Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაერთიანების მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტის ხარჯების €100 მილიარდზე მეტით შემცირებისთვის ემზადება.
როგორც ირკვევა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ირლანდია განახლებულ ფინანსურ მონაცემებს მომდევნო კვირას ოფიციალურად გამოაქვეყნებს. ევროპულ დედაქალაქებში ელიან, რომ დუბლინი ევროკომისიის თითქმის €2-ტრილიონიან პროექტს მნიშვნელოვნად შეკვეცს.
არსებული ინფორმაციით, ეს შესაძლო შემცირება პირდაპირ შეეხება იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ფერმერთა სუბსიდიებსა და რეგიონულ დაფინანსებას იღებენ.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების არაოფიციალურ დასრულებამდე სამი თვით ადრე, წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციები მკვეთრად გაიყო. გერმანიამ და ხარჯების შემცირების მომხრე ჯგუფმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიჰოლ მარტინს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.
გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ავსტრიის, შვედეთისა და ფინეთის ლიდერებმა ხარჯების რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვეს. დოკუმენტში პოლიტიკოსები წერდნენ, რომ ბიუჯეტის საბოლოო მოცულობა რეალისტურად უნდა განსაზღვრულიყო და ტვირთი ძირითად აქტორებზე არ უნდა გადასულიყო.
აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნას ჩვიდმეტი სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანება „შეკავშირების მეგობრები“ ღიად დაუპირისპირდა. იტალია, ესპანეთი და პოლონეთი ბიუჯეტის მოცულობის შენარჩუნებას ემხრობოდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ისინი დაზარალდებიან ყველაზე მეტად, თუ ბიუჯეტი €100 მილიარდით შეიკვეცა.
ცნობისთვის, ირლანდია მოლაპარაკებებში ნეიტრალური შუამავლის როლს ასრულებს და ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
























