"ფაქტობრივად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა დასრულდა" - ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე ეროვნული ბანკში მიმდინარე მოვლენებს.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს, მარეგულირებლისგან 3 ვიცე-პრეზიდენტის წასვლა მოჰყვა. პოსტები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. სამივე მათგანი თანამდებობაზე ფორმალურად 21 ნოემბრამდე რჩება, რათა სებ-ის საბჭოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს.
ეროვნული ბანკიდან ვიცე-პრეზიდენტების წასვლიდან მეორე დღესვე ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრებად პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში არ მოუსმენიათ არც ერთი მათგანის ხედვები და ორივე კანდიდატურის წარდგენაზე დღეს პრეზიდენტმაც უარი თქვა.
ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ სებ-ის საბჭოს დაშლის შიშით, „ქართულმა ოცნებამ“ იჩქარა. მისი მოლოდინით, მმართველი გუნდი საბჭოს დანარჩენი წევრების შევსებას უახლოეს პერიოდში შეეცდება, რათა ეროვნულ ბანკში მმართველობითი კრიზისი არ შეიქმნას.
„ძალიან დიდი კრიზისი იყო მოსალოდნელი, თუ ვერ შეავსებდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს, შესაძლოა, სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში გადასულიყო. ამიტომ იჩქარეს. ეს დაარტყამდა ხელისუფლების რეიტინგს, რადგანაც მათი გამოწვეული იყო კრიზისი. რომ არა ფარცხალაძის მხარდაჭერა, ეროვნულ ბანკში არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
„ვინ მოიგო ამ ვითარებით“? - კითხვაზე ბესო ნამჩავაძე პასუხობს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებით, ცალსახად, „წააგო საქართველომ და საქართველოს მოსახლეობამ“.
„ეროვნული ბანკი შესაძლოა, არ იყო ბოლომდე დამოუკიდებელი მთავრობისგან და სულ იყო (წინა და იმის წინა პრეზიდენტების დროს) მცდელობა ზეგავლენა მოეხდინათ, თუმცა, ვხედავდით, რომ ეს ბოლომდე არ გამოსდიოდათ. თუნდაც რამდენიმე თვის წინ რატომ შეცვალეს „ეროვნული ბანკის შესახებ კანონი“? ვერ ენდობოდნენ იმ ხალხს, ვინც გუშინ წამოვიდა, ვერ არჩევდნენ მათთვის სასურველ კანდიდატს. ახლა (ეროვნული ბანკი) ბოლომდე გადაიფორმეს. მთელი მმართველობა არის ქართულ ოცნებას დამორჩილებული ადამიანები - ან მათი მხარდამჭერები, ან მშვიდი ხალხი, რომელიც არც კარგს იტყვის და არც ცუდს. ფაქტობრივად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა დასრულდა. ახლა იმაზე ვართ დამოკიდებულნი მთავრობას რა მოუნდება, რამდენად სიღრმეებში წავა, რას გაბედავს და რას დაავალებს მათ“, - მიიჩნევს ბესო ნამჩავაძე.