მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრებზე პარლამენტთან კონსულტაციებს თავს არიდებს

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს თავს არიდებს.

BMG-ის კითხვის საპასუხოდ, პრემიერმა განაცხადა, რომ საკითხი კონსულტაციების რეჟიმში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, წინა შემთხვევებში კანდიდატურების ჩავარდნის მიზეზი სწორედ კონსულტაციების არარსებობა იყო.

“კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატებს წარადგენს პრეზიდენტი, ამტკიცებს პარლამენტი. როგორ ერთ, ისე მეორე ორგანოს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს. ეს ნიშნავს, რომ საკითხები უნდა გადაწყდეს კონსულტაციების რეჟიმში. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, ასეთ დროს აუცილებელია კონსულტაციები. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში კანდიდატურები ჩავარდა, სწორედ ის იყო, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტთან. თავს არიდებს პრეზიდენტი კონსულტაციებს, კანდიდატურებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასულ წელს, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის და შესაბამისად, სებ-ის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება სამმა ვიცე პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი 2023 წლის 21 სექტემბერს აირჩია.

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა. განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ამბობენ, რამდენ აპლიკანტს სურს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები