩვენებს, რომ მეტი და მეტი ქვეყანა თავის რეზერვების მნიშვნელოვან ნაწილს ოქროში ათავსებს. სებ-ის გადაწყვეტილების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი გახდა ისიც, რომ დავინახეთ გლობალური ინფლაცია, რომელიც მოქმედებს იმ საერთაშორისო რეზერვების ღირებულებაზე, რომელიც ფინანსურ აქტივებშია განთავსებული. პირობითად, თუ აშშ-ის სახაზინო ფასიან ქაღალდებს 3-4% ერიცხება სარგებლის სახით და გლობალური ინფლაცია თუ 4% ან მეტი გახდა, რეალური სარგებელი საერთაშორისო რეზერვებიდან იქნება ნეგატიური, ამიტომ ერთ-ერთი მექანიზმი, როგორც შეგვიძლია ინფლაციური რისკებისგან თავის დაცვა, მონეტარული ოქროს შეძენაა.

- თუმცა ოქროს საპროცენტო სარგებელი არ აქვს - როგორც ვიცით, 7 ტონა ოქროს სებ-ის საცავში შეინახავთ...

- დიახ, ოქროს არ აქვს დამატებითი, პერიოდული საპროცენტო სარგებელი, მაგრამ ის დაცულია ინფლაციისგან და გეოპოლიტიკური რისკებისგან; ბოლო 7000 წლის განმავლობაში მას ღირებულება იყო მზარდი. ბუნებრივია, ოქროსაც მერყეობა ახასიათებს და არ ვიცით, აუცილებლად გაიზრდება თუ არა მისი ფასი, მაგრამ ისტორიული დინამიკა მზარდ დინამიკას აჩვენებს და მეტ-ნაკლებად მიჰყვება გლობალურ ინფლაციას. ოქროს რეზერვი ინფლაციისგან თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმია.

- სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილების ორი მთავარი არგუმენტი იყო რეზერვების დივერსიფიცირება და გლობალური ინფლაციისგან თავდაცვა?

- დიახ, ეს ორი ფაქტორია. დივერსიფიკაციის გზით რისკებს ვამცირებთ და ერთ-ერთი რისკი სწორედ ინფლაცია. ასევე, გლობალური ეკონომიკური რისკები ფინანსურ აქტივებს უფრო ადვილად გადაეცემა, ვიდრე ოქროს, რომელიც ისტორიულად მყარ აქტივად მიიჩნევა.

- თქვენც აღნიშნეთ, რომ ოქროსაც ახასიათებს ფასის მერყეობა...

- ცხადია, თუმცა ჩვენ გამიზნული გვაქვს, რომ ოქრო გრძელვადიანად შევინარჩუნოთ. ანუ ეს არის დანაზოგის მიზნით შეძენილი ოქრო. არ ვაპირებთ აქტიური სავაჭრო ოპერაციები განვახორციელოთ, ამიტომ ფასის მერყეობა საფრთხეს არ გვიქმნის. ცხადია, სარგებელი დადებითი ფაქტორია, რაც ოქროს არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ოქროს ფასი ისტორიულად იზრდება.

- როგორც ცნობილია, მონეტარული ოქროს ყიდვის გადაწყვეტილება სებ-ის საბჭომ მიიღო, რომელშიც დღეს 5 წევრია - ნათია თურნავა, ეკა მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი. თქვენ ესწრებოდით სხდომა?

- როგორც წესი, სების საბჭოს სხდომას სებ-ის საბჭოს წევრები ესწრებიან, თუმცა გადაწყვეტილების მომზადების პროცესში მეც ვიყავი ჩართული. სამუშაო პროცესი საკმაოდ აკადემიურია. ჩვენ ვუყურებთ რა რისკები არსებობს, რა ალტერნატივებს ქმნის სხვადასხვა ინსტრუმენტი და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა, რადგან ფინანსები ზუსტი მეცნიერება არაა და უნდა შევხედოთ, რა არის გლობალური ტენდენცია და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები რას აკეთებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საბჭოს წარედგინა ეს ინიციატივა და საბჭომ მოიწონა.

- ვისი იდეა იყო საერთაშორისო რეზერვების პორტფელში მონეტარული ოქროს დამატება - სავარაუდოდ, ყველას ერთიანად არ მოუვიდოდა ეს აზრი?

- აზრი მოდის სამუშაო პროცესიდან. ჩვენ გვყავს ცალკე დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო რეზერვების მართვაზე; იქ არის პროფესიული გუნდი, რომელიც უყურებს ამ შესაძლებლობებს, შემდეგ ინიციატივებს წარადგენს საბჭოზე და სებ-ი იწონებს.

- მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სებ-ის საბჭოს ერთ-ერთ წევრს ნანა ყეინიშვილის ოქროს ბიზნესში საქმიანობის გამოცდილება აქვს, ამიტომ ხომ შეიძლება, იდეა მისგანაც წამოსულიყო?

- ეროვნული ბანკის საბჭოს დისკუსიის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რა პროცესი იყო; მიზნები კი ცალსახაა და თანხვედრაშია გლობალურ პროცესებთან, საერთაშორისო პრაქტიკასთან და ამიტომ არ მგონია, რომ საბჭოს ცალკეულ წევრს ამ გადაწყვეტილებაზე რაიმე მატერიალური გავლენა მოეხდინა.

- ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტისთვისაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, მაგრამ კობა გვენეტაძის დროს განიხილებოდა ოქროს ყიდვა?

- შეიძლება, სხვადასხვა დროს ასეთი ინიციატივა იყო, მაგრამ ასეთ დონეზე <სებ-ის საბჭო> განხილული არ ყოფილა. ზოგადად, ვხედავთ, რომ გლობალური ინფლაციური რისკების ფონზე რეზერვებში ოქროს დამატება მზარდი პრაქტიკა; იქამდე ასეთი პრაქტიკა, შეიძლება, ნაკლებად იყო, შედარებით ახალი თემაა. მეორე მხრივ, covid-პანდემიის შემდეგ სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, რამაც რეზერვების ზრდას შეუწყო ხელი და ამ ფაქტორმაც წაახალისა, მეტად გვეფიქრა მონეტარული ოქროს შეძენაზე.

- ვიდრე 7 ტონა მონეტარულ ოქროს შეიძენდა სებ-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაცია გაიარეთ?

- ჩვენ მარტში გვყავდა IMF-ის მისია, ე.წ. „მეოთხე მუხლის“ ფარგლებში და მაშინ ვუთხარით, რომ ვაპირებთ შევიძინოთ მონეტარული ოქრო. IMF-ს აქვს რეკომენდაცია, შევავსოთ რეზერვები და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ როგორ და სად განვათავსებთ რეზერვებს და მისი 11% იქნება თუ არა ოქროში, ასეთ დეტალებზე სსფ-დან მითითებებს არ ვიღებთ. სსფ-ის რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ოქროშია განთავსებული. ის ოქროს რეზერვების ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია აშშ-ის შემდეგ; ცხადია, ამას ისტორიული ფაქტორები განაპირობებს, როცა იყო ოქროს სტანდარტი, მაგრამ მათთვის გასაკვირი არაა, რომ ცენტრალურმ ბანკმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მათაც იციან, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.

- IMF-მა მოიწონა თუ არა სებ-ის გადაწყვეტილება?

- IMF-თან კონსულტაცია გავლილი იყო, მაგრამ ცალსახა პოზიცია რაიმე კუთხით მათ არ გამოუთქვამთ და არც ველოდებით...

- ანუ უბრალოდ, საქმის კურსში ჩააყენეთ?

- დიახ, შეგვიძლია ასე ვთქვათ, რადგან ეს არ არის სსფ-თან შეთანხმების საგანი.

- ჩემი და არა მარტო ჩემი შეფასებით, დღეს, სებ-ი რეპუტაციულად საუკეთესო ფორმაში არაა, ამიტომაც ვსვამ კითხვას - მოიწონა თუ არა IMF-მა მონეტარული ოქროს შეძენა?

- არ მგონია, რომ ან უნდა მოწონებდათ ან არა, ოქრო რეზერვების მართვის ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ოქროს შესყიდვა ერთ დღეში, მყისიერად არ მომხდარა. სებ-ის გუნდი, ვინც საერთაშორისო რეზერვების მართვაზეა პასუხისმგებელი, აკვირდებოდა ბაზარს და როცა წინაპირობები და მისაღები გარემოება დაინახეს, მაშინ შეიძინეს.

- როგორც ცნობილია, 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა სებმა და ამჟამად ლონდონშივე ინახება, თუმცა აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება. რატომ უნდა ჩამოიტანოთ ოქრო თბილისში, სებ-ის საცავში, ლონდონში უფრო უსაფრთხო არ იქნებოდა?

- იქაც უსაფრთხოდ იქნებოდა, მაგრამ აქაც უსაფრთხოდ იქნება. ზოგადად, ორივე პრაქტიკა მიღებულია - ცენტრალური ბანკების ნაწილი ოქროს რეზერვებს თავისთან ინახავს, ნაწილი - საერთაშორისო საცავებში. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შენობა აეროპორტის გზაზე - ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი, რომელიც მაქსიმალურად დაცულია და ყველა წინაპირობა გვაქვს, ოქროს ზოდები იქ შევინახოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოქროს რეზერვებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს მოკლევადიანი მიზნები, რომ რყევების შემთხვევაში სწრაფად გავყიდოთ. ოქრო შევიძინეთ დასაზოგად და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირებისთვის და ვაპირებთ, გრძელვადიანად შევინარჩუნოთ. ამდენად, ალოგიკური იქნებოდა, ლონდონში შეგვენახა.

- თან ლონდონის საერთაშორისო საცავებში შენახვა ხარჯიანიც იქნებოდა?

- ხარჯი ერთ-ერთი ფაქტორია... ლონდონში შენახვის ძირითადი პლისია ლიკვიდურბა, რომ თუ დაგჭირდა, მყისიერად გაყიდო, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებებს ჩვენ არ ველით. მსგავსი სცენარები არ განიხილება, რომ ორ საათში დაგვჭირდეს ოქროს გაყიდვა, ამიტომაც ოქროს ლონდონში განთავსების არგუმენტი არ გვქონდა, ხოლო 1-3 დღეში, შეგვიძლია, თბილისის საცავში არსებული ოქროს ზოდების რეალიზაციაც მოვახერხოთ.

- კიდევ აპირებს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას, რომელიც ახლა 11%-მდეა?

- საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ცენტრალური ბანკების რეზერვებში ოქროს წილი 15-დან 20%-მდეა, ჩვენც ამ ზღვარს ვუმიზნებთ; გადაწყვეტილებას იღებს სებ-ის საბჭო, თუმცა კონკრეტული გეგმა არ გვაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები