მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თქვა საქართველოს შესახებ ჯოზეფ ბორელმა - ძირითადი გზავნილები

ჟოზეპ ბორელი

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა იყო. მინისტერიალის შემდეგ მედიის კითხვებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა. ძირითადი საკითხი, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება, "რუსული კანონი" და მის გარშემო განვითარებული უარყოფითი მოვლენები იყო. კერძოდ, ბორელმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან ვერ დააახლოებს.

ძირითადი გზავნილები, რაც ჯოზეფ ბორელმა საქართველოს მისამართით გააჟღერა, შემდეგია:

  • "რუსული კანონი" საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, ამ განცხადებას 27-დან 26 წევრი ქვეყანა უჭერს მხარს;
  • გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ, წინ აღვუდგებით დეზინფორმაციას, გავზრდით მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის მიმართ;
  • ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით;
  • საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ;

ბორელის სრული განცხადება საქართველოს შესახებ:

"მაღალჩინოსნებისგან მოვისმინეთ, რომ ეს [რუსული] კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო – არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები - ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამ განცხადებას მხარს უჭერს 27-დან 26 წევრი ქვეყანა. არ გვაქვს ერთსულოვნება, თუმცა არც გვჭირდება ის ვითარების პოლიტიკური შეფასებისას. ჩვენ ვიცით, რომ ეს დინამიკა წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან და დღეს მინისტრების უმრავლესობა ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან.

პარალელურად, ჩვენ გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. წინ აღვუდგებით დეზინფორმაციას, გავზრდით მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის მიმართ. ჩვენ შევიმუშავეთ სამუშაო ვარიანტი და ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს. შევამცირებთ პოლიტიკურ კონტექსტს და საქართველოსთან წვდომას, განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას მთავრობისთვის და გადავხედავთ ჩვენ მხარდაჭერას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით, დემოკრატიის სასარგებლოდ, მათი უმრავლესობის არჩევანის და ევროკავშირში საქართველოს მომავლის გვერდით ვდგავართ.

მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას, კომისია მაშინ ახორციელებს, როცა საბჭოს ორი მესამედის მხარდაჭერა აქვს. ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გეგმის შეწყვეტას არ სჭირდება ერთსულოვნება. ერთსულოვნება საჭიროა მხარდაჭერის გასაცემად და არა მის შესაწყვეტად. ერთსულოვნება შესაძლოა, დასჭირდეს სხვა საკითხებს, თუმცა ამ დროისთვის მათ ჯერ შემდგომი განხილვა სჭირდება“, – განაცხადა ბორელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები