სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს, მარეგულირებლისგან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა მოჰყვა.
პოსტები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. სამივე მათგანი თანამდებობაზე ფორმალურად 21 ნოემბრამდე რჩება, რათა სებ-ის საბჭოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს.
სებ–ში განვითარებულ მოვლენებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი „ანალიტიკა“– ს და BMG-ის მეშვეობით გამოეხმაურა.
IMF–ი შეშფოთებულია საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილი პოლიტიკით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დაწესებული სანქციებისთვის განსხვავებულ მიდგომას აწესებს. ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, BMG-სთან წერილობით აცხადებს, რომ ამ საკითხს ფონდი აუცილებლად განიხილავს როგორც ეროვნულ ბანკთან ასევე კომერციულ ბანკებთან.
ფონდის პოზიცია სებ–ში განვითარებული მოვლენების შესახებ, ICC Georgia-ს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში შეაფასა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდს ძალიან მკაფიო პოზიცია ჰქონდა სებ–ში პირველი ვიცე–პრეზიდენტის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით – უთხრა ფადი ასლიმ „ანალიტიკა“–ს – ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი, მთავრობა მსგავს გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, რაც ორი დღის წინ მოვისმინეთ. ფონდს არ სურდა, საქმე აქამდე მისულიყო – მათ სურდათ, საქართველოს ეროვნული ბანკი ნამდვილად დამოუკიდებელი დარჩენილიყო იმისთვის, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის დამოუკიდებლობა ყოფილიყო შენარჩუნებული. როცა საფინანსო სექტორი სტაბილურია, ქვეყნის ეკონომიკაც სტაბილურია“.
საქართველოში ყველაზე მსხვილი უცხოური ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ „დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს დიდი გავლენა არ აქვს“. ფადი ასლის მიაჩნია, რომ მაქსიმუმი, რაც ფონდს შეუძლია, ეს საქართველოსთვის პროგრამის შეჩერებაა, რაც საქართველოს მთავრობისთვის დღეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. „მათ [მთავრობას] რეზერვების საკმაოდ მაღალი მოცულობა აქვთ – ამდენად, ეს [პროგრამის შეჩერება] ძლიერი ბერკეტი ვერ იქნება,“ – ამბობს „ანალიტიკა“–სთან ფადი ასლი.
"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,"- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის განცხადებაში, რომელიც მან წერილობით „ანალიტიკა“–ს და BMG-ის მიაწოდა.