მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ორგანო GRECO დატოვა

ტრამპი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპის წამყვანი ანტიკორუფციული მონიტორინგის ორგანო GRECO ოფიციალურად დატოვა. როგორც ირკვევა, ევროსაბჭომ შესაბამისი ოფიციალური შეტყობინება ვაშინგტონისგან მიმდინარე კვირაში მიიღო.

მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც ოფიციალურად დაადასტურა. უწყების განმარტებით, ყოველწლიური ფინანსური შენატანი შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხელშესახები სარგებლის მომტანი აღარ იყო. დეპარტამენტის პოზიციით, საერთაშორისო ბიუროკრატიისთვის "ბლანკ-ჩეკების გამოწერის ერა" დასრულდა.

როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, ვაშინგტონი კორუფციასთან საბრძოლველად უპირატესობას სავიზო შეზღუდვებს, მიზანმიმართულ სანქციებსა და მიზნობრივ საერთაშორისო დახმარებას მიანიჭებს. ეს სტრატეგია კი მიზნად ამერიკის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის საფრთხის შემცველი დანაშაულების წინააღმდეგ პირდაპირ რეაგირებას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭომ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, შეერთებული შტატები კორუფციის პრევენციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საქმეში ღირებული პარტნიორი იყო და რომ GRECO სამართლის უზენაესობის განსამტკიცებლად ვაშინგტონთან პარტნიორობის აღდგენას მომავალში აუცილებლად ცდის.

ცნობისთვის, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ამერიკის დისტანცირების ზოგად ტენდენციასთან არის დაკავშირებული. ვაშინგტონმა იანვარში ევროსაბჭოს საკონსტიტუციო სათათბირო ორგანო, ვენეციის კომისია დატოვა. ამას გარდა, თეთრმა სახლმა ნოემბრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიწვევაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა მხარემ მანამდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოც დატოვა.

ინფორმაციისთვის, ევროსაბჭომ ანტიკორუფციული სტანდარტების მონიტორინგის მიზნით GRECO 1999 წელს დააფუძნა. შეერთებული შტატები ამ გაერთიანებას ერთი წლის შემდეგ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ორგანიზაცია მხოლოდ ორმა ქვეყანამ დატოვა - რუსეთმა და ბელარუსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები