პრეზიდენტის ერთადერთი მიზანი არის, რომ ეროვნული ბანკის საბჭო მაღალი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილმა BMGTV-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„ამ მომენტისთვის 4 ვაკანტური თანამდებობაა. ცხადია, მნიშვნელოვანია და პრეზიდენტის ერთადერთი მიზანია, რომ ბანკის საბჭო მაღალი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდეს, თუმცა იცით, რომ ბევრი სხვა მხარეც არის ამ პროცესში[ჩართული]. პრეზიდენტი წარადგენს, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტი ირჩევს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
თათოშვილის თქმით, გასულ წელს სამწუხარო გამოცდილება იყო, როცა ადმინისტრაციის შეფასებით, არ იყო არჩეული ძალიან მაღალი კვალიფიკაციის კანდიდატები, მაგრამ ეს არის, რაც არის.
მისი თქმით, კონსულტაციები უწყვეტად მიმდინარეობს და აპლიკანტობის მსურველებს შეუძლიათ, დამატებითი ინფორმაცია მიიღონ პრეზიდენტის FACEBOOK-გვერდსა და ოფიციალურ გვერდზე.
თათოშვილის თქმით, ამ ეტაპზე ზუსტად არ არის ცნობილი, თუ როდის მოხდება კანდიდატურების წარდგენა პარლამენტისთვის.
ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველ 4 კანდიდატს ეძებს. პრეზიდენტმა კონკურსი უკვე გამოაცხადა, რომელიც 23 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც შერჩეული წევრები კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს. ვინ შეიძლება პრეზიდენტს CV საბჭოს წევრობისთვის წარუდგინოს უცნობია, თუმცა იმისთვის რომ მხარდაჭერა დეპუტატებისგან მიიღონ პარლამენტიდან გზავნილებში და კრიტერიუმებში რამდენიმე საკითხი ღიად ჩნდება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ წარდგენილი კანდიდატები ეროვნულ ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდნენ.