"საბჭოზე ზედამხედველობის დამოუკიდებელ პროცესს აფერხებს საბჭოში აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა" – IMF, დეკემბერი 2022"საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის.
სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს" – IMF, თებერვალი 2023"საქართველოს ეროვნული ბანკი, ჩვენი შეფასებით, დღემდე ეფექტიანად მუშაობს პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედი შემსრულებლის ხელმძღვანელობით.
შესაბამისად, იმ ცვლილებების მიღებამ, რომელზეც დღეს ვეტოს ძალა ვრცელდება, შესაძლოა, არა გააძლიეროს, არამედ, პირიქით, შეამციროს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც სტაბილურობის ღუზის, როლი. ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, სებ–ი საქართველოში საკვანძო ინსტიტუციაა.
ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიფიქროს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და არ დაამტკიცოს სებ–ის კანონში ცვლილებები, რათა, მათ შორის, ხელი შეეწყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განგრძობად პოზიტიურ და ძლიერ თანამშრომლობას მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში" – IMF, თებერვალი 2023"მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა" – IMF, მაისი 2023"პროგრესის გაგრძელებისთვის კვლავ არსებითია საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა" – IMF, ივლისი 2023"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის.
ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს" – IMF, სექტემბერი 2023“ანალიტიკა”–მ ენდრიუ ჯუელთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა – თებერვალი, 2024.
-მოგესალმებით, ბატონო ენდრიუ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მე არ მქონია აქამდე შესაძლებლობა, რომ შეგხვედროდით – ამიტომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში.
-დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
-რა დროში ამოყავით თავი – უფრო საინტერესოა თქვენთვის აქ მუშაობა, თუ უფრო – რთული?
-რას ამბობთ, ეს ძალიან, ძალიან საინტერესო დროა. თავს პრივილეგირებულად მივიჩნევ, რომ საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან დროს აქ ვარ.
-ბატონო ენდრიუ, რატომ არ აქვს საქართველოს დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა
-საქართველოს აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა. პროგრამა 2022 წლის ივნისში დამტკიცდა. ეს სამწლიანი ე.წ. სთენდ–ბაი პროგრამაა, 280 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების. მთავრობა ამას სათადარიგო გეგმას უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ სესხულობენ ჩვენგან. პროგრამას იყენებენ, როგორც სიგნალს ინვესტორებისთვის, რომ ჯანსაღ და თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებენ.
-ამდენად, ამ ეტაპზე პროგრამა შეწყვეტილი არ არის?
-არა, არ არის შეწყვეტილი.
-ჩვენამდე ინფორმაცია ამ სახით მოდის.
-ეს გაუგებრობაა. პროგრამა 2022 წლის ივნისში დამტკიცდა. პირველი მიმოხილვა 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. მეორე მიმოხილვა – და ეს ნაწილი ქმნის სწორედ გაუგებრობას – შარშან ივნისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს მიმოხილვა გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და დაამატა პირველი ვიცე–პრეზიდენტის პოსტი. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს პოზიცია ასუსტებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის ხარისხს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის დამოუკიდებლობას. ამდენად, მეორე მიმოხილვა გადაიდო. მესამე უნდა დახურულიყო შარშან შემოდგომაზე – ესეც გადაიდო – მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა პოლიტიკა საერთაშორისო სანქციების მიმართ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ამან შექმნა გაურკვევლობა საფინანსო სექტორში. ამდენად, პროგრამა არის, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში არცერთი მიმოხილვა არ დასრულებულა.
-ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებს ხელისუფლებასთან მუშაობას სხვადასხვა ტექნიკური მისიის ფარგლებში – თუნდაც, იგივე სებ–ის შესახებ კანონზე?
-დიახ. დიალოგი გრძელდება. ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის მისიები სულ ჩამოდიან საქართველოში – მათ შორის, ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ეროვნულ ბანკთანაც, როგორც თქვენ ახსენეთ. მარტში ჩამოვა კიდევ ერთი გუნდი – რასაც ჩვენ მეოთხე მუხლის მისიას ვუწოდებთ – ეს ეკონომიკური მონიტორინგის მისიაა, რასაც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველა წევრ ქვეყანაში ვახორციელებთ – ეს არ არის პროგრამის მიმოხილვის მისია, მიმოხილვები ჯერ კიდევ არ გაგვიახლებია, მაგრამ დიალოგი მიმდინარეობს და თანამშრომლობაც არ წყდება.
-გაქვთ რაიმე მკაფიო წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება ისევ ამოქმედდეს ეს პროგრამა სრულფასოვნად, ან შეიცვალოს და სხვა სახე მიიღოს?
-ეს კარგი შეკითხვაა. ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების მიერ რეფორმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. როცა ჩვენ პროგრამაზე შევთანხმდით, იდენტიფიცირებული იყო რეფორმების პაკეტი, რომელთა განხორციელებაზეც შევთანხმდით. პროგრამის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს პროგრამის ფარგლებში მის მიერ აღებული ვალდებულებები. ახლა დიალოგის ეტაპზე ვართ საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან სხვადასხვა რეფორმასთან დაკავშირებით, რაზე მუშაობის დანახვაც გვსურს იმისთვის, რომ პროგრამა ისევ გაგრძელდეს.
-რას ნიშნავს უფრო კონკრეტულად პროგრამის გაგრძელება – იმიტომ, რომ საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობაში უკვე იყო ის ეტაპი, როცა ერთი პროგრამა შეწყდა და შემდეგ ახალი დაიწყო და IMF–მა ეს მთავრობის ახალი საჭიროებებით ახსნა. უფრო ასეთ სცენარს ელოდებით, თუ ისე იგივე რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებას და ამ ფორმით პროგრამის გაგრძელებას?
-დიახ. მესმის. თეორიულად, ორივე ეს სცენარი შესაძლებელია. შესაძლოა, რომ მიმდინარე პროგრამა აღარც განახლდეს იმ გაგებით, რომ მიმოხილვები აღარ დასრულდეს და რაღაც მომენტში, შესაძლოა, ხელისუფლებამ გვთხოვოს ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყება. ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ახლა არ ვპროგნოზირებ, რომ ზუსტად ასე მოხდება, მაგრამ მოვლენები შესაძლოა ასეც განვითარდეს. ან შესაძლოა, რაღაც მომენტში, მომავალში – ხელისუფლებამ საკმარისი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ ჩვენ გაგვიჩნდეს მიმდინარე პროგრამის სრულფასოვნად ამოქმედების გარანტია. ნებისმიერი გზით შეიძლება წავიდეთ.
-ამდენად, მე თუ სწორად მესმის, ერთადერთი რითაც ხელისუფლებას დღეს მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ხელი არ მიუწვდება ეს სესხია – სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ ისესხებს ესდიარებს..
-პროგრამა ასე მუშაობს – თუ პროგრამის მიმოხილვა დასრულებულად ითვლება, მაშინ ხელისუფლებას ეხსნება წვდომა სესხზე. მთავრობას ეს შესაძლებლობა ჯერ არ გამოუყენებია. ერთი მიმოხილვა დასრულდა, თუმცა მათ ჩვენგან ფული არ უსესხებიათ. ორჯერ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ არჩიეს თანხის სესხება; როცა ვერ ასრულებ მიმოხილვებს – რა შემთხვევასთანაც დღეს გვაქვს საქმე – ეს შესაძლებლობა ქრება. მეორე მხრივ, თუ პროგრამა ისევ ამოქმედდება და მიმოხილვებიც დასრულდება, ხელისუფლებას ისევ ექნება ჩვენგან სესხების შესაძლებლობა.
-ხედავთ თუ არა იმავე ტიპის მოტივაციას ხელისუფლების მხრიდან, ჰქონდეს ეს პროგრამა, როგორც ეს ადრე იყო – განსაკუთრებით 2020 წელს, როცა IMF–ს მწვანე შუქმა, შუა პანდემიის დროს, საქართველოს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სესხებზეც გაუხსნა წვდომა?
-ასე ვიტყოდი – ხელისუფლება გამოხატავს ინტერესს პროგრამის განახლებასთან დაკავშირებით. ჩვენს შორის დიალოგიც გრძელდება. ჩვენ მოვითხოვთ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაც რთულია. რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის უნარი, რომ ეს რეფორმები გაატაროს – ეს ამ ეტაპზე ღია კითხვაა. მაგრამ, ვფიქრობ, ინტერესი, რომ პროგრამა აღდგეს – არსებობს.
-იგივე დამოკიდებულებაა სებ-ის მხრიდანაც?
-საქართველოს ეროვნული ბანკი განტოლების ნაწილია. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ შევაჩერეთ პროგრამა – ალბათ ასეც შეიძლება ითქვას – ჩვენ გადავდეთ მიმოხილვები იმ წუხილების გამო, რაც გაგვიჩნდა სებ–ის მმართველობის ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ გაეტარებინა რამდენიმე რეფორმა და ეპასუხა ამ გამოწვევებისთვის. ბევრი ადამიანი მეკითხება – რა მოლოდინი გაქვს, რას ელოდები?
-ეს იქნებოდა ალბათ ჩემი შემდეგი შეკითხვაც ..
-რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. სებ–ის საბჭოში დღეს 4 ვაკანსიაა. საბჭოში 9 ადგილია: 4 აღმასრულებელი, 5 – არა აღმასრულებელი. დღეის მდგომარეობით 4 ადგილი ვაკანტურია. კარგი იქნებოდა, ამ პოზიციების შევსება კვალიფიციური კადრებით. ეს არის ერთი მიმართულება, სადაც დავინახავდით წინსვლას. ჩვენ გვინდა თანამდებობის ცვლილების მკაფიო გეგმის არსებობა სებ–ის შესახებ კანონში – ასეთი რამ დღეს არ არის. აღვნიშნე, საბჭოს 4 აღმასრულებელი და 5 არა აღმასრულებელი წევრების არსებობა – ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ არააღმასრულებელი წევრების საზედამხედველო ფუნქცია. და კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ხაზს გავუსვამ – სებ–ში დღეს საპრეზიდენტო მოდელი მუშაობს, როცა პრეზიდეტს შეუძლია ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა – როცა პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მისაღებად საბჭოს სხვა წევრების მხარდაჭერა დასჭირდება.
-რა ტიპის დიალოგი მიმდინარეობს დღეს IMF–სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის – ფუნდამენტურად ვერ თანხმდებით საკითხებზე, თუ ეს უბრალოდ ასეთი სამუშაო პროცესია?
-ეს განგრძობითი დიალოგია. მე უკვე ვახსენე მმართველობითი რეფორმები სებ–ში, რის მიღწევაც ჩვენ გვინდა და ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან. აზრების გაცვლა-გამოცვლა გვაქვს. მათაც გამოხატეს საკუთარი შეხედულებები. პროგრამის ფარგლებში სხვა ვალდებულებებიც არსებობს, სადაც მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ჩამორჩება პროგრამის გეგმას. ამდენად ასე ვთქვით – ეს არის პროგრამა, ეს არის შესასრულებელი ვალდებულებები, რაც ამ პროგრამით გვქონდა გათვალისწინებული და ამ შეთანხმების ფარგლებში, მიგვაჩნია, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით მეტი გაქვთ გასაკეთებელი. კიდევ ერთხელ – ეს განგრძობითი დიალოგია – პირისპირ შეხვედრებით, ელექტრონული ფოსტის გაცვლით. ეს არ არის ფორმალური მოლაპარაკება – პროცედურა, რომელიც ჩვენ ახალი პროგრამის შეთანხმებისთვის გვაქვს. ამ მოცემულ შემთხვევაში, პროგრამა არსებობს – ახლა საკითხი ასე დგას – პირობების და იმ ვალდებულებების შესრულება, რაზეც ამ პროგრამის ფარგლებში შევთანხმდით.
-რამდენიმე კითხვა გამიჩნდა.
-დიახ, რა თქმა უნდა, გისმენთ.
-მაგალითად: ვინ რას უნდა აკეთებდეს ამ ეტაპზე? სებ-ის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები რომ ჩამოთვალეთ – აქ პროაქტიური მოქმედების შესაძლებლობა აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, თავად ეროვნულ ბანკს – ამ აქტიურობას ჩვენ ვერ ვხედავთ, ან შესაძლოა, ასეთი ღია არ არის. რა იწვევს ამ სტაგნაციას საქართველოსა და IMF–ის ურთიერთობებს შორის ამ ეტაპზე – ამის გარკვევას ვცდილობ.
-შეუძლებელია მივუთითო ერთ ადამიანზე, რომელსაც ყველაფრის გასწორება შეუძლია. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ხელისუფლებასთან – ეს შეიძლება იყოს ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი. ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდეტსაც აქვს აქ როლი. ვთქვი, რომ გვსურს, ვნახოთ სებ–ის საბჭოში კვალიფიციური კადრებით შევსებული ვაკანსიები. ამისთვის საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაანომინიროს კანდიდატები, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ეს კანდიდატები და ამის შემდეგ შეძლებენ ისინი თანამდებობის დაკავებას. მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობა გადამწყვეტი ვერ იქნება – აუცილებელია ხელისუფლების სხვადასხვა შტომ ერთად იმუშაოს. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას ფასილიტატორის როლის შესრულებას – ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
-მეტი მკაფიოობისთვის – იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც გასაგები იყოს – რა გამოდის, თუ პროგრამით გათვალისწინებული ნაბიჯები არ გადაიდგმება, მიმოხილვებიც ვერ დაიხურება – რა ბედი ელის პროგრამას?
-პროგრამა არის. არის მანამდე, სანამ ახალზე არ გაიხსნება მოლაპარაკებები. თეორიულად – და ისევ, არანაირ პროგნოზს არ ვაკეთებ – შესაძლოა, მიმოხილვები კიდევ თვეების განმავლობაში არ დაიხუროს ან კიდევ უფრო დიდხანს. პროგრამა არც მაშინ შეწყდება – პროგრამა არსებობს მანამ, სანამ ხელისუფლება არ გვეტყვის: ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა, დიდი დრო გავიდა, ახალი პრიორიტეტები გვაქვს რომელთა შესახებაც გვინდა თქვენთან მოლაპარაკებები გავხსნათ. ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა, რა დროსაც ძველი პროგრამა შეწყდება, ოფიციალურად დასრულდება. მაგრამ 2025 წლამდე – საქართველოს პროგრამა აქვს. მთავარი თემა კი ის არის – ვასრულებთ თუ არა მიმოხილვებს.
-მაშინ ჩემი შემდეგი კითხვა, როგორც საქართველოს მოქალაქის კითხვა ასეთია: რაში გვჭირდება ეს პროგრამა? რას ვკარგავ მე, როგორც ელენე, თუკი მიმოხილვები არ სრულდება, მაგრამ არც პროგრამა წყდება?
-როგორც უკვე აღვნიშნე, ხელისუფლება პროგრამას უყურებს როგორც სათადარიგო გეგმას. მათთვის პრიორიტეტული დღეს სესხის აღება არ არის. მათ პროგრამა უნდათ დისციპლინისთვის, ჩარჩოსთვის, როგორც სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ სანდო, ჯანსაღ პოლიტიკას ატარებენ. სინამდვილეში ეს სიგნალია. მათ შეუძლიათ, მაგალითად, საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანიებს უთხრან – ნახეთ, ჩვენ გვაქვს IMF-ის პროგრამა, ინვესტორებს შეგიძლიათ თამამად უთხრათ, რომ ჩვენი კანონები, პოლიტიკა სანდო და განჭვრეტადია. ის ფაქტი, რომ პროგრამა არ მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, მიმოხილვები არ სრულდება – ამან შეიძლება ინვესტორები დააპაუზონ. მათ თქვან, რომ არ ვართ ბოლომდე დარწმუნებულები, რამდენად სანდოა საქართველოს ბიზნესგარემო, რადგან პროგრამა არ სრულდება, მიმოხილვები გადადებულია. ეს არის პროგრამის არქონის მთავარი რისკი. კიდევ ერთხელ: საქართველო ფისკალურად კარგ მდგომარეობაშია. აგროვებს შემოსავლებს, დეფიციტი შემცირებულია – ამ ეტაპზე, რეალურად არ სჭირდება ჩვენგან დაფინანსება. პროგრამა დღეს უფრო გზავნილის დატვირთვა აქვს, რომელსაც იღებენ ინვესტორები.
-რაც ამავდროულად, არც ისე სრული გზავნილი თუ სიგნალი გამოდის – როცა მიმოხილვები დასრულებული არ არის ..
-როცა ინვესტორები მეკითხებიან, რა არის პროგრამის სტატუსი - მე ვეუბნები, გვაქვს პროგრამა, მაგრამ ჩვენ არ დაგვისრულებია არცერთი მიმოხილვა, უკვე ერთი წელია.
-საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები რომ ითვალისწინებენ პროგრამას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეს უკვე ვნახეთ. ფიტჩის ბოლო რეიტინგში, მმართველობის რისკად იყო განხილული სებ–ის კანონთან დაკავშირებული საკითხები – მათ შორის, ამ რისკების გამოც, საქართველო ჯერ კიდევ ნაგვის საინვესტიციო კატეგორიაში რჩება... ეს პირველი გამოწვევა არ არის, რაც სებ–ს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ, საზედამხედველო სამსახურის გამოყოფას მოჰყვა დიდი ამბები. მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გვერდით სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც დადგნენ – EIB, ADB, EBRD - გზავნილით, რომ სებ–ის დამოუკიდებლობა რისკის ქვეშაა და უნდა ვიმოქმედოთ. საკმაოდ ძლიერი გზავნილი იყო. რა ხდება ახლა – რატომ დუმან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რატომ ღიად არ ამბობენ, რომ სებ–ის კანონში ცვლილებები, სებ–ის შეცვლილი დამოკიდებულება სანქციების მიმართ – პრობლემაა ქვეყნისთვის. ამაზე დაფიქრებულხართ?
-არ მინდა ვისაუბრო მსოფლიო ბანკის ან სხვის სახელით.
-რა თქმა უნდა. ამას არ გთხოვთ. იმაში გარკვევას ვცდილობ, რა შეიცვალა ახლა – მაშინ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღებოდა? დღეს ნაკლები რისკია სებ–ის დამოუკიდებლობის შელახვის?
-რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ჩვენ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი – მჭიდრო კონსულტაციებში ვართ ჩვენს საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებთან, როგორებიც არიან მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. როცა მიმოხილვები გადავდეთ, მათ დაგვისვეს ეს კითხვა – რა ხდებოდა, რა გვაწუხებდა. ჩვენს შორის დიალოგი არის. ვფიქრობ, ბევრ საერთო აზრს ვიზიარებთ. შესაძლოა, ჩვენ უფრო ხმამაღლა გამოვხატავთ, რადგან ამას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს პროგრამაზე. ისინი შეიძლება იზიარებდნენ ჩვენი წუხილების ნაწილს, მაგრამ მათზე, მათ პროექტებზე ამას პირდაპირი გავლენა არ ჰქონდეს. ბიზნეს მოდელები განსხვავებულია. ისინი ფინანსებს ძირითადად კონკრეტული პროექტებისთვის გასცემენ – ეს ჩვენი როლი არ არის. არ მინდა ბევრი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ირეაგირეს მათ იმ ფორმით, რაც არჩიეს – მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ მჭიდრო დიალოგი გვაქვს ერთმანეთთან და გამოწვევებსაც დიდწილად ერთნაირად აღვიქვამთ.
-კარგია, ამის მოსმენა. რამდენჯერმე ახსენეთ რეფორმები, რომლებმაც შექმნა მიმდინარე პროგრამის საფუძველი. რომელი რეფორმაა დღეს ყველაზე მტკივნეული – სად უფრო მეტად გროვდება გამოწვევები?
-სებ–თან დაკავშირებული რეფორმები უკვე ვახსენე. კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება სახელმწიფო საწარმოებს. ეს ჩვენი პროგრამის ერთ–ერთი საყრდენია, რაზეც მოლაპარაკებები გვქონდა ხელისუფლებასთან – ჩვენ გვინდოდა სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება. ეს პროგრამის ფარგლებში ორსაფეხურიანი პროცესი იყო – პირველ ეტაპზე მისაღები იყო სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგია, რაც შესრულდა – ჩვენც შევიტანეთ ამ სტრატეგიის შემუშავებაში წვლილი, მსოფლიო ბანკმაც, კარგი სტრატეგია გამოვიდა. მეორე საფეხური კანონის მიღებას გულისხმობს. ამ კანონმა უნდა მოახდინოს სტრატეგიის იმპლემენტაცია. ხელისუფლება ჯერ კიდევ მუშაობს კანონზე. ჩვენ მისი სამუშაო ვერსია ნანახი გვაქვს და გვაქვს გარკვეული შენიშვნები. ეს ის სფეროა, სადაც ხელისუფლებამ გარკვეული ვალდებულებები აიღო და დღეს ჩვენ ვეუბნებით, რომ უნდა შეასრულონ ეს ვალდებულებები იმისთვის, რომ პროგრამაში წინსვლა მივიღოთ.
-სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით, მთავრობა სულ უსვამს ხაზს, რომ ამ საწარმოების კორპორატიზაცია დაიწყო, მათი სტრუქტურა და კულტურაც იცვლება – თუმცა, ანალიტიკოსების უმრავლესობა ამ ნაბიჯებს კოსმეტიკურ ცვლილებებს უწოდებს – რომ ფუნდამენტური ცვლილებები არ ხდება – ამ ტიპის გამოწვევებს ხედავთ თქვენც?
-ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ სახელმწიფო საწარმოების საკუთრების სტრუქტურა. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო საწარმოების უმრავლესობა ეკონომიკის სამინისტროს ქვეშაა. ჩვენ გვინდა, რომ ფინანსთა სამინისტროც იყოს მათი თანამფლობელი – 50%/50%–ზე. ეს სახელმწიფო საწარმოთა ფუნდამენტური რეფორმაა. რთულია – ჩვენ გვესმის, რომ ეს რთულია, თუმცა, ეს იყო ვალდებულება პროგრამის ფარგლებში. ეს გათვალისწინებული იყო სტრატეგიაში, რომელიც იქნა მიღებული და ეს არის ის, რაც გვინდა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს.
-საპარტნიორო ფონდის რეფორმაზეც მინდა გკითხოთ. ახალი საბჭოს ფორმირება – მოგწონთ მაგ ნაწილში რა შედეგებიც მიიღეთ?
-სულ ცოტა ხნის წინ შევხვდი საპარტნიორო ფონდს. არ მინდა, ძალიან კატეგორიულად ვისაუბრო ამ ნაწილში. განვითარების ფონდი – როგორც დღეს ჰქვიათ მათ – ჯერ ახალია, ჯერ აქტიური მუშაობა არ დაუწყიათ. გარკვეული ცვლილებები სტრუქტურასთან მიმართებით უკვე გატარებულია – თუ საპატნიორო ფონდის სტრუქტურას შევადარებთ. ვფიქრობ, ბევრი კარგი ცვლილებაა ამ ეტაპზე. კითხვები გვაქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, მარტში ჩამოვა მისია და ვგეგმავთ, დავსხდეთ მათთან ერთად – გავიაროთ სხვადასხვა რეფორმები, რომლებიც ამ დროისთვის უკვე გატარებულია. ჩამოვიყვანთ ექსპერტებს. ისინი საკუთარ შეხედულებებს გაგვიზიარებენ. რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ პროგრამის ფარგლებში, ვალდებულება იყო, რომ საპარტნიორო ფონდს ან მის შემცვლელს ახალი ინვესტიციები არ უნდა განეხორციელებინა. ახალი სესხები არ უნდა აეღო. განვითარების ფონდი საპარტნიორო ფონდის შემცვლელია. თუ განვითარების ფონდი გადაწყვეტს – და როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი აქვს – რომ ინვესტირება გააგრძელოს ან დამატებითი სესხი მოიზიდოს – ეს არ იქნება თანხვედრაში პროგრამასთან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ შეიძლება გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდეთ, სადაც შევცვლით პირობებს პროგრამის ფარგლებში – ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ. შესაბამისად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პროგრამით არ არის გათვალისწინებული საპარტნიორო ფონდის ან ნებისმიერი მისი ჩამნაცვლებლის მიერ სესხის აღება. ხელისუფლება დღეს განსხვავებული მიმართულებით მიდის. მაგრამ, მაინც დავაკვირდეთ, რას იტყვიან ჩვენი ექსპერტები და როგორ შეაფასებენ საბჭოსთან დაკავშირებულ სტრუქტურულ ცვლილებებს.
-ამ გადმოსახედიდან, ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტა უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ჩართული საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმირების პროცესში – მაგალითად, იგივე ბორდის დაკომპლექტების პროცესში?
-ეს არ არის ჩვენი საქმე. დიალოგს აქვს ღირებულება. რა თქმა უნდა, ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ, როცა მთავრობის წარმომადგენლები კონსულტაციებს გადიან ჩვენთან სანამ ისინი ეკონომიკურ პოლიტიკაში ცვლილებებს შეიტანენ. სხვათა შორის, ესეც ერთ–ერთი ვალდებულებაა, რასაც პროგრამა ითვალისწინებს – რომ მათ გაიარონ ეს კონსულტაციები ჩვენთან, რადგან ამ ყველაფერს გავლენა აქვს თავად პროგრამაზე და მის შედეგებზე.
-რა მიმართულებით არის პროგრესი?
-ვფიქრობ, საკმაოდ კრიტიკული ვიყავი ამ ინტერვიუს განმავლობაში. ამიტომ მინდა, ვთქვა, რომ ბევრი სფეროა, სადაც საქართველოს მთავრობა და სებ–ი საკმაოდ წარმატებულად მუშაობენ. ძლიერი ზრდა, დაბალი ინფლაცია, შემცირებული დეფიციტი და სახელმწიფო ვალი – ამდენად თუ პროგრამით შეთანხმებულ პუნქტებს გადახედავთ, ბევრ პირობას აკმაყოფილებენ, აკმაყოფილებენ მაკროეკონომიკურ ნიშნულებს. თუმცა, არის რამდენიმე სფერო, რომელიც მე ვახსენე – სადაც კითხვის ნიშნები გვრჩება. ჯამურად თუ შევხედავთ, შედეგები სულაც არ არის ცუდი.
-და ამის გამო პირველი მიმოხილვაც დასრულებულია...
-დიახ. დასრულებულია და რომ არა სებ–ის კანონში ცვლილებები, მეორე მიმოხილვაც წარმატებით დაიხურებოდა.
-საინტერესო იცით რა არის – ამ ეტაპზე, IMF-ს ისევ სჯერა, რომ სებ–მა შეცვალა თავისი მიდგომა საერთაშორისო სანქციების მიმართ – როგორც ეს ჯეიმს ჯონმა მომწერა, ამ გაუგებრობის დასაწყისში?
-ეს ძალიან რთული საკითხია და თავს ვიკავებ დეტალებში შესვლისგან. რაც სებ–მა თქვა – და კიდევ ერთხელ მათ მაგივრად საუბარს არ ვაპირებ – მათ გვითხრეს, რომ ბანკებს შეუძლიათ, გააგრძელონ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედება. და მათ ეს შეუძლიათ ადგილობრივი კანონმდებლობით. ბევრ ბანკს ვესაუბრე და ისინი ამბობენ, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას.
-სებ–ის ყოფილი მაღალჩინოსნები – ყველა მათგანი საერთაშორისო სავალუტო ფონდში დასაქმდა – ეს, ცხადია, მიუთითებს მათ კვალიფიკაციაზე, რითაც ანალიტიკოსები დიდად კმაყოფილები არ არიან საბჭოს ახალი წევრების შემთხვევაში – ამ კუთხითაც ხომ არ ითხოვთ ცვლილებებს სებ–ის კანონში
-კანონში სებ–ის საბჭოს წევრობის მოთხოვნები და კვალიფიკაცია აღნიშნულია. შესაძლოა, ეს ჩამონათვალი გაძლიერდეს. თუმცა, რასაც ჩვენ ვამბობთ ის არის, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სებ–ის საბჭო. და აქ – აუცილებელი იქნება საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თანამშრომლობა.
-მსოფლიო ბანკმა თავის უახლეს ანგარიშში აღნიშნა, რომ ჯანსაღ ფისკალურ და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ჩარჩოს დიდი მნიშვნელობა ექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის კონკურენციისთვის, რადგან გლობალური ეკონომიკური ზრდა ნელდება. საქართველოში ჩვენთვის, ბიზნესმედიასთვის – ეს ჩარჩოები აიემეფი–ს ჩართულობასთან ასოცირდება – იზიარებთ თუ არა მსოფლიო ბანკის სულისკვეთებას, რომ მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ფისკალურ და მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეზე და ეს ერთგვარ კონკურენტულ უპირატესობადაც შეიძლება იქცეს?
-ზუსტად ამიტომ მოვიდა საქართველოს ხელისუფლება ჩვენთან, თავიდანვე, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური საჭიროებები არ ედგა. მათ სურდათ, ინვესტორებისთვის სიგნალის გაგზავნა, რომ მათი პოლიტიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. რომ მათ უკვე აქვთ ჯანსაღი მაკროეკონომიკური ჩარჩო. ეს ჩარჩო აუცილებელია სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის და განვითარებისთვის. და დიახ, ეს დღესაც მნიშვნელოვანია.
-ჩემი ბოლო კითხვა – და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ მოიცალეთ ამ ინტერვიუსთვის – საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი ეყოლება. სრულიად მოულოდნელად გავიგეთ რამდენიმე კვირის წინ. რა ფაქტორი შეიძლება გახდეს პრემიერის ცვლილება საქართველო – IMF-ის ურთიერთობებში – გააღრმავებს გაურკვევლობას, რაც ამ ეტაპზე ნამდვილად არსებობს, თუ არ ელოდებით არანაირ რადიკალურ ცვლილებებს მიდგომებში?
-გულწრფელად რომ გიპასუხოთ, არ ვიცი. მე არ შევხვედრივარ ახალ პრემიერმინისტრს. არც თავის ადრინდელ თანამდებობაზე. არ ვარ დარწმუნებული, ჩემს კოლეგებს თუ ჰქონიათ მასთან გადაკვეთა. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მარტში მისიის პერიოდში – ჩვენ ვაპირებთ, დავსხდეთ ახალ პრემიერმინისტრთან ერთად – თუ, რა თქმა უნდა, მასაც ექნება ჩვენთან შეხვედრის სურვილი. გვინდა, მას ვკითხოთ – რას ფიქრობს ის საერთაშორისო სავალუტო ფონდზე? მისთვის ღირებულია თუ არა IMF–ის პროგრამა? არის თუ არა პრიორიტეტი, რომ პროგრამა სრულფასოვნად ამოქმედდეს? იქნებ, მოგვიანებით დამისვათ იგივე კითხვა. უკეთესი პასუხი მექნება.
მოვინიშნავ, აუცილებლად, რომ შემდეგ თვესაც შევხვდეთ ერთმანეთს ამ ფორმატში და გავისაუბროთ. დიდი მადლობა.