საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ფორუმის ფარგლებში დღეს ეროვნულმა ბანკმა ხაზინების ასოციაციასთან ერთად საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კონცეფცია წარადგინა. ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზარზე რისკის მართვის და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდით მეტად ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას.
ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის კონცეფციის ფარგლებში რამდენიმე ქართულ ბანკში თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურა ინერგება, რაც შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ. კერძოდ, საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი, ტერაბანკი და ბაზისბანკი სახაზინო ოპერაციებს Nasdaq Calypso-ს ბაზაზე განახორციელებენ, რომელიც სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს დაფარავს. ამან კი უფრო აქტიური და ლიკვიდური ფინანსური ბაზრის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოელის, რომ რისკის ჰეჯირების ინსტრუმენტების გაჩენამ ქართული ფინანსური ბაზარი მინიმუმ ხუთჯერ უნდა გაზარდოს.
„ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია დაკავშირებულია რისკებთან და ეს რისკები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მართული - უნდა გაიზომოს, უნდა გქონდეს ლიმიტები და უნდა არსებობდეს მისი რისკების ტრანსფორმაციის საშუალება. ფინანსებში ტექნოლოგიების გარეშე ეს შეუძლებელია და ზუსტად Nasdaq Calypso-ს სისტემა მისცემს ბანკებს საშუალებას, რომ დიდი მოცულობის რისკები მართონ ისე, რომ მათი ბიზნესი იყოს დაცული. ისე, რომ კლიენტებს მეტად შეღავათიან ფასებში მოემსახურონ ჰეჯირების ინსტრუმენტებით და ასევე მოახდინონ გადაზღვევა შესაბამისი ფინანსური რისკების.
ჩვენი ფინანსური ბაზრები მზარდი ტემპით გამოირჩევა, მით უმეტეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის ექსპონენციალური ზრდა და ზუსტად ეს არის მიზანი, რომ ხელი შევუწყოთ ამ ზრდას ტექნოლოგიებით, რეგულაციებით, საერთაშორისო პარტნიორების მოწვევით საქართველოში და ურთიერთობების დამყარებით და კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეს ტემპები.
თუ დღეს ბაზრის მოცულობა არის რამდენიმე ათეული მილიარდი ლარი, ჩვენ გვინდა, რომ ეს ციფრი გახუთმაგდეს და გაათმაგდეს სამ-ოთხ წელიწადში.
ჩვენ სამიზნედ ვიღებთ დაახლოებით 2030 წელს — ეს მრგვალი ციფრია და გვინდა, რომ მაგ პერიოდისთვის გქონდეს მნიშვნელოვანი მიღწევები, თუმცა ეს არის ყოველდღიური, დაუღალავი შრომა და ახალი და ახალი რეფორმებია საჭირო”,-აცხადებს ალექსანდრე ხაზარაძე, ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი.
ხაზინების ასოციაციის ინფორმაციით, სახაზინო პლატფორმის დანერგვის პროექტი 2-წლიანია და მასში ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ბანკი მონაწილეობს, თუმცა პროექტი სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას და ახალი მონაწილე ბანკების დამატების შესაძლებლობას მოიაზრებს.
























