საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ამბობენ, თუ რამდენ აპლიკანტს სურს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა.
საქმე ის არის, რომ სებ-ის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე ვაკანსია 7 თებერვალს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 23 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა განაცხადების მიღების ვადა 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. ადმინისტრაციაში არც მაშინ თქვეს, თუ რამდენი განაცხადი შევიდა.
დღეს კი, bm.ge-ის კითხვებზე, თუ რამდენ პირს სურს სებ-ის საბჭოს წევრობა, ვინ არიან ისინი და როდის გაივლიან შერჩევის ეტაპს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასე უპასუხეს:
„დასრულდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა შერჩევის მომდევნო ეტაპი და მისი დასრულების შემდეგ, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს“.
შეგახსენებთ, ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად სებ-ის საბჭოს წევრების წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს აქვს.
სებ-ის საბჭოს 4 წევრი აკლია - ჰქონდა თუ არა ნათია თურნავას კომუნიკაცია პრეზიდენტთან?
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში წევრთა რაოდენობა, შესაძლოა, 11-მდე გაიზარდოს