ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის 24 ივნისის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ე.წ. რუსული კანონის მიღების გამო საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს, BMG-სთან ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს უმძიმესი დარტყმა იქნებოდა ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე.
"პანდემიის დროს ბიუჯეტის ზუსტად ნახევარი ევროკავშირის, ამერიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო ფორმირებული, სავალუტო ფონდმა 850 მილიონი მომენტალურად გამოყო იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები გაზრდილიყო. კარანტინის დროს ევროკავშირმა დააფინანსა ვაქცინები, ტესტები, სამედიცინო მოწყობილობები - რომ არა მათი დახმარება, საშინელ დღეში ჩავვარდებოდით.
როდესაც უჭირთ, მაშინ უნდათ ევროკავშირი, მაგრამ როდესაც რუსული ინტერესი ამოძრავებთ წინასაარჩევნოდ, მაშინ ამბობენ, რომ ევროკავშირის გარეშეც გაძლებენ. არადა, არა მხოლოდ ევროკავშირის, აშშ-ის დახმარებაც შემცირდება, რომელიც პირდაპირ მთავრობას ეძლევა. ეს იქნება უმძიმესი დარტყმა ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის, რაც გამოიწვევს ლარის მკვეთრ გაუფასურებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ფინანსური დახმარების შეჩერება აისახება როგორც მოსახლეობაზე, ასევე ბიზნესზეც, რომელთა ხელშეწყობაზე საუბრები, ამ დროისთვის, ისედაც შეჩერებულია.
"ნუ დაგვავიწყდება, რომ ღარიბაშვილი აქ პრესკონფერენციას მართავდა ევროკავშირის იმ წარმომადგენელთან ერთად, რომელიც საქართველოს 3.5 მილიარდი ევროს ოდენობის იაფ კრედიტებს დაჰპირდა ბიზნესისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა - სად არის საუბარი ევროკავშირის მიერ ბიზნესის დაფინანსებაზე? გაქრა ეს თემები. შესაბამისად, ამით ზიანდება არა მხოლოდ მთავრობა და, ირიბად, ხალხი, ასევე ბიზნესიც, რაც ადამიანების ცხოვრებაზე აისახება, თავი რომ დავანებოთ უფრო მკაცრ ნაბიჯებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოჰყვება", - ამბობს რომან გოცირიძე.
მისი თქმით, რთული სათქმელია, რა ვადებზეა საუბარი ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებდა. გოცირიძე აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორები, შესაძლოა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"ორ თვეში საარჩევნო კამპანიები იწყება და, ალბათ, ეს ხელისუფლება 4 თვეში დამთავრდება. თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ისევ დარჩა ხელისუფლებაში, ჩვენ ქვეყანას კატასტროფა ელოდება და, არა თუ დახმარება შეგვიწყდება, საერთოდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებით - იზამენ თუ არა ამას არჩევნებამდე, რთული სათქმელია. ალბათ, პირველ რიგში, არჩევნებს დააკვირდებიან.
თუ მაინც ასე მოხდა, ეს იქნება საქართველოს სრული იზოლაცია და გადახედვა ყველა ურთიერთობისა, მათ შორის, პირდაპირი ფინანსური დახმარების, გრანტების და ყველა იმ სიკეთისა, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვპირდება. ეს უმძიმესად აისახება ლარზეც, დაიცლება ქვეყანა, მოიმატებს უმუშევრობის დონე და სიღარიბე. ასე რომ, თუკი ეს ქვეყანა არსებობს და 30 წლის განმავლობაში რამეს ვაკეთებდით, ეს სწორედ დასავლეთის დახმარების ხარჯზე ხდებოდა", - აცხადებს რომან გოცირიძე.
24 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა სხდომა გაიმართა, რომელზეც ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგენტების კანონი საქართველოს ევროკავშირთან ვერ დააახლოებს.