მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არაფრის გარკვევა აღარ სჭირდებათ“ – ფადი ასლი ინვესტორებსა და ელჩებზე

ICC საქართველო

„ორი–სამი წლის წინ, [ინვესტორებისგან] ბევრ კითხვას ვიღებდით. მაშინ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება პროევროპული იყო. საელჩოები დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობდა, საქართველოს ევროპულ გზაზე ტარებას, – უთხრა ICC Georgia-ს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ „ანალიტიკა“–ს – როცა ამ ნაწილში რაიმე გაურკვევლობა ჩნდებოდა, გვიკავშირდებოდნენ და კითხვებს გვისვამდნენ. მაგრამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ყველასთვის ძალიან ნათელი გახდა, რომ ეს რუსული მთავრობაა“.

დღეს მთავარი გაურკვევლობა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებამ შექმნა. ბრძანებას, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს, მარეგულირებლისგან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა მოჰყვა. პოსტები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. სამივე მათგანი თანამდებობაზე ფორმალურად 21 ნოემბრამდე რჩება, რათა სებ-ის საბჭოს ფუნქციონირება არ შეფერხდეს.

სებ–ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გერმანიის ელჩმა საქართველოში შემდეგი რამ დატვიტა: "ევროკავშირის 130-ე მუხლი ადგენს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპებს".

ფადი ასლის თქმით, კარგია, რომ ელჩმა ეს განცხადება გააკეთა. საქართველოში ყველაზე მსხვილი უცხოური ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეისმენს ელჩის მოწოდებას საქართველოს მთავრობა, მაინც მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ისაუბროს ამ თემებზე და გაუსვას ხაზი, უკეთესი მმართველობისთვის რა უნდა შეიცვალოს.

„მაგრამ როგორც ფრანგული გამონათქვამი ამბობს, არავინაა უფრო ყრუ, ვიდრე ადამიანი, რომელსაც მოსმენა არ სურს. მთავრობას არ უნდა მოსმენა. დღეს ისინი თვითგადარჩენის მოდუსში არიან. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, რადგან იციან, როგორც კი ძალაუფლებას დაკარგავენ, მათ უმრავლესობას ციხე ელის. ვინ გააკეთებდა ისეთ რამეს, რაც ნათია თურნავამ გააკეთა? წარმოუდგენელია. ეს მათი პანიკის მანიშნებელია,“ – ამბობს ფადი ასლი „ანალიტიკა“–სთან.

ICC Georgia-ს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დღეს ინვესტორებისთვის და ელჩებისთვის საქართველოს მთავრობის ყველა სიტყვა, რომ ევროკავშირის წევრობა უნდათ, მხოლოდ რიტორიკაა, „სადაც სიმართლის მარცვალი არ არსებობს. ამიტომ აღარავინ გვიკავშირდება. მათთვის მესიჯი ძალიან ნათელია. მათ არაფრის გარკვევა აღარ სჭირდებათ. მათაც გაიგეს, რომ ეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ძირი გამოუთხაროს,“ – ამბობს ფადი ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები