„დღეს ეს [საგამონაკლისო წესის შემოღება] არ არის ტექნიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ – ასე ახსნა ICC Georgia-ს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობის დუმილი სებ–ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს, მარეგულირებლისგან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა მოჰყვა.
პოსტები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. სამივე მათგანი თანამდებობაზე ფორმალურად 21 ნოემბრამდე რჩება, რათა სებ-ის საბჭოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს.
სებ–ში განვითარებულ მოვლენებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი „ანალიტიკა“– ს და BMG-ის მეშვეობით გამოეხმაურა.
IMF–ი შეშფოთებულია საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილი პოლიტიკით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დაწესებული სანქციებისთვის განსხვავებულ მიდგომას აწესებს. ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი, BMG-სთან წერილობით აცხადებს, რომ ამ საკითხს ფონდი აუცილებლად განიხილავს როგორც ეროვნულ ბანკთან ასევე კომერციულ ბანკებთან.
"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,"- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის განცხადებაში, რომელიც მან წერილობით „ანალიტიკა“–ს და BMG-ის მიაწოდა.
2016 წელს, როცა საქართველოს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე მიდიოდა საუბარი, IMF-თან ერთად კიდევ სამი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი დადგა მტკიცედ პოზიციაზე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა: EBRD, ADB და მსოფლიო ბანკი. დღეს ისევე როგორც წელს, სებ–ში პირველი ვიცე–პრეზიდენტის პოსტის შემოღებისას, IMF-ის გარდა, არცერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ აკეთებს კომენტარს. ამ ეტაპზე ყველა მათგანს ერთი პასუხი აქვს – აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.
„ამ ორგანიზაციებს კომენტარის გასაკეთებლად ბევრი შეთანხმება სჭირდებათ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქციონერები სხვადასხვა ქვეყნები არიან – მათი თანხმობა, ანუ მათი ლიდერების თანხმობაა საჭირო. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, მე მგონია, რომ ხმას კიდევ კარგა ხანს არ ამოიღებენ. მათ განცხადებებამდე, თუკი ასეთი საერთოდ იქნება, შეიძლება ამერიკის მთავრობისგან და ევროკავშირისგან ქმედებების მომსწრე უფრო გავხდეთ. საქართველო ვერ შეძლებს, სებ–ის ამ გადაწყვეტილებით, შექმნას პრეცედენტი და ამერიკა ვერ შეძლებს ამ პრეცედენტზე თვალი დახუჭოს. საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის დიპლომატიურ ენას თუ არ მოისმენს, მტკივნეული ნაბიჯები იქნება – მათ შორის, სხვა ქვეყნების გასაფრთხილებლადაც: „ნუ შეეცდებით, ჭკუაში გვაჯობოთ“ – ამბობს ფადი ასლი „ანალიტიკა“ს–თან ინტერვიუში.