მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რით ხსნის პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატების წარდგენას?

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, პარლამენტის მიერ სებ-ის საბჭოში ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის ახალ წევრებად დამტკიცების საკითხზეა საუბარი. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ ორი კანდიდატურის სებ-ის საბჭოს წევრებად წარდგენის მიზეზად „მანკიერი პროცესის ლუსტრაციაა“ დასახელებული.

„რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ნანა ყეინიშვილს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა, რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, უარი არც ერთ დეპუტატს არ განუცხადებია.

სხდომამდე საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა იყო, თუმცა კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. კომიტეტზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურების წარდგენაზე უარს აცხადებდა. არსებული ვითარების მიუხედავად, პრეზიდენტის კანდიდატურებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

მოგვიანებით სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამართლებრივი კუთხით გამოწვევა გადალახულია და ეროვნულ ბანკს საბჭოს ორი ახალი წევრი დამტკიცებულია.

ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკის არჩევამდე კი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ადამიანი: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი დარჩნენ, რამაც საბჭოს ახალი წევრების არჩევის საჭიროება დააყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები