მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის შეჩერებული პროგრამა, დამოუკიდებლობის საფრთხეები - რას წერს Fitch-ი ეროვნულ ბანკზე?

ეროვნული ბანკი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა.

ქვეყნის რეიტინგზე ძირითადი გავლენის მქონე ფაქტორების ჩამონათვალში ერთ-ერთი პოლიტიკის ჩარჩოს შესუსტებაა. აღნიშნულ კონტექსტში Fitch-ი ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გასული წლის ზაფხულში შეჩერებულ პროგრამაზე და მიუთითებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, IMF-ის საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა (Stand-By Arrangement) ოქტომბრის არჩევნებამდე განახლდეს.

რაც შეეხება მიზეზებს, Fitch-ი აღნიშნავს, რომ ეს გამოწვეულია სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებებით და ცენტრალური ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად საჭირო რეფორმის შეფერხებით.

Fitch-ის აზრით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება შეარყიოს პოლიტიკის სანდოობა, პოტენციურად შეასუსტოს საქართველოს მცირე, ღია და დოლარიზებული ეკონომიკის შესაძლებლობები ეფექტიანად უპასუხოს გარე შოკებს.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებაში ასევე საუბარია სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესის შეცვლაზე, რამაც Fitch-ის თანახმად, ბანკებისთვის გაურკვევლობა გაზარდა.

სანქციების აღსრულების ირგვლივ მარეგულირებელმა მოვლენებმა ასევე გაურკვევლობა გამოიწვია ქართული ბანკებისთვის“, - აღნიშნავს Fitch-ი.

შეგახსენებთ, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს, ამ თანამდებობაზე კი ნათია თურნავა დაინიშნა. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს, უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. ფონდი მიიჩნევს, რომ კანონში ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც შემოთავაზებულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ენდრიუ ჯუველმა BMG-სთან აღნიშნა, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები